საქართველოს ისტორიული ქალაქები ლოგო

ახალციხე

ქალაქი ახალციხე სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია და მას მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ის ზღვის დონიდან 1000 მ-ზე, მდინარე ფოცხოვის ნაპირებზეა  გაშენებული, თურქეთისა და სასომხეთისკენ მიმავალ სატრანსპორტო ხაზზე მდებარეობს და მათი მოსაზღვრე ქალაქია. ახალციხის მოსახლეობა 2014 წლის მონაცემებით 17 903 ადამიანს შეადგენს, აქედან 57% ქართველი, 43% სომეხი და 1% სხვა ეროვნების წარმომადგენელია. 

ქალაქის ახალი უბანი, მდ. ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე ძირითადად მე-19 საუკუნის II ნახევარში გაშენდა. შენობების დიდი ნაწილი ერთ სართულიანია და თითქმის ერთი გეგმარებითი სტრუქტურა აქვთ. მე-20 საუკუნეში აშენებული შენობები ორ და მეტ სართულიანია და გეგმარებაც განსხვავებული აქვთ, რომელთა ნაწილიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს. ქალაქის არქიტექტურა ასახავს მის ისტორიულ წარსულს: შემორჩენილია ორი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რემოდენიმე ოსმალური ნაგებობა და რუსეთის იმპერიის სამხედრო ინფრასტრუქტურა.

ქალაქის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მიუხედავად მისი ეკონომიკა საკმაოდ განუვითარებელია, მის ძირითად დარგებს ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, დასაქმების ძირითადი წყაროები კი მცირე კერძო ბიზნესი, საჯარო სამსახური და ქალაქში მდებარე სამხედრო ბაზაა. ახალციხის მუნიციპალიტეტში დღეისათვის, ძირითადად განვითარებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე წარმოება, მათ შორის რძისა და ხორცის გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე პურ-ფუნთუშეულის საცხობები.

ქალაქი კარგად არის დაკავშირებული არტერიულ მაგისტრალებთან.  ტრანსპორტის ძირითადი სახეობებია რკინიგზა, რომელიც აშენდა მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, ავტობუსი და სამარშუტო ტაქსი.

ქალაქის ტექნიკური ინფრასტრუქტურა საჭიროებს რეაბილიტაციას.  გარკვეული სამუშაოები ფინანსდება მუნიციპალური და რეგიონული განვთარების ფონდებიდან. უკანასკნელ წლებში ახალციხე კვლავ აქტუალური გახდა მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთთან დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე. მიმდინარეობს საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა.

ახალციხის მომავალი განვითარების პერსპექტივას ხელს უწყობს უნიკალური ურბანული მემკვიდრეობა, ეროვნული მუზეუმის შემადგენელი  მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლებთან სიახლოვე, როგორიცაა ვარძია, საფარა და ა.შ. ასევე, ძირითად ტურისტულ მარშრუტებთან სიახლოვე, აჭარასთან დამაკავშირებელი გზისა და ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა.

ახალციხე ამ სახელით პირველად მე-12 საუკუნის ისტორიულ წყაროებში იხსენიება. მანამდე იგი ლომსიად იწოდებოდა. ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომსია, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით. ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი: მოღნისი, ზემო მარდა, ქვემო მარდა, ურია მარდა, ხვანა და მარდა, ასევე ქვემო ლაშიხევი. მე-8–16 საუკუნეებში ქალაქი სამცხის ათაბაგების -ჯაყელების საგვარეულო საკუთრებას წარმოადგენდა, ჯაყელებმა მე-12 საუკუნეში და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.

1578 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა. ახალციხის წინააღმდეგ გალაშქრება რუსეთმა ჯერ კიდევ 1810 წელს სცადა. მაგრამ მაშინ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა, რადგან  ქალაქში გავრცელებული ეპიდემიის გამო შეშინებული ჯარი მოშორდა ქალაქს. 1829 წელს ადრიაპოლისის ზავით ახალციხე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. თურქეთმა რუსეთს გადასცა ახალციხის საფაშოს ნაწილი. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს, ქალაქი განვითარდა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული მარდიების დასახლებები. ქალაქმა შეიფარა თურქეთიდან ლტოლვილი სომხური მოსახლეობა. 1840 წელს ახალციხეს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.


ახალციხე დატანილია 1780 წელს ჟენევაში გამოქვეყნებულ რიგობერტ ბონის რუკაზე, ხოლო ფრანგი კონსულის ადრიენ დუპრეს მონაცემები ახალციხის მოსახლეობის შესახებ გამოყენებული აქვს ფრანგ მოგზაურს, კომერსანტს, საფრანგეთის პირველ კონსულს თბილისში, ჟაკ ფრანსუა გამბას თავის თხზულებაში „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ რომლის მიხედვითაც 1820 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 40 000 სულს, მათ შორის კი იყო 500 კათოლიკური ოჯახი.

ახალციხის ისტორიული წყაროებიდან საგულისხმოა ვახუშტი ბატონიშვილის მე-18 საუკუნის ცნობები, რაფიელ დანიბეგაშვილის 1795 წლის ცნობები და შვეიცარელი მოგზაურის მონპერეს ცნობები, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის როგორც ქალაქის გეოგრაფიულ მახასიათებლებზე, ასევე მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე, მოგზაური ასე აღწერს მე-19 საუკუნის 30იანი წლების ვითარებას და ქალქის მაშინდელი აღდგენის გეგმას: „შემდეგ შეიქმნა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი უნდა გადაეტანათ ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე. აქ გამოუყვეს მიწები სომხებს, რომლებიც მორბოდნენ ყარსიდან და არზრუმიდან. როდესაც მე იქ ჩამოვედი 1833 წელს, ვრცელი რაიონი უკვე შექმნილი და მოწყობილი იყო. მაგრამ ძველი ქალაქის მცხოვრებლებს ვერ გადაეწყვიტათ მისი მიტოვება. ახალი ქალაქის მაცხოვრებლები კი ჩიოდნენ, რომ მათ დააარსეს ახალი ბაზარი, საცხოვრებელი ბინები, ქარვასლა და იქიდან ვერ იღებდნენ ვერავითარ სარგებელს. ამგვარი იყო საჩივრები, რომლებსაც ვისმენდი ჩემი იქ ყოფნის დროს. ყველაზე უკმაყოფილონი იყვნენ ის ახალმოსული სომხები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ახალციხეში ოქროს გორებს იშოვიდნენ. ეს ქალაქი თურქების დროს აწარმოებდა საკმაოდ მნიშვნელოვან ვაჭრობას. საფაშოს მთავარ ქალაქში განვითარებული იყო მრეწველობა. მას კავშირი ჰქონდა ყარსთან და არზრუმთან. ამასთანავე ახალციხე იყო მონათა მნიშვნელოვანი ბაზარი. იგი ხელმისაწვდომი იყო ლეკებისთვის, რომლებიც არა მარტო მსახურობდნენ ფაშათა დროშის ქვეშ, არამედ იყენებდნენ ყველა შესაძლებელ შემთხვევას, რათა მოეტაცებინათ ქართველები, რომლებიც მათ ადვილად გადაჰყავდათ თურქთა საზღვრებზე. ... თუმცა რუსებმა იმდენი დაბრკოლება შეუქმნეს, რომ მალე ახალციხე აღარ იქნება მონათა ბაზარი.“ თუმცა, მისივე ცნობებით ახალმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ქალაქის სტრატეგიის მნიშვნელობაზე უარყოფითად იმოქმედა „თავისი ჩართვით რუსეთის საბაჟოების რანგში, ამ ქალაქმა ახალი დანაკარგი განიცადა, იგი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული და თითქოს კუთხეში მიგდებული იმის შემდეგ, რაც ჩამოერთვა ყოველგვარი უფლება ანატოლიის მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობისა. ამასთანავე, ის არ მდებარეობს არც ერთ ბუნებრივ დიდ სავაჭრო გზაზე. ახალციხესთან ყველაზე ახლოს მდებარე ბათუმის პორტი მისგან მოშორებულია მთების მაღალი ჯაჭვით. ამგვარად, ახალციხემ მნიშვნელობა დაკარგა. ქართველი და თურქი მუსლიმი მოსახლეობა გაიქცა ქალაქის აღების დროს. ახალციხის „სანჯაყი“ შეიცავდა 5 000 განსხვავებულს და დაახლოებით 40 000 ორივე სქესის მცხოვრებს.“

საბჭოთა ეპოქაში, თურქეთთან საზღვრის გადაკეტვამ ქალაქი იზოლაციაში მოაქცია და ხელოვნურად მოხდა მისი გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური პოტენციალის ბლოკირება, რამაც საერთო ჯამში ქალაქის განვითარება შეაფერხა.

 ახალციხის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თურქეთთან საზღვრის გახსნამ და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობამ, რამაც რეგიონში BP-ის მხსვილი ინვესტიცია განაპირობა.

ქალაქ ახალციხის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები ჯერჯერობით არ არის დადგენილი. 

ახალციხის უმნიშვნელოვანეს ურბანულ მემკვიდრეობას წარმოადგენს ახალციხის ციხე და ე.წ. ქვემო ციხე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული და უცხოური კულტურების გავლენით ყალიბდებოდა.  ახალციხის ციხე მდ. ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და დომინირებს ქალაქის ურბანულ სივრცეში.  ციხის კომპლექსი რამოდენიმე ნაგებობისაგან შედგება, მათ შორის უძველესია ჯაყელების ციხე–კოშკი, რომელიც აღმართულია კომპლექსის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, ტერიტორიის ყველაზე მაღალ ადგილზე. კოშკის არქიტექტურიდან მეტ–ნაკლებად სრული სახითაა წარმოდგენილი ჰარამხანა და დილეგი, რომელიც თურქების ბატონობის დროინდელი, მე16 საუკუნის შემდგომი ნაგებობებია. გალავნის ცალკეული ნაშთები ასევე შეიძლება შემორჩენილი იყოს ადრეული პერიოდებიდან. ციხის კარიბჭე და გალავნები მიეკუთვნება განვთარებულ შუა საუკუნეებს. გალავნები, ისევე როგორც მთლიანად კომპლექსის არქიტექტურა მრავალი სამშენებლო შრისგან შედგება, ამიტომ მათი ზუსტი დათარიღება ძნელია.

ციხის ტერიტორიაზე არსებული მეჩეთი მე-18 საუკენით თარიღდება. იგი გეგმით კვადრატული ფორმის გუმბათოვანი ნაგებობაა. მის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ჩადგმულია ოთხკუთხა მინარეთი ზედა რვაკუთხა ფანჩატურითა და გუმბათიანი გადახურვით. ნაგებობის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ღია ნაცრისფერი ქვიშაქვა და აგური. 1828 წელს მეჩეთი ეკლესიად გადააკეთეს და აღმოსავლეთის მხრიდან საკურთხეველი მიაშენეს, მინარეთი კი სამრეკლოდ გადააკეთეს.

ციხის კომპლექსში შედის მედრესეს ორსართულიანი შენობა. იგი გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. შენობა გალავნის კედელთან უშუალოდაა მიბჯენილი, მის გარე კედლებსა და გალავანს შორის სივრცე ამოვსებულია ყორე-ქვის წყობით. ამის გამო პირველი სართულის უკანა კედლები ყრუა. ეზოს ფასადის მთელს სიგრძეზე ორივე სართულზე თაღებით გახსნილი აივანია მოწყობილი. გეგმით მრგვალი სვეტები ერთ მთლიან ქვაშია გამოთლილი და შემკულია სტილიზებული ფოთლოვანი ნახატის მქონე კაპიტელებით. შენობის გარე კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვიშაქვით, ინტერიერები შელესილია გაჯით, გადახურვები კი ყველგან აგურითაა მოწყობილი. მზიდი კონსტრუქციები ავთენტური სახითაა შემონახული, ამასთან, აივნების თაღები და საბჯენი თაღები გამაგრებულია ლითონის სალტეებითა და კოჭებით.

ციხის განაპირას მდებარე კოშკი გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, რომლის გეგმაში ცოკოლის კვადრატი გადადის რვაკუთხედში და გუმბათითაა გადახურული. მისი განაპირა მდებარეობის გამო კოშკი შეიძლება საყარაულო-სათვალთვალო ნაგებობად მივიჩნიოთ.

ციხის მეორე სარტყლის შიგნით, ციტადელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე მცირე ზომის დარბაზული ეკლესია განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი დამრეც რელიეფზეა განლაგებული. მისი ჩრდილოეთ ფასადი მთლიანად მიწაშია ჩაფლული. მიწითა და მცენარეულობითაა დაფარული ორფერდა სახურავიც. შედარებუთ სრული სახითაა შემორჩენილია სამხრეთის და აღმოსავლეთის ფასადზე პროფილირებული კარნიზები.

აღსანიშნავია ციხესიმაგრის წყალმომარაგების სისტემა, რომლის მთავარ ნაწილსაც ორ კლდეს შორის ორ იარუსიანი აკვედუკი წარმოადგენს, რომელიც ასევე  ხიდის ფუნქციასაც ასრულებს. შენობა ოსმანურ პედიოდს განეკუთვნება და მთლიანად ქვითაა ნაგები.

ქვედა ქალაქში არსებობს მეორე ციხესიმაგრეც, რომელსაც ქვედა ქალაქის თავდაცვითი ფუნქცია ეკისრა, ციხის პერიმეტრი ამჟამად მთლიანად დაფარულია სახლებით. ქალაქში ასევე არსებობს ძველი აბანოების ნაშთებიც, რომლებიც ასევე გვიან შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. ახალციხეში შემორჩენილია სხვადასხვა კონფესიების ტაძრები: სინაგოგა, მართლმადიდებლური და სომხური ეკლესიები. აქვეა ებრაული სასაფლაოც.

რეაბილიტაციამდე რაბათის ტერიტორიაზე მრავლად იყო რუსეთის იმპერიის ჯარის მიერ ციხის დაკავების შემდგომ, მე-19 ს-ში  აგებული სხვადასხვა ფუნქციის შენობები, რომელთა დიდი ნაწილი ქვედა ციხეში იყო თავმოყრილი. ჩვენამდე ახალციხის რაბათმა დანაკარგებით მოაღწია. მე-20 ს-ის 80-იან წლებში, ძეგლთა დაცვის სამმართველო აქ, ზედა ციხის ცალკეულ ნაწილებზე და მის ტერიტორიაზე განლაგებულ მეჩეთსა და მედრესეზე გარკვეული შუალედებით ატარებდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. ქვედა ციხის ტერიტორიაზე მე-20 ს-ის ბოლომდე რჩებოდა სამხედრო ნაწილი და შესვლა შეზღუდული იყო, რის გამოც აქ განლაგებული ნაგებობების შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობდა. ამას დაემატა ტერიტორიის პირწმინდად გასუფთავება მე-19 ს-ის სამშენებლო პერიოდისგან, სადაც, სავარაუდოდ, ჰოსპიტლის, ყაზარმებისა და სხვა დანიშნულების ნაგებობებს შორის იქნებოდა არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულების მქონე ნაგებობები, რომელთა განადგურება შეფასებისა და ინვენტარიზაციის გარეშე მოხდა.

საერთო ჯამში, ახალციხის ურბანული მემკვიდრეობა ყველაზე უკეთ აჩვენებს, ბიზანტიის დაცემის შემდგომ, ამ რეგიონში განხორციელებულ კულტურულ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ ცვლილებებს.

ახალციხის არქიტექტურულ მემკვიდრეობას გააჩნია ეროვნული მნიშვნელობა და მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი. ქალაქის ურბანული მემკვიდრეობა საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას. ქალაქში აღნუსხული ძეგლები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია ,,ამირანის–გორა”-ს სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები.ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისი – ლომსია, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით.

ბაქო-თბლისი-ჯეიჰანის პროექტის ფარგლებში განხოციელებული მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილი 800-მდე უნიკალური ექსპონატი კი 2009 წელს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში გამოიფინა. 

ქალაქ ახალციხეში არსებული ბაღების, პარკებისა და სარეკრეაციო სივრცეების ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქ ახალციხეში არსებულ ინდუსტრიულ მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ახალციხის არამატერიალური მემკვიდრეობა ისეთივე მდიდარია, როგორც მისი მულტიკულტურული და მულტინაციონალური მოსახლეობა. ახალციხეში ხელოსნობის ტრადიციული დარგები მაღალ დონეზეა განვითარებული. ასევე, რაიონის სოფლებში ფართოდაა გავრცელებული მეფუტკრეობა.

მესხური ყველი „ტენილი“-ის დამზადების ტექნოლოგია საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, ყველის ეს სახეობა მესხური ტრადიციული საკვებია, რომლის დასამზადებლად ნატურალური რძე, ბუნებრივი დედო და მარილი გამოიყენება. ყველი ვიზუალურად ჩეჩილ ძაფს წააგავს, ადგილობრივი მოსახლეობა დღესასწაულებზე და სტუმრიანობისას ტენილ ყველს აუცილებელ შემადგენლად მოიაზრებს.

 სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი განთავსებულია ე.წ. “რაბათის” ტერიტორიაზე და მასში დაცულია რეგიონის კულტურულიმემკვიდრეობის  მნიშვნელოვანი ნაწილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები,  არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური,ეთნოგრაფიული მასალა,  ფოტოდოკუმენტები,  ელნაწერ და ძველნაბეჭდწიგნთა ფონდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ქართული ლაპიდარულიწარწერების ნიმუშები,  ასევე მე-19-20 სს-ების მიჯნის ხალიჩა-ფარდაგებისუნიკალური კოლექცია.

სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის სიმძლავრემ ჯერ კიდევ მე-19 ს-ის 80-იან წლებში დააინტერესა ცნობილი მოძღვარი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე ე.წ. „ვინმე მესხი“, რომელმაც მისივე შეგროვილი ექსპონატებით მოაწყო საოჯახო მუზეუმი. ივანე გვარამაძის საოჯახო მუზეუმი ათწლეულების განმავლობაში შეუდარებელ სამსახურს უწევდა როგორც ქართველ მეცნიერებსა და მკვლევარებს, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სწავლულებსა და მოგზაურებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ივანე გვარამაძის საოჯახო მუზეუმისა და გაუქმებულ ეკლესია-მონასტრებში შეკრებილი მასალები დაედო საფუძვლად 1921 წელს ახალციხეში სამაზრო მუზეუმის დაარსებას. შენობის არ არსებობის გამო აღნიშნული მუზეუმი 1924 წელს გაუქმდა და ექსპონატები ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა. 1937 წელს ივ. გვარამაძის ვაჟის, კონსტანტინე გვარამაძის უამრავი მცდელობის შემდეგ, სამაზრო მუზეუმის ბაზაზე ქ. ახალციხეში კვლავ გაიხსნა მუზეუმი, მხარეთმცოდნეობის პროფილით. 1972 წლიდან მუზეუმი ე. წ. „რაბათში“, ზედა ციხის ტერიტორიაზე, ორ შენობაში განთავსდა, მუზეუმში დაცული არაჩვეულებრივი ექსპონატები თერთმეტ საგამოფენო დარბაზში არის განაწილებული.

ახალციხის მუზეუმში დაცულია უნიკალური ხელნაწერები და ძველნაბეჭდი წიგნები. მე11-15 სს ეტრატები, მე16 ს-ის ხელნაწერის ფრაგმენტები „ვეფხისტყაოსანიდან“, 1477 წელს იტალიაში დაბეჭდილი „საქრისტიანო მოძღვრება“, 1626 წელს გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი, 1709 წელს ვახტანგ VI-ს სტამბაში ნაბეჭდი ფსალმუნები და ა.შ. მუზეუმის ფონდებში ასევე დაცულია ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები.  მუზეუმის კოლექციათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ნუმიზმატიკის ფონდი, სადაც ბოლო ინახება მრავალი უნიკალური მონეტა, რომლებიც მესხეთის პოლიტიკური ისტორიის სხვადასხვა მხარეს და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ასახავენ.

აღსანიშნავია მუზეუმში დაცული ფოტოდოკუმენტაციები და სამუზეუმო არქივი, ასევე სტამბოლის ქართველთა სავანის საქმიანობის ამსახველი ექსპონატები.

ქალაქში არის დრამატული და თოჯინების თეატრები, მუზეუმი, უნივერსტეტი, სამხატვრო და მუსიკალური სკოლები, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.

ახალციხის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც ასევე მესხეთის თეატრის სახელითაა ცნობილი, სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი კულტურის კერაა, რომელიც რეგიონის მულტიკულტურულ მოსახლეობას ემსახურება. ახალციხის თეატრალური დასი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღი და 30 საჯარო სკოლაა, რომლებიც აქტიურად ზრუნავენ მომავალი თაობის განვითარებასა და განათლებაზე.

ახალციხის უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და რეგიონში ერთადერთი აკრედიტებული და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ფუნქციონირებს 5 ფაკულტეტი: სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის, იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის ფაკულტეტები, სულ 35 სპეციალობით. ამჟამად უნივერსიტეტში 944 სტუდენტი სწავლობს.

საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების თანადგომით, ახალციხეში ასევე ფუნქციონირებს ტექნიკურად აღჭურვილი უცხო ენათა კაბინეტები, როგორიცაა გერმანული, ფრანგული, თურქული და სომხური ენისა და ლიტერატურის კაბინეტები. 2004 წელს ამერიკის საელჩოს თანადგომით გაიხსნა ამერიკანისტიკის კაბინეტი, რომელიც ემსახურება ინსტიტუტის სტუდენტებს მდიდარი ბიბლიოთეკითა და აპარატურით, ასევე სხვადასხვა პროგრამებით.

მნიშვნელოვანია ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი, რომელიც 2007 წელს შეიქმნა ახალციხის    პროფესიული ლიცეუმისა და ვალეს პროფესიული სასწავლებლის        გაერთიანების შედეგად. ამჟამად ცენტრს გააჩნია 3 სახელოსნო: ავეჯის მხატვრული დამუშავების, ელექტრო-აირშემდუღებლისა და ავტომობილის შემკეთებელ-ზეინკლის. სასწავლებელში ასევე ფუნქციონირებენ ელექტრო-მემონტაჟის, ფერმერის, მომპირკეთებელი მეფილის, სანტექნიკოსის, ავტომობილის შემკეთებლის, ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების, სამკურნალო მცენარეების მოყვანისა და გადამუშავების ოსტატის, მეხალიჩის, მეფუტკრეობისა და კომპიუტერული სწავლების ლაბორატორიები. 

სიახლეები

არქივი