საქართველოს ისტორიული ქალაქები ლოგო

ბორჯომი

ქალაქი ბორჯომი მდებარეობს ვიწრო ხეობაში მდ. მტკვრის ნაპირებზე. იგი პატარა ქალაქია, რომლის ეკონომიკური სტაბილურობა დამოკიდებულია ტურიზმზე და ბორჯომის ცნობილ მინერალურ წყალზე. ქალაქის ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება. ამ პერიოდიდან შემორჩა ორი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე. მიუხედავად ამისა ქალაქის ძირითადი კულტურული მემკვიდრეობა მე-19 და მე-20 საუკუნეებს მიეკუთვნება, როდესაც ის განვითარდა, როგორც რუსეთის სამეფო ოჯახის ფავორიტი ელიტური კურორტი. ქალაქის გენერალური გეგმა მე-19 საუკუნის ბოლოს, პრინცი რომანოვის ბრძანებით შემუშავდა, რამაც შესაძლებელი გახადა ქალაქის ქაოტური განვითარების რეგულირება. განვითარების პიკს ქალაქმა 1980 წელს მიაღწია, როდესაც მისი 15 სანატორიუმი 80 000 ვიზიტორს მასპინძლობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბორჯომის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდა. ამჟამად უმეტეს სანატორიუმში იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

ქ. ბორჯომი გაშენებულია ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრისა და მისი შენაკადების – ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 800 – 900 მეტრის სიმაღლეზე. ვიწრო ხეობამ განაპირობა ქალაქის განვითარება მდინარეების გასწვრივ, სანაპიროებზე და მთის პლატოებზე. ბორჯომს არ გააჩნია ჩვეულებრივი ქალაქისთვის დამახასიათებელი ერთიანი სივრცე, არამედ ის წარმოადგენს რთული რელიეფური პირობების გამო ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებული უბნების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან სანაპირო გზის მეშვეობით.  ბორჯომის როგორც კურორტის ჩამოყალიბება განაპირობა უნიკალურმა ბუნებრივმა და კლიმატურმა გარემომ. ქალაქს გარს აკრავს პირველადი ტყის მასივები რომლებიც დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ პარკში არიან ინტეგრირებული. ქალაქის ფუნქციის ძირითადი გამნსაზღვრელია უხვი მინერალური წყაროები, რომლთაგან გამორჩეულია ბორჯომის წყარო, თუმცა ბორჯომში ასევე მოიპოვება გოგირდოვანი თერმული წყაროებიც, რომლებიც აბაზანების მისაღებად გამოიყენება.

მოსახლეობის 43% დასაქმებულია სხვადასხვა სერვისებსა და ბიზნესში. ქალაქი კარგად არის დაკავშირებული არტერიულ მაგისტრალებთან.  ტრანსპორტის ძირითადი სახეობებია ავტობუსი და სამარშუტო ტაქსი. ქალაქში მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და რკინიგზის სადგური.

ბორჯომის თანამედროვე განვითარების პერსპექტივას ხელს უწყობს მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობა, მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები რომელთა სახელებიც ქალაქ ბორჯომთანაა დაკავშირებული, მდიდარი მუზეუმი, ლამაზი ბუნება, ნაციონალურ პარკთან სიახლოვე, ზამთრის კურორტ ბაკურიანთან სიახლოვე, ტბა ტაბაწყურთან სიახლოვე, პოსტ-საბჭოთა სივრცეში მაღალი ცნობადობა, ნაციონალურ დონეზე მაღალი ცნობადობა და ავტორიტეტი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გამორჩეული კლიმატი და კურორტის არასეზონური ხასიათი.

სახელწოდება "ბორჯომის ხეობა" პირველად 1819 წლის საბუთებში გვხვდება, ხოლო მანამდე მას სადგერის ხეობა ეწოდებოდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილი  ადამიანი ბინადრობდა. მე-2-4 საუკუნეებში აქ თორის საერისთავო დაარსდა, რომელსაც მე15 საუკუნემდე თორის მხარე ეწოდებოდა. მე-15  საუკუნეში აქ ავალიშვილთა სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა და ბორჯომი თავად ავალიშვილების საკუთრებაში იმყოფებოდა, მათვე ეკუთვნოდათ ბორჯომში დღემდე არსებული ციხეების ნაშთები, როგორიცაა გოგიას ციხე და პეტრეს ციხე. ამ დროისათვის დღევანდელი ბორჯომის ტერიტორიაზე რამოდენიმე სოფელს უარსებია, რომელთა სახელებიც დღევანდელი ბორჯომის უბნებმა შემოინახა. ესენია: ნუა, ჭალა, ეშმაკთუბანი და ფაფა. ამავე საუკუნის ბოლოს ბორჯომის ხეობა სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლეობის ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი ზემო ქართლსა და იმერეთს შეეხიზნა. 

მე-19 საუკუნიდან იწყება ბორჯომის, როგორც ელიტარული საკურორტო ქალაქის განაშენინება, სადაც ბინა დაიდეს მეფისნაცვალმა ვორონცოვმა და თვით რუსეთის იმპერატორმა თუ საიმპერატორო ოჯახის სხვა წარმომადგენლებმა. 1825 წელს რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბორჯომის წყალი, რომელმაც მალე მთელს იმპერიაში გაითქვა სახელი. ქალაქი ბალნეოლოგიურ კურორტად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად გადაიქცა. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. 1877 წელს ბორჯომმა შეიძინა ქალაქის სტატუსი და მალევე თავად რომანოვის დავალებით შემუშავდა ქალაქგეგმარების პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტიქიური განაშენიანების მოწესრიგება. მდინარეზე მოეწყო ადრეული ინდუსტრიული არქიტექტურისათვის დამახასიატებელი ლითონის ხიდები. 1870 წლისათვის ბორჯომში უკვე ხუთი პარკი არსებობდა დამსვენებელთათვის. 1899 წელს ბორჯომში აშენდა მთელს რუსეთის იმპერიაში რიგით მესამე (ცარსკოე სელოსა და ახალი ათონის შემდგომ) ჰიდროელექტრო სადგური. 1902 წელს გაიხსნა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა ბორჯომსა და ბაკურიანს შორის. ქალაქმა თავისი განვითარების პიკს მიაღწია 1980 წელს, როცა იმ ხანად იქ მდებარე 15 სანატორიუმში 4195 ადგილი იყო და ტურისტების წლიურმა რაოდენობამ 80 000 გადააჭარბა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომმა მოვლენებმა ქალაქს მძიმე კვალი დაატყო, სანატორიუმებში შეასახლეს კონფლიქტის რეგიონებიდან ლტოლვილი მოსახლეობა, რამაც კურორტის კვდომა გამოიწვია.

ქალაქ ბორჯომის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

ბორჯომის დღემდე შემორჩენილი მატერიალური კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია არქიტექტურული ძეგლები, როგორიცაა: ქართული შუასაუკუნეების თავდაცვითი ნაგეგობები გოგიას ციხე და პეტრეს ციხე.

ბორჯომის მე-19 საუკუნის არქიტექტურისათვის დამახასიათებელია, ეკლეკტიკა. ევროპული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ქვის ან ნაძერწი ფასადები რომლმებსაც ჰარმონიულად ერწყმის ხის აივნები, რომლებიც საერთო ჯამში ცენტრალური ევროპის კურორტებისათვის დამახასიათებელ იერს ატარებს.

ქალაქის განაშენიანებაში გამოირჩევა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის არქიტექტურული ძეგლები, რომელთაგან გამორჩეულია ლიკანის სასახლე, რომელიც ნეორენესანსის სტილშია გადაწყვეტილი და ტოსკანური ვილის ელემენტებს შეიცავს. ფასადის ნიშები, ფრონტონები და კარნიზები უხვადაა მორთული მარმარილოს ქანდაკებებით, რომლებიც კლასიკური ქანდაკებების ასლებს წარმოადგენენ. ასევე მნიშვნელოვანია სასახლის ბაღი, რომელიც ეგრეთწოდებული ლანდშაფტური ტიპისაა, გარემოპირობებთან ჰარმონიულად შერწყმული ტოვებს ბუნებრიობის შთაბეჭდილებას, თუმცა ბაღი საკმაო სიზუსტითაა დაგეგმარებული, სასახლე და პეტრეს ციხე ერთ ღერძზე მდებარეობენ. ბაღი მდიდრულადაა დეკორირებული მარმარილოს სხვადასხვა ფიგურებით (ქართული სურები ყვავილების დეკორით, სკამი ვაზის დეკორით, ქანდაკებები).

ბორჯომპარკის შესასვლელს ამშვენებს ეგრეთწოდებული შუშის სახლი. ამ სახლს განსაკუთრებულობას მისი ხის აივანი ანიჭებს. აივნის დეკორი მთლიანად აღმოსავლურია და ხეზე კვეთის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ბორჯომში. განსაკუთრებით საინტერესოა აივნის შიდა სივრცის მორთულობა, სადაც გამოყენებულია ირანული ინტერიერისათვის დამახასიათებელი, დეკორი, ბროლის სარკეებისაგან მოზაიკურად აწყობილი გეომეტრიული ფიგურები, ფერწერული მცენარეული დეკორი ნალესობებზე და კერამიკის მედალიონები პორტრეტული გამოსახულებებით, რომლებიც ენათესავებიან გვიან ყაჯრულ პორტრეტულ მხატვრობას, რომელიც მაშინდელ საქართველოში ფართო პოპულარობით სარგებლობდა.

ქალაქის მშვენებას წარმოადგენს ყოფილი ყაზარმის შენობა, რომელიც ფსევდოგოთიკურ სტილშია გადაწყვეტილი. დეკორი მინიმალისტური და მკაცრია, შენობა მოყვითალო ფერის ქვიშაქვითაა აგებული და ინგლისურ გოთიკურ ციხესიმაგრეებთან ამჟღავნებს სტილისტურ სიახლოვეს.

ქალაქმშენებლობის ძეგლებია: 9 აპრილის ქუჩის, გრ. რობაქიძისა და მ. კოსტავას ქუჩის განაშენიანება.

ბორჯომის ძეგლების დიდი ნაწილი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებს განეკუთვნება. მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლები სავალალო მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო გადაუდებელ ჩარევას საჭიროებენ. 2005 წელში განხორციელდა რკინისგზის სადგურისა და ბორჯომპარკის რეაბილიტაცია, ბორჯომის ძეგლები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობა იძლევა საშუალებას ბორჯომი გადაიქცეს საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტად. მისი ისტროიული წარსული და პიროვნებების სახელები რომლებსაც ამ ქალაქში დაუსვენიათ, ქალაქს ანიჭებს უპირატესობას მსოფლიოს იგივე პროფილის საუკეთესო კურორტებთან კონკურენციაში.  

ბორჯომის ხეობაში მიწისქვეშა მატერიალური და კულტურული ძეგლების დაზვერვა, მოძიება და შესწავლა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 1911 წელს, არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ექვთიმე თაყაიშვილმა და ბორჯომის მამულის მმართველმა პავლე ვინოგრადოვ-ნიკიტინმა სოფელ რველში, სადაც პატარა მდინარე ბანისხევი მდინარე მტკვარს ერთვის, არქეოლოგიური გათხრები აწარმოეს. სამარხებში აღმოჩენილი ნივთები ძველი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნით თარიღდება. ბორჯომის რაიონში მრავალი არქეოლოგიური გათხრა განხორციელდა, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა უზნარიანისციხე, სადაც აღმოჩენილი იქნა ქვის საცხოვრებელი სახლის ნაშთები, თიხის ღუმელები, თიხის ემალირებული ჭურჭელი - ჩიტის და სხვა ფრინველთა გამოსახულებათა ფორმის მინის სამაჯურები და სხვა, რომლებიც მე-13-14 საუკუნეებს მიეკუთვნებოდა. აგრეთვე, აღმოჩენილი იქნა ობსიდიანის მკვრივი ნატეხები, რითაც დასტურდება ნეოლითური სახელოსნოს არსებობა ასევე ეკატერინეს წყარო სადაც 1912-1913 წლებში ნაპოვნია 7 პირველყოფილი აბაზანის ნაშთი, რომლებიც შედგება მცირე აუზებისაგან და აშენებულია უხეშად თლილი ქვებისაგან. აბაზანები სავარაუდოდ აგებულია ათასი წლის წინ ან ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში.

 ბორჯომის ტერიტორიაზე სპილენძისა და ბრინჯაოს ადგილობრივ დამუშავებაზე მიანიშნებს ტაბაწყურის ტბის მახლობლად დიდი რაოდენობით აღმოჩენილი ბრინჯაოს წიდა 112 კილოგრამის ოდენობით.

 “თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის” 1768 კილომეტრიანი სიგრძის  მილსადენის მშენებლობის პერიოდში არქეოლოგიური უბნებისა და ძეგლების დაცვის მონიტორინგის პროგრამით გამოვლინდა 250 და შესწავლილი იქნა 70 მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილი უბნები და საგნები თარიღდება პალეოლითის ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე. არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქეოლოგები, კოდიანზე წინა სამშენებლო კვლევის დროს და ნიადაგის ზედა ფენის მოხსნის შემდეგ გაითხარა სამარხი. თიხის ჭურჭელზე და სამარხის მშენებლობის ტექნიკაზე დაყრდნობით, სამარხს უკავშირებენ ყორღანების კულტურის გავრცელების ადრეულ პერიოდს ძველი წელთაღრიცხვით 2500–2000 წ. ყველაზე საინტერესო სამარხში მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების ინდიკატორების აღმოჩენა იყო. სამარხის ინტერიერის დეტალები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ მოცემულ კულტურულ ჯგუფში გავრცელებული იყო მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. ადრეული ყორღანები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება. 

   ბორჯომის ექსპედიციის წევრებმა მილსადენის 165-ე კმ-ზე,  ძეგლს სწორედ იმ პერიოდში მიაკვლიეს, როდესაც ტრაქტორები მიწის დიდ ფენებს იღებდნენ.  ეს ნამოსახლარი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-7-6 საუკუნეებით თარიღდება, აქემენიდურ, ანუ წინარე ანტიკურ ხანას განეკუთვნება. აღმოჩნდა 12 სათავსი, ანუ შენობის ნაშთი, როგორც საცხოვრებელი ოთახები, ასევე სარიტუალო საკულტო დანიშნულების ნაგებობა. მიკვლეულია დამწვარი საკურთხეველი შეწირული ნივთებით, თიხის ხარის თავის ქანდაკებით, ჯვრიანი და სვასტიკიანი ქვებით და სხვა. გაითხარა ღუმელები, პურის საცხობი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრიდან იწყებს საქართველოში ფუნქციონირებას, აღმოჩნდა უამრავი საყოფაცხოვრებო სამეურნეო დანიშნულების ნივთი - ხელსაფქვავები, ლითონის მადნის დასამუშავებელი იარაღები, სალესი ქვები, ხის ჭურჭელი, ვაზის ლერწმისაგან მოწნული გობი, ქვევრები და ა. შ.

მიკვლეული სკვითური ისრის პირების და სხვა მსგავსი იარაღების ისტორიული მნიშვნელობა განპირობებულია თარიღის უნიკალურობით. ის ეკუთვნის გვიან ბრინჯაოს  ხანიდან რკინის ხანაში გარდამავალ პერიოდს, რისი დადგენაც ძალიან ძნელია. მოცემული ძეგლი ნათელს ფენს ზემოთ აღნიშნულ კულტურულ ცვლილებას. აღმოჩენილი მასალები მეცნიერებს საშუალებას აძლევს აღადგინონ 2700 წლის წინანდელი სურათი. 

ბორჯომის ლანდშაფტურ ძეგლებს წარმოადგენენ პარკები: ბორჯომ პარკი, მცირე პარკი, ტყე-პარკი ბორჯომის პლატოზე, სადგერის ტყე-პარკი, ლიკანის პარკი. ქალაქს ასევე ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის არსებობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, თვით მინერალური წყლის აღმოჩენა და მისი გამოყენება კი პარკის დაარსებამდე მოხდა.

მე17 – 18 საუკუნეებში ამ მხარის გაუკაცრიელების გამო მინერალური წყლები მივიწყებას მიეცა, ხოლო მისი ,, ხელმეორედ“ აღმოჩენა მე -19 საუკუნის დასაწყისში რუსი ჯარისკაცების სახელთანაა დაკავშირებული. 1828 წელს, როცა რუსეთის იმპერიის პოლკოვნიკი პ. პოპოვი, გორში მდგარ გრენადერთა პოლკს ხელმძღვანელობდა, ჯარისკაცებისაგან გაგონილი ჰქონდა ბორჯომის ხეობაში არსებული მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ,სადაც სამკურნალოდ ჩამოსულა.

მოგვიანებით, 1841 წელს, ბორჯომში, მთავარმართებელი ე. გოლოვინი ჩამოდის ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად სამკურნალოდ, მის გამოჯანმრთელების შემდეგ კი, გასცემს განკარგულებას ბორჯომის უკეთ მოსაწყობად, რათა შექმნილიყო მკურნალობისთვის სათანადო პირობები.იმ პერიოდისათვის მთავარ წყაროს დაერქვა გოლოვინის ქალიშვილის ეკატერინეს, ხოლო მეორე წყაროს ევგენი გოლოვინის სახელი.

მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი სრულიად ჩაერთო პარკის მოვლა -პატრონობაში. 1850წელს, გერმანელი ინჟინრის მოლდენგაურის პროექტით, მდინარე ბორჯომულას ხეობაში, იქ სადაც მინერალური წყლის წყაროები და გოგირდის აბანოები იყო,15 ჰა მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყო, აშენდა შენობა ნაგებობები, მოსასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები.

იმ დროისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პარკმა თანდათან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის მისაღები იერ-სახე შეიძინა. პარკის ტერიტორიაზე აშენდა, დღეს უკვე ისტორიული, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა და ამავე დროს, ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტოსადგურიც.

მას შემდეგ პარკმა რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია.

მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის, ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები, საცურაო აუზი, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ასევე ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია.

ბორჯომის მინერალური წყლების პარკი წელიწადის ყველა დროს დასვენებისა და გართობისათვის საუკეთესო ადგილია ქალაქში. 2005 წელს მოხდა მისი განახლება.

ბორჯომის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნიმუშია სტალინური სტილის რკინიგზის სადგური საიდანაც ბორჯომი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით ბაკურიანს უკავშირდება. ეს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზია საქართველოში (ლიანდაგის სიგანე — 900 მმ) ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთი 1902 წელს გაიხსნა. ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც კი მეტსახელი „კუკუშკა“ (რუსული მეტსახელი ორთქლმავლისა) შემორჩა. ხაზი დღემდე ემსახურება კურორტის დამსვენებლებს. ბორჯომის რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია 2005 წელს განხორციელდა.

ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისათვის სპეციალურად ინგლისიდან იქნა ჩამოყვანილი „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი. მატარებელს ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემორაგული. 1967 წელს დამთავრდა სარკინიგზო ხაზის ელექტროფიკაცია (1500 ვოლტი, მუდმივი დენი) და პატარა ორთქლმავალი ელმავალმა ჩაანაცვლა. ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს.

 ასევე აღსანიშნავია მდინარე ბორჯომულაზე არსებული რკინის ხიდები, რომლებიც ადრეული ინდუსტრიული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ.

ასევე საინტერესოა ბორჯომის ყოფილი ჰიდროელექტრო სადგურის შენობა რომელიც ასევე ინდრუსტრიული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშია.

ასევე ყურადღების ღირსია ბორჯომის ყოფილი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგური იყო რუსეთის იმპერიაში (პეტერბურგისა და ახალი ათონის ჰიდროელექტროსადგურების შენდეგ). იგი აგებულია მდინარე ბორჯომულაზე და ამუშავდა 1899 წლის 15 იანვარს. ბორჯომის ჰიფროელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 60 კვტ-ს შეადგენდა. ელექტროსადგურში მუშაობდა პელტონის ტიპის ორი გენერატორი, თითოეული 70 ც. ძ. (ცხენის ძალა) სიმძლავრისა. 1950 წელს ბორჯომის ჰიფროელექტროსადგურმა შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება.

ქალაქ ბორჯომის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ–ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. შენობაში, რომელშიც მუზეუმია განლაგებული რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო განთავსებული. იგი აშენებულია 1890 წელს  გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის  მიერ  და უნიკალურია თავისი არქიტექტურით.  

დღეისათვის მუზეუმის ფონდში დაცულია 36000 სხვადასხვა სახის ექსპონატი, გახსნილია რამდენიმე სტაციონარული ექსპოზიცია: მხარის ბუნების, არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების. ექსპოზიციებში წარმოდგენილია ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები, სხვადასხვა დროს მოპოვებული ძვირფასი ექსპონატები, როგორიცაა: პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღები, მორთულობის საგნები და მრავალი სხვა. ექსპოზიციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მე18-19 ს.ს. თიხის, მინის, ბრინჯაოსა და ფაიფურის, აგრეთვე ხეზე კვეთის ექსპონატებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავის დროზე ეკუთვნოდა რუსეთის სამეფო საგვარეულოს – რომანოვების დინასტიის წარმომადგენლებს, რომლებსაც დასასვენებელი სასახლეები ჰქონდათ ბორჯომში.

ქალაქში არის დრამატული თეატრი, თოჯინების სახელმწიფო თეატრი, მუზეუმი, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, ბიბლიოთეკები რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ქალაქს ასევე ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

ქ.ბორჯომის თეატრალური კოლექტივი შეიქმნა 1908 წელს და ამავე წელს გაიმართა პირველი პრემიერაც. 1959 წელს, რესპუბლიკური დათვალიერებისას, ქ.ბორჯომის თეატრალურ კოლექტივს სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა. 2009 წელს  თეატრალურმა დასმა ორი  პრემიერა გამართა, თეატრი წარმატებით აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.

ბორჯომის კულტურის და ხელოვნების ცენტრი ასევე აქტიურად მოღვაწეობს მასთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, აქვე განთავსებულია ქ. ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრი და ქ. ბორჯომოს „სახალხო თეატრი“.

ბორჯომში ორი კინოთეატრი ფუნქციონირებს, კინოთეატრი „ბორჯომი“ და „დიდველი“.

1910 წლის სექტემბერში წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელის დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით ბორჯომის სარაიონო ცენტრალური ბიბლიოთეკა დაარსდა. ბიბლითეკები რაიონის 15 სოფელში ფუნქციონირებს. ამჟამად ბიბლიოთეკაში განთავსებულია 30 ათასი წიგნი, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 10  საბავშვო ბაღი და 21 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა. 

სიახლეები

არქივი