გორი საშუალო სიდიდის ქალაქია, რომელიც მდებარეობს
სტრატეგიულ ადგილას და გრძელი ისტორია აქვს, თავდაპირველად როგორც საფორტიფიკაციო
და სავაჭრო, ხოლო მოგვიანებით, როგორც ინდუსტრიულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე
არსებული სასოფლო სამეურნეო ეკონომიკის ცენტრს.
საბჭოთა პერიოდში ქალაქი სწრაფად განვითარდა 1938-39 წწ (სტალინის 60 წლის
იუბილესთან დაკავშირებით), 1961, 1971 და 1989 წლებში შემუშავებული გენერალური
გეგმების საფუძველზე. შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის გარდა ქალაქს აქვს მე-19
საუკუნის მნიშვნელოვანი შენობები, მათ შორის გორის საკათედრო ტაძარი. ასევე
აღსანიშნავია სტალინის ეპოქის ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა და ამავე ეპოქის
მნიშვნელოვანი შენობები.
ქალაქ გორის დაარსებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისმა გეოგრაფიულმა
მდებარეობამ. იგი მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან ზღვის
დონიდან 600 მ-ზე. სწორედ ამ ორი, საქართველოსათვის მნიშვნელოვანი მდინარეების
ხეობების გასაკონტროლებლად დაარსდა ციხესიმაგრე, რომელიც დროთა განმავლობაში
გარდაიქმნა ქალაქად. სწორედ მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ასევე
გორის სტრატეგიული მნიშვნელობაც, იგი ყველა ეპოქაში შიდა ქართლის პოლიტიკურ,
ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.
ქალაქის ურბანულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისმა
ბუნებრივმა რელიეფმა. ქალაქის ტერიტორიაზე ლიახვი ერთვის მტკვარს, და გარდა ამისა
მოედინება მდინარე მეჯუდა თავისი ორი შენაკადით. ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე
მდებარეობს გორაკი, რომელზედაც აშენდა გორის ციხე, და სწორედ ამ გორაკმა დაუდო
საფუძველი ქალაქის დაარსებასაც და მის სახელსაც.
ქალაქის სივრცეში დომინანტური როლი უკავია გორის ციხეს. ქალაქის გეგმაში
შეიმჩნევა ძველი გორის ურბანული ქსოვილი, ვიწრო ქუჩებით, რომელიც გორის ციხის
ირგვლივაა განლაგებული და ციხისუბანი ეწოდება. თანამედროვე გორის გეგმარებით
სტურქტურაში კომპოზიციის ღერძს წარმოადგენს სტალინის გამზირი, რომელიც ერთის მხრივ
კვეთს მტკვარს და რკინიგზის სადგურს უკავშირდება, და მეორეს მხრივ მთავრდება
სამკუთხა, პარტერული გამწვანებით სადაც მდებარეობს სტალინის მემორიალური მუზეუმი.
სტალინის გამზირს კვეთს ქალაქის გეგმის მეორე კომპოზიციური ღერძი ჭავჭავაძის
გამზირი, ხოლო მათი გადაკვეთის ადგილზე მდებარეობს ქალაქის მთავარი მოედანი.
ადგილობრივი ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის
მეურნეობა (ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის წარმოება, მევენახეობა,
მესაქონლეობა) ძირითადი პროდუქტია: ხორბლის ფქვილი, საკონსერვო ნაწარმი, ვაშლის
კონცენტრატი, ალკოჰოლი და სპირტი, ხილი და ბოსტნეული. სასოფლო-სამეურნეო მიწების
ფართი მუნიციპალიტეტში შეადგენს 64 400 ჰა. ადგილობრივი ეკონომიკის სხვა დარგებია:
ვაჭრობა, ტრანსპორტი, მშენებლობა (გზები, საზოგადოებრივი შენობები, ინფრასტრუქტურა).
ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილი ახალი რეაბილიტირებულია, ხოლო
თავად გორი დაუკავშირდა თბილისს ავტობანის მეშვეობით. გორი წარმოადგენს
სარკინიგზო კვანძს. გარდა ამისა განვითარებულია სატრანსპორტო კავშირი თბილისთან და
ახლომდებარე სოფლებთან, რომელსაც ემსახურება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების
პარკი. ასევე განვითარებულია ქალაქის შიდა ტრანსპორტი, რომელიც ძირითადად
მიკროავტობუსებითა და ავტობუსებითაა წარმოდგენილი.
ქალაქის კულტურის სფეროს ინფრასტურქტურას შეადგენს თეატრი და რამოდენიმე მუზეუმი, რომლებიც
საჭიროებენ რეაბილიტაციას. ქალაქში ასევე არსებობს უნივერსიტეტი და სამკურნალო
დაწესებულებები. ტურისტული ინფრასტრუქტურა განუვითარებელია, ქალაქის დიდი
სასტუმროები უკავიათ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილ მოსახლეობას.
ქალაქს
ესაჭიროება ინვესტიციების მოზიდვა კვების მრეწველობის გასავითარებლად და ასევე
ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. ასევე, ქალაქს სჭირდება მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, რომელიც
დედაქალაქთან სიახლოვის გამო იოლად გასახორციელებელია. ქალაქ გორის მაღალი
ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით, იძლევა საუკეთესო შანსს ასევე კერძო ბიზნესის განვითარებისთვის.
გორის დამაარსებლად ისტორიული მატიანეების თანახმად გვევლინება მეფე
დავით IV აღმაშენებელი (მე-12 ს.) თუმცა ქართულ ისტორიოგრაფიაში გორი მე-7 საუკუნეში იხსენიება, ხოლო
არქეოლოგიური მასალები მოწმობენ გორის ადგილზე როგორც გვიანი ბრინჯაოს ხანის
ნამოსახლარებს ასევე ელინისტური პერიოდის საამშენებლო ფენებს. შუასაუკუნეებში გორი
განვითარებული სავაჭრო ქალაქი გახლდათ, მასზე გადიოდა ისტორიული აბრეშუმის გზის
ერთ-ერთი მონაკვეთი. სწორედ მისი მაღალი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის
გამო, ქალაქმა გადაიტანა უამრავი შემოსევები, ვინაიდან დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. მე-13 საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. მე-14 საუკუნის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ გაათავისუფლა ციხე-ქალაქი. 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა
დაარბიეს. აქედან მოყოლებული გორი რამდენიმე წელი ოსმალთა ხელში იყო. 1735 წელს გორში სპარსელები გაბატონდნენ. მე-18 საუკუნის 40-იან წლებში მოხდა ქალაქის საბოლოო გათავისუფლება დამპყრობლებისაგან.
მე-17
საუკუნეში გორში იმოგზაურეს კათოლიკე მისიონერმა კრისტოფორო დე კატელიმ და ფრანგმა
მოგზაურმა ჟან შარდენმა რომლებმაც დაგვიტოვეს მაშინდელი გორის ჩანახატები და
აღწერილობა.
მე-19 საუკუნის
დასაწყისიდან, საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, გორის ციხემ
დაკარგა თავისი ფუნქცია. გორი გახდა სამაზრო ქალაქი. ამ პერიოდიდან იწყება ქალაქის
ზრდა ახალ პირობებში. გაჩნდა ახალი უბნები და გზები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება
გორის პირველი ტოპოგადაღება.
1872 წელს გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა თბილისსა და ფოთს შორის. გორში
გაჩნდა რკინიგზის სადგური ქალაქიდან მოშორებით მდ. მტკვრის გადაღმა რაიონში, სადაც
მე-19
საუკუნის დასაწყისში აშენდა ქალაქის პირველი საწარმო განძელსაჟღენთი ქარხანა.
ამავე პერიოდში აშენდა მდ. მტკვარზე პირველი რკინა-ბეტონის ხიდი.
1920 წლის მიწისძვრამ, ისტორიული ქალაქის აბსოლუტური უმრავლესობა
დაანგრია, განსაკუთრებით გორაკზე გაშენებული ქალაქის ნაწილი დაზარალდა, დაზიანდა
ასევე გორიც ციხეც.
ქალაქის
ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება საბჭოთა პერიოდით, რაშიც მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა იმ ფაქტმა, რომ გორში 1879 წელს დაიბადა იოსებ სტალინი. ამ პერიოდისთვის
იწყება ქალაქის სწრაფი ზრდა, რამაც განაპირობა რეკონსტრუქციისა და განვითარების
პირველი გენგეგმის დამუშავება 1936-39 წლებში. იგი დაკავშირებული იყო ი. სტალინის
დაბადების 60 წლისთავის თარიღთან.
მეორე
გენგეგმა დამუშავდა და დამტკიცდა 1951 წელს 1950-65 წლების პერიოდისათვის,
მოსახლეობის საანგარიშო რაოდენობით 40 ათასი კაცი. მორიგი გენგეგმა დამტკიცდა 1971
წელს, საანგარიშო პერიოდისათვის 1965-80 წლები, მოსახლეობის საანგარიშო რაოდენობით
65 ათასი კაცი.
შემდეგ
გენგეგმა დამუშავდა 1986-89 წლებში, მაგრამ იგი არ დამტკიცებულა რესპუბლიკაში
მომხდარი პოლიტიკური და ეკონომიკური კარდინალური ცვლილებების გამო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა, ქალაქი მნიშვნელოვნად დააზარალა,
საჰაერო დაბომბვებისას დაინგრა შენობები, მოსახლეობაში იყო მსხვერპლიც, ქალაქი
რამოდენიმე კვირით გახლდათ ოკუპირებული.
ქალაქ გორის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები ჯერჯერობით არ არის დადგენილი.
1920 წლის მიწისძვრამ დიდად დააზარალა გორის არქიტექტურული მემკვიდრეობა. მთლიანად გაქრა განაშენიანება გორაკის ფერდებზე. დღემდე გადარჩენილი ისტორიული უბანი (ციხისუბანი) საჭიროებს რეაბილიტაციას. საბინაო ფონდს ქალაქის განაშენიანების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ძირითადი განაშენიანება 2-3 სართულიანია, თუმცა 70-იან წლებში აშენდა რამოდენიმე ცხრა სართულიანი კორპუსი. საბინაო ფონდის უმეტესობა (85%) მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია. მუნიციპალური და სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის საკმარისი მათი შეკეთებისათვის, არც მოსახლეობას გააჩნია საჭირო რესურსი, მითუმეტეს, რომ ამ შენობაბში მცხოვრებთა 95% სოციალურად დაუცველი ოჯახებია. ქალაქის ახალი განაშენიანების ნაწილია სამხედრო ბაზა და ახალი უბანი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.
გორის ურბანულ მემკვიდრეობას წარმოადგენს ძველი ქალაქის ტერიტორია. რომლის დომინანტურ ნაწილია გორაკზე გაშენებული ციხე-სიმაგრე. ციხის ძირითადი ნაწილი გვიანი შუასაუკუნეების საამშენებლო ფენაა, თუმცა შეიმჩნევა განვითარებული შუასაუკუნეების საამშენებლო ფენები. შენობა რამოდენიმე ნაწილისაგან შედგება, საკუთრივ ციტადელისა და იარუსებად განლაგებული დამცავი კედლებისაგან. იგი რიყის ქვით, აგურითა და ფლეთილი ქვითაა ნაგები და საკმაოდ კარგადაა შემონახული, თავისი გრანდიოზულობითა და განსაკუთრებული ფორმით წარმოადგენს ქალაქის სიმბოლოს.
ძველი ქალაქის გადარჩენილი ნაწილია ციხისუბანი, რომელშიც შერწყმულია გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ძეგლები მე-19 საუკუნის განაშენიანებასთან. შენობები ძირითადად ერთ ან ორსართულიანია და აგურითაა ნაგები, თუმცა გვხვდება ასევე ქვის ფასადიანი შენობებიც. გვიანი ფეოდალური ხანის საინტერესო ძეგლია, მეფე ერეკლეს აბანო, რომელიც კვადრატული გეგმის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, საამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული ტრადიციული აგური. უბანში მრავლადაა ძველი კოშკებისა და ეკლესიების ნანგრევები (ეკლესიების რეკონსტრუქცია მიმდინარობს). მე-19 საუკუნის განაშენიანებას წარმოადგენს ძირითადად რუსული , ქართული და ევროპული არქიტექტურის სტილში ნაგები შენობები. ერთ ერთი ადგილობრივი ღირშესანიშნაობაა გორის საკათედრო ტაძარი.
საცხოვრებელი სახლებიდან გამორჩეულია აგურით ნაგები ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფასადზე ქვის ორი პრიმიტიული ქანდაკებით.
მტკვარზე არსებული ხიდებიდან გამორჩეულია 1908 წელს ინჟინერ როტინოვის მიერ აგებული ბეტონის ხიდი, რომელსაც ძეგლის სტატუსი გააჩნია და ამჟამად მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის გამოიყენება. კომუნისტური ეპოქის განაშენებიდან ყურადღებას იპყრობს სტალინური პერიოდის არქიტექტურა. უნიკალურია ქალაქის მაშინდელი გეგმარებითი გადაწყვეტა, რომლის კომპოზიციურ ცენტრს სტალინის სახლი და მემორიალური მუზეუმი წარმოადგენს, გორის ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა საუკეთესოდ ასახავს სტალინური ეპოქის აზროვნებასა და სულს. ქალაქის ნამდვილ მშვენებას წარმოადგენს თეატრის შენობა, რომელიც ასევე სტალინურ ეპოქაში აშენდა.
გორის ურბანულ მემკვიდრეობას გააჩნია მაღალი კულტურული ღირებულება და ის სცილდება ეროვნულ მნიშვნელობას.
ძველი ქალაქის განაშენიანება და ციხე საჭიროებენ გადაუდებელ რეაბილიტაციას.
გორის შუასაუკუნეების არქიტექტურულ მემკვიდრეობა წარმოადგენს ნაციონალური მნიშვნელობის ძეგლებს და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. სტალინის სახელთან დაკავშირებული არქიტექტურული მემკვიდრეობა საერთაშორისო მნიშვნელობისაა, თუმცა მას ჯერ სამართლებრივი აღიარება არ მოუპოვებია.
არქეოლოგიური მასალები
მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური
ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული
ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი,
თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი,
შავპრიალა
და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის
ნატეხები.
ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი
საუკუნეებით
თარიღდება.
ამავე ხანის სამარხები აღმოჩნდა
ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და
სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური
იერის ქვის მრგვალი ქანდაკების
თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.
ქალაქ გორის ისტორიული ბაღების, პარკებისა და სარეკრეაციო სივრცეების ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
ქალაქ გორის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
გორის არამატერიალური კულტურული მმკვიდრეობის ნაწილია მეხილეობის მდიდარი ტრადიცია, ზედაშე, მაწვნის დედის გაკეთება, ქართული ჭიდაობა, ჯვრის პურები, ხალხური თამაშობები - ასკინკილა და თარჩია, მეფუტკრეობის ტრადიცია, დაკრძალვისა და დატირების რიტუალი, ბერიკაობა და სხვა.
ქალაქში ძირითად ტურისტულ სამიზნეს წარმოადგენს სტალინის მუზეუმი. გარდა
ამ მუზეუმისა ქალაქს გააჩნია კიდევ ერთი რევოლუციონერის, კამოს სახლმუზეუმი,
რომელსაც სტალინის მუზეუმთან კოოპერირებით შეუძლია ტურისტებს დამატებითი სანახაობა
შესთავაზობს. ასევე მნიშვნელოვანია გორის სახელმწიფო მუზეუმი, რომლის ფონდებში 40
000 –ზე მეტი ექპონატია დაცული, როგორც ეთნოგრაფიული ასევე არქეოლოგიური
არტეფაქტები, ნუმიზმატიური კოლექციები, ხელნაწერები და საეკლესიო ინვენტარი.
ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი სამუზეუმო
კომპლექსი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა იმ სახლში,
სადაც სტალინი დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წლიდან მის
სიცოცხლეშივე არსებობდა. ორსართულიანი საექსპოზიციო შენობა კოშკით არქიტექტორ
არჩილ ქურდიანის პროექტით აშენდა. მუზეუმის შენობა მოპირკეთებულია ეკლარის ქვით.
მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის
მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა სტალინი, აგრეთვე საექსპოზიციო შენობა კოშკით და
სტალინის პირადი ვაგონი ინტერიერით, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და
პოტსდამში. მუზეუმში დაცულია სტალინის პირადი ნივთები, კრემლის კაბინეტი,
ხელნაწერები, საჩუქრები მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სტალინის ნიღაბი (ავტორი
მანიზერი) და გამოჩენილი ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოები. ი.ბ.სტალინის
სახელმწიფო მუზეუმს ექსპონატების დიდი ნაწილი გადმოსცა მოსკოვის ისტორიისა და
რევოლუციის მუზეუმმა.
გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1935
წელს დაარსდა და მასში დაცულია განსაკუთრებული მნიშვნელობისა ქსპონატები, მათ
შორის მიწათმოქმედების (ხორბლეულისა და მევენახეობის კულტურები), მესაქონლეობის,
ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და
სახალხო სანახაობის ამსახველი მასალა, რომლებიც წარმოდგენას გვაძლევენ წინა აზიისა
და ქართველ ტომთა უძველესი კულტურის მჭიდრო კავშირზე. ასევე უნიკალურია ვერცხლის
კოლხური დიდრაქმა (ერთადერთი ყოფილ სსრკ-ში), დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის
მონეტები, გორის განძი (მე-15 ს.), ძვ. აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების
მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე. მნიშვნელოვანია ქართულ
ხელნაწერების, ნივთიერი მასალების კოლექციები და მდიდარი ფოტოარქივი.
ძალიან მნიშვნელოვანია გორის რაიონში მდებარე
უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალი კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს,
სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის
საცხობებს, საიდუმლო გვირაბს, აგრეთვე უძველესი სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტებს,
ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულ უფლისწულის
ეკლესიას (ადრეშუასაუკუნეები), შუა საუკუნეების სახლებს და დარბაზებს. მუზეუმში
წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური
მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეო
იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები.
ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრები, საჯარო სკოლები, სკოლამდელი დაწესებულებები, სამუსიკო სკოლა,
კულტურული დაწესებულებები და
გასართობი ცენტრები. ფუნქციონირებს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი
წამყვანი რეგიონული თეატრია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კულტურული და სპორტული ორგანიზაციები, კინოთეატრი ,,გამარჯვება”.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ორი
ადგილობრივი სატელევიზიო კომპანია „თრიალეთი“ და „დია“ და 3 ბეჭდური გამომცემლობა: ,,გორის მაცნე“, ,,ხალხის გაზეთი“ და ჟურნალი ,,ქართლოსი“, რომელთა გავრცელების არეალი სცილდება მუნიციპალიტეტის საზღვრებს.