საქართველოს ისტორიული ქალაქები ლოგო

დუშეთი

ქ.დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი პატარა ქალაქია, რომელიც ძირითადად მე-19 საუკუნეში განვითარდა რუსეთისკენ მიმავალ სამხედრო გზაზე მდებარეობის წყალობით. დუშეთის მოსახლეობა 2010 წლის სტატისტიკური მონაცემებით 7 100 ადამიანს შეადგენს. 
დუშეთი მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. თბილისიდან 45კმ-ის მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ქალაქის ფართობია 300 ჰა, ისტორიული ცენტრის ფართობი – 15 ჰა. ქალაქს კონცენტრირებული გეგმარება აქვს  ბადისებრი ქუჩათა ქსელით; გარშემო ემიჯნება რამდენიმე სოფელი, რომლებიც დღეს უკვე მასშია ინტეგრირებული.

 მისი არქიტექტურული და ურბანული მემკვიდრეობა წარმოდგენილია რამოდენიმე გვიან შუა საუკუნეების ნაგებობით და მდიდარი მე-19 საუკუნის განაშენიანებით.          

მხარე მდიდარია სამკურნალო და მინერალური წყლებით, სამკურნალო მცენარებიითა და განსაკუთრებით - ბუნების ძეგლებით. რელიეფი, ძირითადად, მთაგორიანია. მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას, მეცხვარეობას; ბარის ზონაში - მებაღეობას და მებოსტნეობას.           სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე არაგვის ხეობა ბუნებრივი რესურსების სიუხვით, აქ გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის გზებით, მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ეთნოგრაფიული კუთხეებითა და ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების მრავალფეროვნებით, კარგა ხანია, იქცევდა მკვლევართა ყურადღებას.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ადგილობრივი ეკონომიკა დაეცა. დღეს ქალაქის ეკონომიკა ძირითადად დაფუძნებულია მცირე კერძო ბიზნესზე და საოჯახო სოფლის მეურნეობაზე. რთული ეკონომიკური პირობების გამო ბოლო წლებში ქალაქიდან გაედინება მოსახლეობა. ბევრი მიდის სამუშაოდ თბილისში და საზღვარგარეთ. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. საბჭოთა პერიოდში ქალაქში იყო საკონსერვო და რძის ქარხნები, კვების მრეწველობის ობიექტები. დღეს ადგილობრივი ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ქალაქში რამოდენიმე მცირე საწარმოა როგორიცააა ხალიჩების მცირე სახელოსნო, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 15 ადამიანი, ცემენტის სამშენებლო ბლოკების საამქრო, საცხობები და სასაკლაო. ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთ ერთი წყაროა თაფლის წარმოება და საოჯახო ხალხური რეწვა (ფარდაგები, თექა, და სხვა). ზაფხულში ქალაქში ჩამოდის დამსვენებლების უმნიშვნელო რაოდენობა. ბოლო წლებში მათი რიცხვი მცირედ გაიზარდა.

წარსულში ქალაქზე გადიოდა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი მთავარი სამხედრო გზა. დღეს ქალაქი ჩიხშია, მასზე არ გადის გამჭოლი მაგისტრალი, არც რკინიგზა. ქალაქთან მისასვლელი 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი კარგად არის დაკავშირებული მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის გზატკეცილს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებითა და ადგილობრივი ბიუჯეტით მიმდინარეობს ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია.  ქალაქი კარგად არის დაკავშირებული არტერიულ მაგისტრალებთან.  ტრანსპორტის ძირითადი სახეობებია ავტობუსი და სამარშუტო ტაქსი.

ბაზალეთის ტბის სიახლოვე, მუნიციპალიტეტის კურორტები, შენარჩუნებული ხალხური რეწვის ტრადიცია, სოფლის მეურნეობის და მრეწველობის პოტენციალი, ადგილობრივი სამზარეულოს გამორჩეულობა, ასევე სიახლოვე ქვეყნის დედაქალაქთან დუშეთს ანიჭებს პოტენციალს გახდეს რეგიონის ტურისტული ცენტრი, საიდანაც მარშრუტები შეიძლება დაიგეგმოს ფშავ-ხევსურეთსა და მთიულეთში. ასევე შესაძლებელია ეკოტურიზმისა და ფერმერული ტურიზმის განვითარება.  

დუშეთის მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქი დუშეთი, რომელიც ისტორიულ წყაროებში პირველად 125 წელს იხსენიება, ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მე-17 საუკუნეში აქარაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთი მაზრის ცენტრი გახდა.

ქალაქ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

ქალაქის დიდი ნაწილი დაბალი სიმჭიდროვისაა და შედგება საკუთარ ეზოებში გაფანტული კერძო სახლებისგან. ისტორიულ ცენტრში  შედარებით მაღალი სიმჭიდროვეა ერთმანეთზე მიჯრილი ერთ-ორ და სამ სართულიანი სახლებით.  გარეუბნებში ასევე გვხვდება 4-5 სართულიანი საბჭოთა პერიოდის კორპუსები. შენობების ზოგადი ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია თუ არ ჩავთვლით ისტორიულ ნაწილში არსებულ ცალკეულ ავარიულ შენობებს.

დუშეთის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობა შედგება რამდენიმე ადრევე აღიარებული ინდივიდუალური არქიტექტურული ძეგლისგან მათ შორისაა საკულტო ნაგებობები,  ტრადიციული საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე საგვარეულო ციხე-კოშკი, ძველი ქალაქის კედლის ნარჩენები, მე–17 საუკუნის ქალაქის წყარო და არქეოლოგიური ძეგლები. ამას გარდა  ქალაქის ისტორიულ ცენტრში არსებობს ჯერ კიდევ შეუსწავლელი და აუღიარებელი მდიდარი ურბანული მემკვიდრეობა მე–19 საუკუნის ქალაქური სახლების სახით. დუშეთის კულტურული მემკვიდრეობა ადგილობრივი მნიშვნელობისაა.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში არსებული არქიტექტურული მემკვიდრეობა საკმაოდ აუთენტურ მდგომარეობაშია შემონახული, პირველადი დათვალიერებით სერიოზული დაზიანებები არ აღინიშნება, თუმცა ჭირდება საკმაო ადაპტაცია - რეაბილიტაციას თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტებისა თუ ახალი ფუნქციებისათვის. სახელმწიფოს მიერ აღიარებული ძეგლებს იცავს კანონი. ობიექტებს რომელიც არ არის ინვენტარიზებული და მინიჭებული არ აქვს სტატუსი. ჯერ ჯერობით  დუშეთის ურბანული მემკვიდრეობა არასათანადოდ არის შეფასებული, და ამგვარად წვლილი ვერ შეაქვს ადგილობრივი თემის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მემკვიდრების სათანადოდ შეფასების და მართვის შემთხვევაში მას აქვს პოტენციალი გვალენა იქონიოს ქალაქის მდგრად განვითარებაზე, კერძოდ მდგრადი კულტურული და ეკოტურიზმის განვითარებით.

მდიდარი ურბანული მემკვიდრეობა ამ ეტაპზე არ განიცდის კაპიტალის ზეწოლას, ისტორიული ცენტრი მცირე მასშტაბისაა და ისტორიული შენობების ავთენტურობა შედარებით კარგ მდგომარეობაშია, მემკვიდრეობას აქვს პოტენცია გახდეს ქალაქის განვითარების ერთ ერთი მძლავრი ფაქტორი.

ქალაქში შემორჩენილია მე-9-10 საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია, მოხელის დარბაზი, რომელიც მე-17 საუკუნეს განეკუთვნება და ასევე მე-17 საუკუნის ჭილაშვილების ციხე-დარბაზი.

ჭილაშვილების დარბაზის კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. ესენია: მთავარი კოშკი, გალავანი კოშკებით, კარის ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. ჭილაშვილების ციხე-დარბაზის კედლები გარედან თეთრი ფერით იყო შეღებილი, ამიტომ ხალხი მას „თეთრ სასახლესაც“ უწოდებდა. ახლა ჭილაშვილების ციხე-დარბაზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამშენებლო წარწერის მიხედვით ციხე–დარბაზი შენდებოდა 1800 წელს, ესე იგი ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელს. ეს ციხე–დარბაზი დიდ ფეოდალთა ციხე–დარბაზებთან შედარებით მცირეა, თუმცა შეიცავს ყველა დამახასიათებელ ელემენტს: გალავანს, კოშკებს, საცხოვრებელ სახლს, კარის ეკლესიას, სამეურნეო სადგომებს. ამ „შიდა ციხის“ გარეთ ყოფილა საჯინიბოები და გარეთა გალავანი, რომელიც ჭილაშვილების ბაღ–ვენახებს ერტყმოდა გარს. მილახვრიანთ კარის ციხე ამჟამად გადაკეთებულია, მისი პირვლანდელი სახის სრულად წარმოდგენა ვერ ხერხდება.

ჭილაშვილების ციხე დარბაზის ტერიტორიაზე მოთავსებულია აღმოსავლეთ–საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა. ციხე–დარბაზის აღმოსავლეთის ფასადის წინ ღია მუზეუმია მოწყობილი, სადაც გადმოტანილია არაგვის ხეობაში არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ზოგიერთი არქიტექტურული ნაგებობისა და სამარხთა ნაშთები.

1982-1983 წლებში შიდა ეზოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა შუა საუკუნეების მოზრდილი შენობის ნაწილები, ხოლო გალავნის აღმოსავლეთი კედლის წინ - ხანძრით განადგურებული, გვიანდელი შუა საუკუნეების ნასახლარი.

დუშეთის პარკი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ის მდებარეობს დუშეთის ცენტრში და სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეებისგან შემდგარი ორი გრძელი, მართკუთხა ნაკვეთისა და მათ შორის გამავალი ფეხით მოსიარულეთა ფართო ბულვარისგან შედგება.

დუშეთის ეს ადგილი ისტორიულადაც გაუნაშენიანებელი იყო, პლატონ იოსელიანის აღწერის თანახმად ქალაქის შუაგულში, დუშეთის ციხესიმაგრის პირდაპირ, გაშლილი ვრცელი ტერიტორია მე-19 საუკუნემდე იპოდრომს წარმოადგენდა, 1859 წელს კი მართლმადიდებელი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, არქიტექტორ გრ. ივანოვის პროექტის მიხედვით დაიწყო წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც რუსული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფორმები ჰქონდა. ტაძარი ამ ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იდგა.

დუშეთის პარკის ტერიტორიას ფიქალითა და რიყის ქვით ნაშენი ზღუდის დაბალი კედელი ფარგლავს, რომელსაც ზედაპირზე ბაზალტის თლილი, მოზრდილი კვადრები შემოუყვება. ბულვარის თავსა და ბოლოში, ზღუდისავე სიმაღლის, ორფრთიანი ჭიშკარია შებმული. ღეროებისა და რგოლებისგან შემდგარი ჭვირული რკინის ჭიშკარი შუა ნაწილში რკალურად არის ამოზიდული; კიდეებში კუტიკარებია ჩართული. კარის ნაპირებში, ზღუდის კუთხის თლილ ქვებს დაბრტყელებული პირამიდის ფორმა აქვს.

პარკის დასავლეთი ნაწილში მხოლოდ ხეები დგას, აღმოსავლეთ ნაკვეთზე კი რამდენიმე ნაგებობაა განაწილებული: შუა ნაწილში 1989 წელს აშენებული გუმბათიანი ეკლესია დგას; შენობა, რომლის პროტოტიპად დუშეთის რ-ნის ფუძნარის ეკლესიაა აღებული, აგურითა და ბეტონით არის ნაშენი. მისგან ჩრდილოეთით უფრო მოგვიანებით აშენებული, ხისტი ფორმების მქონე აგურის სამრეკლოა, რომელსაც მაღალ კუბურ ძირზე დადგმული ვიწროყელიანი, წაწვეტებულსახურავიანი ფანჩატურის სახე აქვს. პარკის ამავე ნაწილის ჩრდილოეთ ნაპირთან ახლოს კი 1970-იანი წლების მსუბუქი პავილიონი დგას _ ეს ბეტონის ნაგებობა წრეზე განლაგებულ სვეტებზე დაყრდნობილი ბრტყელი, დიდნაშვერიანი სახურავით სრულდება, რომელსაც სვეტებს შორის გადაყვანილი შეისრული თაღები და დანარჩენი ორი მხარის ნახევართაღებით შექმნილი ლოტოსისებური კონსტრუქცია იჭერს.

პარკი და ბულვარი დუშეთის მნიშვნელოვანი ფასეულობაა.

ქალაქ დუშეთის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქ დუშეთის არამატერიალური კულტურული მემკკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქი ცნობილია ჭიდაობის მდიდარი ტრადიციით და ხალხური რეწვის კულტურით, მხარე გამორჩეულია თავისი თვითმყოფადი სამზარეულოთი.

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1949 წელს დაარსდა, მუზეუმში დაცულია დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრებრინჯაოს ხანიდან 
გვიანშუასაუკუნეებამდე, მე-19 ს-ის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, 
ქსოვილების ნიმუშები - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მე-19 ს-ის ფარდაგები,  ხალხური სამოსელი და აქსესუარები. 
კერამიკის ჭურჭელი, მათშორის მოჭიქული კერამიკის ნიმუშები),

ძვ.წ. მე-8 ს-ით დათარიღებული საბრძოლო და სამუშაო იარაღი, მე-20 ს-ის დასაწყისის ვერცხლის ქამრები და ხანჯლები.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. მასში დაცულია, როგორც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე XIX და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალები. იქვე ინახება პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები. მუზეუმში აგრეთვე დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის ფონდში, საერთო ჯამში, 2000-ზე მეტი ერთეული ინახება.

აღნიშნული მუზეუმის გარდა შეგიძლიათ დაათვალიეროთ დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი,  საოჯახო სასტუმროებად მოწყობილ შატილის კოშკებში შემონახული ადგილობრივი ყოფის ამსახველი საბრძოლო და სამეურნეო იარაღები.

დუშეთში, სოფელ კორშაში ასევე მდებარეობს ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი - კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუზეუმი დაფუძნდა 1983 წელს. მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი მე-18-19 საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, შოთა არაბულის ფერწერული ტილოები. ზაფხულის თვეებში მუზეუმში ეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშებისა და შოთა არაბულის ფერწერული ტილოების გამოფენა-გაყიდვა.

დუშეთში არის 3 საჯარო სკოლა, ასევე სპორტული, სახელოვნებო და სამრევლო სკოლები. დუშეთის გეოფოზიკური ობსერვატორია 1935 წელს დაარსდა. დუშეთის ტეატრი 1880 წელს დაარსდა და ის დუშეთის სახალხო ტეატრის სახელითაა ცნობილი, ისტორიულ დუშეთში შემონახულია თეატრის ძველი შენობაც. ფოტოგრაფ ალექსანდრე როინიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა მისივე თაოსნობით დაარსდა 1898 წელს და მის ფონდს შეადგენდა ფოტოგრაფის მიერ ბიბლიოთეკისთვის შეძენილი 560 ეგზემპლარი.

დუშეთის სახალხო დღესასწაულებიდან გამოირჩევა ,,ვაჟაობა", რომელიც ეძღვნება ქართული პოეზიის სიამაყის - ვაჟა-ფშაველას ხსოვნას და ტარდება მის მშობლიურ სოფელ ჩარგალში.

სიახლეები

არქივი