ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე,გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით). ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული.
ჭიათურა პატარა ქალაქია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს მის მიდამოებში დაწყებული მანგანუმის (გამოიყენება ფოლადის წარმოებაში) მოპოვების წყალობით ჩამოყალიბდა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვითარდებოდა როგორც მზარდი ინდუსტრიული დასახლება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მცირერიცხოვანი ”ისტორიული შენობები”, მისი ძირითადი ღირსება ინდუსტრიული მემკვიდრეობაა მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი შენობებითა და საინჟინრო ნაგებობებით. ეს ნიმუშები აღიარებულია, როგორც ურბანული ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტები, თუმცა ისინი არ არის ოფიციალურად აღრიცხული და დოკუმენტირებული როგორც ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნაგებობები. ქალაქის ცენტრი მდინარის ნაპირებზეა განლაგებული,დანარჩენი უბნები კი გაბნეულია პლატოს სხვადასხვა დონეზე. ქალაქის უბნებს შორის სიმაღლის დიდი სხვაობის გამო საბაგირო გზების რთული სისტემა განვითარდა. ჭიათურა გამოირჩევა თავისი დრამატული ლანდშაფტით: მდინარის გასწვრივ განლაგებული კლდოვანი ფლატეებით და მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და სტალინური არქიტექტურით.
საბჭოთა ეპოქის ბოლო ფაზაში ქალაქის პოპულაცია სტაბილურად იზრდებოდა და მიაღწია 45.000-ს. 1990-იანი წლებიდან ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 14.000-მდე შემცირდა. მადანის მოპოვების განახლებასთან ერთად ქალაქის მოსახლეობამ ისევ იმატა. ბოლო მონაცემებით ჭიათურის მოსახლეობა 17.500 ადამიანს შეადგენს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ჭიათურის მოსახლეობის უმეტესობა დედაქალაქში გადავიდა. დაახლოებით 5.000 ადამიანმა კი მეზობელ ქალაქ საჩხერეს მიაშურა, სადაც ადგილობრივი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი თავისი ქალაქის მოსახლეობას მატერიალურ დახმარებას უწევდა.
ჭიათურაში საერთო დასაქმების დონე დაბალია და ხელფასების ოდენობაც მინიმალურზე ოდნავ დიდია. შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესობა (დაახლოებით 4.000 ადამიანი) “Georgian Manganese” - ის მიერაა დასაქმებული. ასევე დასაქმების წყაროებია ადგილობრივი ხის და სამშენებლო სილის წარმოება. მოსახლეობის მცირე ნაწილი დასაქმებულია ვაჭრობაში, კერძო სერვისში და საჯარო სამსახურში. მოსახლეობის დაახლოებით 30% მისდევს საოჯახო სოფლის მეურნეობას.
ქალაქის ეკონომიკა მადნეულის მოპოვებას ეფუძნება, თუმცა ისევე არ სარგებლობს ამ წარმოებიდან როგორც ადრე. წარმოება იჯარით გადაცემულია კერძო კომპანიაზე რომლის გადასახადების მხოლოდ 15% მიდის ქალაქის ბიუჯეტში. დანარჩენი თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება. ქალაქში არის ასევე რამოდენიმე მცირე ზომის ხის გადამამუსავებელი საწარმო, რომლებიც ძირითადად ავეჯის დეტალებს და პარკეტს აწარმოებს. ამას გარდა ქალაქში დაახლოებით 10 სამშენებლო სილის საწარმოა. სხვა ეკონომიკური საქმიანობა მოიცავს ადგილობრივ ვაჭრობას, სერვისებს და სოფლის მეურნეობას. არ არსებობს ქალაქის ეკონომიკის ზუსტი სტატისტიკა.
კომუნალური ინფრასტრუქტურა ამორტიზირებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას. არ არსებობს კანალიზაციის გამწმენდი ან ნაგვის გადამამუშავებელი ნაგებობები. ნაგავი იყრება ღია ნაგავსაყრელზე. ქალაქს სასმელი წყალი გრაფიკით სამ დღეში ერთხელ მიეწოდება. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ფინანსდება რეგიონალური განვითარების და მუნიციპალური განვითარების ფონდების მიერ. ცენტრალური ქუჩების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მეორადი გზები საჭიროებს შეკეთებას. გზების რეაბილიტაცია ასევე ფინანსდება ზემოთ ნახსენები ფონდებიდან. საბაგირო გზების სისტემა მუშაობს, მაგრამ საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას. ასევე აღსანიშნავია ქალაქის გარშემო კლდის გამაგრების პრობლემა.
ჭიათურა კარგად არის დაკავშირებული აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთან სამანქანო გზით. რკინიგზით იგი დასავლეთ საქარველოს უმსხვილეს ქალაქს – ქუთაისს უკავშირდება. ჭიათურიდან რეგულარულად მოძრაობენ მიკროავტობუსები და ავტობუსები თბილისსა და ქუთაისისკენ. ქალაქში რამდენიმე მუნიციპალურ ხაზზე ავტობუსები მოძრაობენ. საბაგირო გზა ჭიათურაში ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალებაა. ქალაქში არის 17-მდე საბაგირო ხაზი, რომლებიც ცენტრს პლატოზე მდებარე საცხოვრებელ რაიონებთან და შახტებთან აკავშირებენ.
ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში . ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ფეროშენადნობთა ქარხანას. ამჟამად ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი საქართველოს საერთო ექსპორტის 10%-ს შეადგენს. ჭიათურაში მოიპოვებენ უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად, ქალაქის მახლობლად სალიეთის მარმარილოს საბადოა, რომელიც ღია კარიერული წესით ამუშავებს წითელ, ვარდისფერ და რუხ მარმარილოს, ქალაქში არის აგრეთვე საშენი მასალის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები - სილიკატური აგურის ქარხანა, სამკერვალო და ბაიხის ჩაის პირველადი დამუშავების ფაბრიკები, პურის, ხორცის, რძის და ადგილობრივი მრეწველობის კომბინატები და სხვა. ჭიათურაში გადის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ქალაქზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს, შიდა საქალაქო ტრანსპორტია ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან.
ქალაქ ჭიათურის მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ჭიათურაში და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს.არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველეს თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ. მნახველი განცვიფრდება, თუ როგორ შესძლო ადამიანმა მიუვალ კლდეებში თვალუწვდენ სიმაღლეზე გამოეკვეთა მრავალი გამოქვაბული, ამ გამოქვაბულებში შესვლა დღეისათვის მხოლოდ გამოცდილმა მთასვლელებმა მოახერხეს თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით.
მე-19 საუკუნის შუა ხანებში დღევანდელი ჭიათურის მიდამოები ცნობილი გახდა თავისი მდიდარი მანგანუმის მადნის საბადოებით. ამ მიდამოების გეოლოგიური კვლევის პიონერი გერმანელი მეცნიერი ოტტო ვილჰელმ ფონ აბიხი იყო. 1846 წელს აბიხმა შეისწავლა არეალი და უკვე 1949 წელს მან რუსეთის მეფის ნაცვალს ამ თემაზე მოხსენება წარუდგინა. 1872 წელს ცნობილი მწერლის აკაკი წერეთლის თაოსნობით აქ მანგანუმის მოპოვება დაიწყო. 1879 წელს დღევანდელი ჭიათურის ადგილას პირველი შენობები გაჩნდა. მალე უცხოური ინვესტიციების წყალობით მანგანუმის მოპოვება უფრო ინტენსიური გახდა, მაგრამ სათანადო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არქონა ხელს უშლიდა საბადოების მთლიანი პოტენციალის გამოყენებას. 1895 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწის, იმჟამად ქ. ფოთის მერის, ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით ჭიათურა და ფოთი სარკინიგზო ხაზით დაკავშირდა. ამან ხელი შეუწყო წარმოების შემდგომ ზრდას. ამ დროს ჭიათურის მანგანუმი დასავლეთ ევროპის წარმოების მესამედს და მსოფლიო მოპოვების 30% შეადგენდა. 1902 წელს დაახლოებით 190-მა მეწარმემ ”შავი ქვის საზოგადოება” დაარსა, რომელმაც სხვადასხვა საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსება დაიწყო ინფრასტრუქტურის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში. პირველმა მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა მადნის მოპოვება. 1919 წელს 260 კომპანიიდან მხოლოდ 11 მუშაობდა. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მანგანუმის პროდუქციის ნაციონალიზაცია მოახდინა და 1923 წელს მადნის მოპოვება განაახლა. 1925 წელს მთლიანი მანგანუმის მოპოვება ამერიკელ მეწარმეს ა. ჰარიმანს 40 წლით გადაეცა, მაგრამ 1928 წელს მას მოპოვების უფლება გაუუქმდა და მადნის მოპოვება კვლავ საბჭოთა ხელისუფლებამ გააგრძელა. ამ პერიოდიდან ჭიათურის განვითარებაში ახალი ეტაპი დაიწყო. 1930-იან წლებში წარმოების ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი რეაბილიტაცია მოხდა. მეშახტეების პირველი საბაგირო გზებიც ამ დროს მოეწყო. მადნის მოპოვებამ მაქსიმუმს 1960-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდში განახლდა ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურა და მზარდი რაოდენობის მუშა ხელისთვის ახალი საცხოვრებელი უბნები აშენდა. 1954 წელს გაიხსნა პირველი სამოქალაქო საბაგირო გზა. 1970 და 80-იან წლებში ქალაქის ზრდა გრძელდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მადნის მოპოვება შეჩერდა და ქალაქი დიდი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მანგანუმის მოპოვება ახლახანს უკრაინული კომპანია “Georgian Manganese” - ის მიერ განახლდა, თუმცა პროდუქციის სიმძლავრე ძველ დატვირთვას ვეღარ აღწევს.
ქალაქ ჭიათურის კულტურული
მემკვიდრეობის დამცავი ზონები ჯერჯერობით არ არის დადგენილი.
ქალაქში არსებული შენობების უმეტესობა ტექნიკურად ცუდ მდგომარეობაშია. ინდუსტრიული შენობები საჭიროებენ რეაბილიტაციას. მაღლივი საცხოვრებელი შენობებიც სასწრაფო ჩარევას საჭიროებენ. სტალინის ეპოქის შენობები შედარებით კარგ მდგომარეობაშია.
ჭიათურა მიეკუთვნება იმ რამოდენიმე საქართველოს ქალაქის რიცხვს, რომელიც წმინდა ინდუსტრიული მიზნებით დაარსდა. ამასთან ერთად მისი განვითარება მოხდა დიდი დასახლებისთვის შეუსაბამო ლანდშაფტზე. ქალაქის სივრცითი მოწყობა საინტერესოა პრობლემის გადასაჭრელად მიღებული ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების მხრივ (საბაგირო გზების რთული სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირში მის მსგავს სისტემებს შორის პიონერად ითვლებოდა; ქალაქის უბნების განაწილება მდინარის ნაპირებზე და პლატოს სხვადასხვა სიმაღლეებზე; ინდუსტრიული, სატრანსპორტო და საცხოვრებელი ფუნქციების ურთიერთობა და განაწილება და ა.შ. სბაგირო გზების სისტემა უნიკალურია საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში. დაახლოებით 17 საბაგირო ხაზი აკავშირებს ქალაქის ცენტრს მაღლობზე განლაგებულ საცხოვრებელ უბნებსა და შახტებთან. საბაგირო გზების სადგურები სხვადასხვა პერიოდის და არქიტექტურული სტილისაა: კონსტრუქტივიზმი, სტალინური არქიტექტურა, გვიანი მოდერნიზმი. თითოეული სადგური გამოირჩევა როგორც არქიტექტურულად ასევე გამოყენებული საინჟინრო ტექნოლოგიებით და გადაწყვეტებით (არის სადგურები, რომლებიც რამდენიმე საბაგირო ხაზს ერთდროულად ემსახურება). საბაგირო გზების სისტემა ქალაქს აძლევს ფუტურისტულ იერს, როგორც წარმოედგინათ ადრეული ავანგარდის ქალაქმგეგმარებლებს და არქიტექტორებს. ასევე ჭიათურა საინტერესოა, როგორც საბჭოთა პროპაგანდის სივრცე. თუმცა ასეთი დანიშნულების განკუთვნილი ბევრი სივრცე განადგურდა ან გადაკეთდა, ქალაქში მაინც არის შემორჩენილი საბჭოთა პროპაგანდის კვალი. მაგალიტად კულტურის სახლი და დრამატული თეატრი (აშენებულია 1949 წელს), რომლებსაც განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულება გააჩნიათ. ეს შენობები სტალინური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშებია. 1951 წელს დრამატული თეატრის შენობამ მიიღო საბჭოთა კავშირის უმაღლესი არქიტექტურული პრემია. ასევე შემორჩენილია მეორე მსოფლიო ომის მონუმენტი, ელექტრო საათი კლდეზე და ა.შ. ქალაქში არის ინდუსტრიული არქიტექტურის ბევრი საინტერესო ნიმუში მაგ. შახტები, გვირაბები, ხიდები, მანგანუმის დასამუშავებელი ქარხნები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ა.შ. რომლებიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც კულტურული მემკვიდრეობა. ინდუსტრიული მემკვიდრეობის გარდა ქალაქში და მის სიახლოვეს არის შუა საუკუნეების რელიგიური ნაგებობები როგორიცაა მღვიმევის დედატა მონასტერი, კაცხის სვეტი (40 მეტრის სიმაღლის ვერტიკალური კლდე, რომლის თავზე არის პატარა ეკლესია) და კაცხის მონასტერი. ჭიათურასთან ახლოს ასევე არის რამდენიმე კარსტული გამოქვაბული მდიდარი არქეოლოგიური აღმოჩენებით.
ჭიათურის კულტურული მემკვიდრეობა მაღალი ღირებულებისაა.
კულტურული მემკვიდრების ობიექტებს აკლია შესაბამისი მოვლა და რესტავრაცია.
ჭიათურის თანამედროვე მემკვიდრეობის ღირებულება ჯერ შეფასებული და აღიარებული არ არის. შუა საუკუნეების ეკლესიები დაცულია სახელმწიფოს მიერ.
არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს,ჭიათურის მიდამოები,ისევე,როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი,უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული.მეცნიერებმა გამოიკვლიეს მდინარე ყვირილასა და მისი შენაკადის -ჯრუჭულას ხეობაში არსებული გამოქვაბულები: „სამგლე კლდე“,“ძუძუანას გამოქვაბული“, „სამელე კლდე“ და სხვა,სადაც მნიშვნელოვანი მასალები იქნა ნაპოვნი ზედა და ქვედა პალეოლითის პერიოდიდან.
ჭიათურის მიდამოებში,მდინარე ჯრუჭულის ხეობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები ჩვენს ერამდე რამდენიმე ათასწლეულის წინანდელ პერიოდს განეკუთვნება.ჭიათურასთან ახლოს,სოფელ ნავარძეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რკინის სადნობი უძველესი ღუმელის ნაშთი რკინისა და წიდის ნატეხებით,რაც იმაზე მეტყველებს,რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები უმაღლესი ხარისხის ლითონის მისაღებად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ მანგანუმის შენადნობს.
2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა გამოქვაბულში დღესაც გრძელდება
ქალაქ ჭიათურის ისტორიული ბაღების, პარკებისა და სარეკრეაციო სივრცეების ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
ჭიათურა მიეკუთვნება იმ რამოდენიმე საქართველოს ქალაქის რიცხვს, რომელიც
წმინდა ინდუსტრიული მიზნებით დაარსდა. ამასთან ერთად მისი განვითარება მოხდა დიდი
დასახლებისთვის შეუსაბამო ლანდშაფტზე. ქალაქის სივრცითი მოწყობა საინტერესოა
პრობლემის გადასაჭრელად მიღებული ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების მხრივ
(საბაგირო გზების რთული სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირში მის მსგავს სისტემებს
შორის პიონერად ითვლებოდა; ქალაქის უბნების
განაწილება მდინარის ნაპირებზე და პლატოს სხვადასხვა სიმაღლეებზე; ინდუსტრიული,
სატრანსპორტო და საცხოვრებელი ფუნქციების ურთიერთობა და განაწილება და ა.შ.
საბაგირო გზების სისტემა უნიკალურია საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში. დაახლოებით 17 საბაგირო ხაზი აკავშირებს ქალაქის
ცენტრს მაღლობზე განლაგებულ საცხოვრებელ უბნებსა და შახტებთან. საბაგირო გზების სადგურები
სხვადასხვა პერიოდის და არქიტექტურული სტილისაა: კონსტრუქტივიზმი, სტალინური
არქიტექტურა, გვიანი მოდერნიზმი. თითოეული სადგური გამოირჩევა როგორც
არქიტექტურულად ასევე გამოყენებული საინჟინრო ტექნოლოგიებით და გადაწყვეტებით
(არის სადგურები, რომლებიც რამდენიმე საბაგირო ხაზს ერთდროულად ემსახურება).
საბაგირო გზების სისტემა ქალაქს აძლევს ფუტურისტულ იერს, როგორც წარმოედგინათ
ადრეული ავანგარდის ქალაქმგეგმარებლებს და არქიტექტორებს.
ასევე ჭიათურა საინტერესოა, როგორც საბჭოთა პროპაგანდის სივრცე. თუმცა
ასეთი დანიშნულების განკუთვნილი ბევრი სივრცე განადგურდა ან გადაკეთდა, ქალაქში
მაინც არის შემორჩენილი საბჭოთა პროპაგანდის კვალი. მაგალიტად კულტურის სახლი და
დრამატული თეატრი (აშენებულია 1949 წელს), რომლებსაც განსაკუთრებული არქიტექტურული
ღირებულება გააჩნიათ. ეს შენობები სტალინური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშებია.
1951 წელს დრამატული თეატრის შენობამ მიიღო საბჭოთა კავშირის უმაღლესი
არქიტექტურული პრემია. ასევე შემორჩენილია მეორე მსოფლიო ომის მონუმენტი, ელექტრო
საათი კლდეზე და ა.შ. ქალაქში არის ინდუსტრიული არქიტექტურის ბევრი საინტერესო
ნიმუში მაგ. შახტები, გვირაბები, ხიდები, მანგანუმის დასამუშავებელი ქარხნები,
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ა.შ. რომლებიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც
კულტურული მემკვიდრეობა.
ინდუსტრიული მემკვიდრეობის გარდა ქალაქში და მის სიახლოვეს არის შუა საუკუნეების
რელიგიური ნაგებობები როგორიცაა მღვიმევის დედატა მონასტერი, კაცხის სვეტი (40
მეტრის სიმაღლის ვერტიკალური კლდე, რომლის თავზე არის პატარა ეკლესია) და კაცხის
მონასტერი. ჭიათურასთან ახლოს ასევე არის რამდენიმე კარსტული გამოქვაბული მდიდარი
არქეოლოგიური აღმოჩენებით.
მაღალი კულტურული მემკვიდრების ობიექტებს აკლია შესაბამისი მოვლა და
რესტავრაცია, ჭიათურის თანამედროვე მემკვიდრეობის ღირებულება ჯერ შეფასებული და
აღიარებული არ არის. შუა საუკუნეების ეკლესიები დაცულია სახელმწიფოს მიერ.
დღემდე ჭიათურის მემკვიდრეობას არ შეუტანია წვლილი ადგიობრივი თემის
სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა რეაბილიტაციის, სწორი მართვის და
პოპულარიზაციის შემთხვევაში აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს ადგილობრივ სოციალურ და
ეკონომიკურ განვითარებას ტურიზმითა და კულტურული ღონისძიებებით.
ბუნებასთან შერწყმულ ინდუსტრიულ მემკვიდრეობას აქვს პოტენციალი მოერგონ სხვადასხვა ალტერნატიულ კულტურულ ფუნქციებს,
რათა ხელი შეუწყონ ტურიზმსა და კულტურულ აქტივობას.
ქალაქ ჭიათურის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
ჭიათურის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
დაცულია გამყინვარებამდე წყალში მცხოვრებ ცხოველთა გაქვავებული სხეულები, კერძოდ ზვიგენის გაქვავებული მალა, მოლუსკები, კუ, თევზი, ნიჟარები და სხვა. ექსპონატებს შორისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
არქეოლოგიური
გათხრების
შედეგად აღმოჩენილი ქვის და ძვლის სამუშაო და საბრძოლო იარაღები, ძვ. წ. III ათასწლეულის ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ასევე ქალის ბრინჯაოს სამკაულები:
სამაჯურები,
საყურეები,
ბალთები, ქინძისთავები, მძივები და სხვ.
ფეოდალურ პერიოდს მუზეუმში წარმოადგენს
წყლის გაყვანილობის თიხის მილები, თიხის ჭურჭელი, შუა საუკუნეების
ქართველი მეომრის საბრძოლო აღჭურვილობა,
ასევე სპარსული და ოსმალური საბრძოლო იარაღები. მუზეუმში ცალკე კუთხე აქვს დათმობილი საეკლესიო ნივთებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ვახტანგ მეექვსის დროინდელ სტამბაში გადაწერილი
"სამოციქულ".
აღსანიშნავია მღვიმევის დედათა მონასტერის კარის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება
მე-13 საუკუნის მეორე ნახევრით.
აგრეთვე ინახება ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა
ფერწერული
და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები.
მოწყობილია მანგანუმის მრეწველობის განვითარების კუთხე წარმოების დაწყების დღიდან დღემდე.მუზეუმი აქვს საკუთარი საგანმანათლებლო
პროგრამები
და გამოცემები.
ჭიათურის რაიონის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია რესპუბლიკაში. ქალაქს აქვს კულტურის ცენტრი. ჭიათურისა და მისი სოფლების წარსული წარმოდგენილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ქალაქში მუშაობენ სამუსიკო სკოლები და ქორეოგრაფიული სტუდიები.
ქალაქში ფუნქციონირებს რეგიონალური ტელეკომპანია იმერვიზია, ჭიათურაში გამოდის გაზეთები: „საშევარდნო“, „მაღაროელი“ და „ჭიათურა“(დაარსდა 1924 წელს).
ქალაქში არის კულტურის დაწესებულებები: აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი, კინო-თეატრი,რიტუალების სასახლე, მხატვრის სახლი, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და კულტურის სასახლე. ჭიათურაში მოსწავლეთა კულტურულ აღზრდას ემსახურება კულტურის ცენტრთან არებული "მსახიობთა სკოლა", ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ჩანგი", ხალხური ცეკვის ანსამბლები: "მერცხალი", "ფესვები" და "ანსამბლი-XXI", ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "იმერეთი",საესტრადო სიმღერის შემსწავლელი სკოლა "ნატვრისთვალი" სამეჯლისო-სპოტრული ცეკვების სტუდიები: "დანს-ფორუმი", "გრაცია" და "ელეგანტი". ქალაქში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. ჭიათურის შესასვლელში დგას დიდების მემორიალი.
ქალაქში არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები, კავშირგაბმულობის განყოფილება, ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, ასევე ჭიათურის სამთო მეტალურგიული სასწავლებელი. ქალაქში არის 9 საჯარო სკოლა და ერთი სკოლა პანსიონი, 1 კერძო სკოლა, 1 სასულიერო სკოლა, 1 გიმნაზია, 3 სასპორტო, 3 სამუსიკო და 2 სამხატვრო სკოლა, 13 საბავშვო ბაღი. ქალაქ ჭიათურის სკოლებში სწავლობს დაახლოებით 4000-მდე მოსწავლე, ასწავლის 500-მდე მასწავლებელი.
ჭიათურაში არის საფეხბურთო კლუბი „ჭიათურა". მოქმედებს საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო, საჩოგბურთო, კრივის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის,ცურვის, კარატისა და მძლეოსნობის სკოლები. ქალაქს აქვს ცენტრალური სტადიონი გათვლილი 11 700 მაყურებელზე, ასევე სარეზერვო სტადიონი გათვლილი 2 500 მაყურებელზე.
1892 წელს ინგლესელებმა, ჭიათურაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს მე-19 საუკუნის დამლევიდან იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა
"Forward and Salinas"-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ჩოგბურთი შემოიტანა. გამოჩენილი ინგლისელი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი, რომელიც ჭიათურაში მოღვაწეობდა თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი - აკაკი წერეთელი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა.