29 ივნისს, ქ.დუშეთის კულტურის ცენტრში (ყოფ. მუსიკალური სკოლის შენობა ), პროექტის ,, თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში’’ ფარგლებში, გაიმართა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, გამგებლის პირველი მოადგილე და პროექტის მენეჯერი ქ.დუშეთში- ბექა ღარიბაშვილი, გამგებლის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი- მიხეილ კარიაული, გამგებლის მრჩეველი- ლევან მნათობიშვილი, გამგებლის თანაშემწე და პროექტის კოორდინატორი ადგილობრივ დონეზე- თინათინ ცოცხალაშვილი,პროექტის ოფიცერი ეროვნულ დონეზე- რუსუდან მირზიკაშვილი და მესაკუთრეები, რომელთა მფლობელობაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღრიცხული ობიექტები.
პროექტის ოფიცერმა- რუსუდან მირზიკაშვილმა მესაკუთრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა COMUS-ის შესახებ და ისაუბრა, თუ როგორ არის შესაძლებელი აღნიშნული პროექტით განვითარების საშუალებებისა და ინსტრუმენტების ისე ჩამოყალიბება, რომ ქ. დუშეთში ურბანული პროცესების განვითარების გაძლიერება მოხდეს; თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა საზოგადოებამ დაინახოს რას ფლობს და შეაფასოს ეს, როგორც პირდაპირი არსებული რესურსი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სწორად დაგეგმილი პოლიტიკისა და სტრატეგიების მეშვეობით, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ქალაქის განვითარებისათვის.
პროექტის მენეჯერმა ადგილობრივ დონეზე- ბექა ღარიბაშვილმა დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფს პროექტის დაგეგმვის ფაზაში შემუშავებული ადგილობრივი საბაზო გეგმა და პრიორიტეტული ქმედებები გააცნო. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ შეევსოთ სპეციალური კითხვარი, რისი მეშვეობითაც საბაზო გეგმით განსაზღვრულ ქმედებებს შორის დააფიქსირეს 5 ყველაზე პრიორიტეტული, რაზედაც, მათი აზრით, მუშაობა უნდა გაგრძელდეს პროექტის შემდგომ ეტაპზე.
შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტების მესაკუთრეებმა დუშეთის მუნიციპალური ხელისუფლებისაგან არა მხოლოდ პროექტ COMUS-ის კონტექსტით გათვალისწინებული საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, არამედ სხვა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც.დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გაძლიერებით ისტორიულ ქალაქ დუშეთში სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტიმულირების შესაძლებლობებს. ადგილობრივებისაგან მოისმინა და მოინიშნა ის ხედვები და წარმოდგენები, რომლებიც მესაკუთრეებს კულტურული მემკვიდრეობის ახლებური გამოყენების თვალსაზრისით გააჩნიათ.დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესისა და თხოვნის გათვალისიწინებით, შეხვედრაზე, აგრეთვე, გაიმართა დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტის განხილვა. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განსახორციელებელ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის პირველ ეტაპს.