საქართველოს ისტორიული ქალაქები ლოგო

სიღნაღი

ქალაქი სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. სიღნაღი მდებარეობს ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე.ქალაქის ტერიტორია 296,5 ჰექტარს მოიცავს.

ქალაქი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია და მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, მისი მოსახლეობა 2002 წლის მონაცემებით მოსახლეობა 2,1 ათას ადამიანს შეადგენს. ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.

სიღნაღი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას და აქ მდებარეობს ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია. სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. ქალაქის გაშენება შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.
სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის მიხედვით კი ჴიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა.

სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.

ამჟამად სიღნაღი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია საქართველოში. 

სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევებით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.მეცნიერთა გამოკვლევით თანამედროვე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი. მუნიციპალიტეტის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში. ბერძენი  გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი მას ,,კამბისენეს”  უწოდებდა. იბერიიდან ალბანეთში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბისენეზე გადისო – წერდა იგი. ბერძენ ისტორიკოსს დიონ კასიოსს მდინარე იორიც  ,, კამბისად“  აქვს დასახელებული.

სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. მე-2-1 საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა.

საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. მეფე ვახტანგ გორგასალმა ჰერეთი და მასში შემავალი კამბეჩოვანი საუფლისწულოდ აქცია და თავის ძეს, დაჩის, მისცა, ხოლო ხორნაბუჯში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. ხორნაბუჯზე გადიოდა მაგისტრალური სავაჭრო-საქარავნო გზა.

მე-8-9 საუკუნეებში, მიუხედავად არაბთა დამანგრეველი შემოსევებისა, ჰერეთი ძლიერდება და სამთავროდ ყალიბდება. მე-11 საუკუნეში მეფე ბაგრატ III-მ კაჰეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს შეუერთა, რაც საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა განამტკიცა. მე-13 საუკუნეში ჯალალედინისა და მონღოლთა თარეში კამბეჩოვანსაც შეეხო, რომელიც მონღოლთა ერთ-ერთ დუმენად (სამხედრო ოლქად) იქცა.

1264 წელს ბერქა ყაენის გამანადგურებელი შემოსევის დროს ხორნაბუჯის ციხეც დაეცა. ამის მერე ხორნაბუჯი, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, კარგავს მნიშვნელობას. მოიშალა გზები, რომლებიც ამ ქალაქზე გადიოდა. არემარე პერიფერიაზე აღმოჩნდა. კამბეჩოვნის ცენტრმა ჩრდილო-დასავლეთისკენ ჴიზიყში გადაინაცვლა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სამეურნეო საქმიანობა და მოსახლეობა. ეს დაახლოებით მე-14-15 საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.

ჴიზიყი მნიშვნელოვნად გაძლიერდა მე-18 საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დროს (1744-1798). მეფე ერეკლეს ჰყვარებია ქიზიყი და ქიზიყელები. მან პირველი საბრძოლო ნათლობა ქიზიყში მიიღო, როცა 15 წლისა მამაცურად წარუძღვა ქიზიყელთა ლაშქარს, სასტიკად დაამარცხა ლეკთა ჯარი და გამარჯვებული დაბრუნდა მაღაროს.  სიღნაღის ქალაქად ჩამოყალიბება სწორედ ამ დროს ხდება. მეფე ერეკლეს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული. სიღნაღს გარს აკრავს დიდი გალავანი 28 კოშკით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ლეკებისაგან დასაცავად ააგო. მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც ის 200 წლის წინ იყო.

ქართლ-კახეთის სამეფოს  გაუქმების შემდეგ, 1802 წლიდან, სიღნაღი სამაზრო ცენტრი გახდა. მას, ჭარ-ბელექანთან და დაღესტანთან მოსაზღვრეობის გამო, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ნიენიჭა.. ამიტომაც, კავკასიის მთავარმართებლის გადაწყვეტილებით, მაზრაში რუსეთის იმპერიის ,,44-ე ნიჟეგოროდის დრაგუნთა“ პოლკი განთავსდა, რომელსაც რეგიონის დაცვა დაევალა. ერეკლე მეფეს მიეწერება სიღნაღის გადაქცევა  ქალაქად.

ქალაქში ყოფილა ცხრამდე ღვინის მარანი,აგურის ქარხანა, სატრანსპორტო ,,ლინეიკების“  არტელი, ტყავის ქარხნები და სხვა.

ბოდბის მონასტერთან არსებობდა სკოლა. 1818 წლს სიღნაღში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, სადაც სწავლობდა ცნობილი ფილოსოფოსი სოლომონ დოდაშვილი. 1880 წლისთვის სიღნაღში იყო სასწავლებელი, რომელსაც სამი მოსამზადებელი კლასი ჰქონდა,სკოლის გამგე და მასწავლებელი იყო ივანე ჯავახიშვილის მამა ალექსანდრე.

1938 წელს, საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის რაიონი შეიქმნა.

მე-19 საუკუნის  II ნახევრიდან სიღნაღში ფეხს იკიდებს ქალაქური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი, სალონური ტიპის საღამოები, სადაც, უმთავრესად, ინტელექტუალური ელიტა იკრიბებოდა.

მე-19 საუკუნის ბოლოსთვის, სიღნაღში შეიქმნა მოძრავი თეატრალური დასი, ჩამოყალიბდა ქართული და აღმოსავლური სამუსიკო დასები, იქმნებოდა სამუსიკო სალონები. სიღნაღი რეგიონის  კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სიღნაღი კვლავ სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.

დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.

ქალაქ სიღნაღის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები ჯერჯერობით არ არის დადგენილი..

სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია, არამარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. გადმოცემის თანახმად, სიღნაღის  გალავანში ცოცხლად დაუტანებიათ ადამიანი.ლეგენდა გვამცნობს, ოსტატებმა სწრაფად მიატოვეს ცოდვიანი ადგილი, ხოლო, იმ კედლის ძირში, სადაც კაცი დაატანეს წყარო გადმოდისო.

სიღნაღის ციხე-გალავნის კედლები მოსკოვის კრემლისოდენა ფართობს მოიცავს, მას 40 ჰა ფართობი უჭირავს. გალავნის სიგღძე 4 კილომეტრამდეა. მას ჰქონია 23 კოშკი და 6 თაღოვანი კარიბჭე. ყველა თავის სახელს ატარებდა  სოფლების მიხედვით: მაღაროს ჭიშკარი და მისი ორი კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი პირველი და კახეთის კოშკი მეორე, შილდის კოშკი, და შილდის ჭიშკარი. ,,ნარინგკალეს“ კოშკი.ზიარ-ფხოველი კოშკი, კოშკი ვაქირის ჭიშკართან, ვაქირის ჭიშკარი, კარდენახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის ჭიშკარი, მისი მცველი ორი კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი, ბოდბის კოშკი.

სიღნაღის ციხე-გალავანი ნაგებია რიყის ქვით, ხოლო უმნიშვენო რაოდენობითაა გამოყენებული აგური.

წმ. სტეფანეს ეკლესია 1762 წელს არის აგებული და ჩაშენებულია სიღნაღის გალავნის ყველაზე დიდ კოშკში. ამჟამად წმ. სტეფანეს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლია სიღნაღში. აქედან იშლება წარმტაცი ხედი ქალაქ სიღნაღსა და ალაზნის ველზე.

 

მ.სტეფანე ხირსელის მონასტერი

ხირსის მამათა მონასტერი


  

 

ხირსის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა სტეფანემ (552-557წ.წ.), რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებენ. ისტორიკოს-გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ხირსის მონასტერზე წერს: „კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმიდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე. ზის წინამძღვარი“.

ღირსი სტეფანე ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომელთაც VI საუკუნის II ნახევარში საქართველოში შემოსულებმა თავიანთი მგზნებარე ქადაგებით, ფიცხელი მოსაგრეობითა და თავგანწირული შრომით ჩააქრეს ჩვენში ზოროასტრის ცეცხლთაყვანისმცემლობის კულტი, დააარსეს უდაბურ და მიუდგომელ ადგილებში ღირსად საქები მონასტრები და სულიერად განანათლეს ჩვენი ქვეყანა. მათივე დაუცხრომელი ენერგიის წყალობით გაბრწყინდა  ჩვენში მონაზვნობა, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს საქართველოში ქრისტიანობის დამყარებისა და  დაცვის, კავკასიის მთიელთა შორის  მისი გავრცელების, აგრეთვე ჩვენი სასულიერო მწერლობის განვითარებისა და გამდიდრების საქმეში.

ღირსმა სტეფანემ თავისი მრავალჭირნახული ღვაწლისათვის შეარჩია ცივგომბორის ქედზე მცირე ფერდი, რომელიც იმ დროს დაფარული იყო უსიერი ტყით. აქ მან აღაშენა თავისი ზეციური მფარველის წმ. პირველმოწამე სტეფანეს სახელზე მცირე ეკლესია, რომელიც, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, კახეთის მეფე კვირიკე I-ის (893-918) შრომით შეცვლილა საკმაოდ მოზრდილი ტაძრით.

სახელ „ხირსის“ წარმომავლობა უცნობია. ზოგს  ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან „ღირსი“. ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც იმ დროს, როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკმაოდ წყალუხვი ყოფილა. თუმცა ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მდინარეს შეეძლო მიეღო სახელი მონასტრისგან. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი „ხირსა“ შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი განმარტოებული მოსაგრეობის ადგილისთვის.

ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. ტაძრის სიგრძე მაღალდასაჯდომლიდან დასავლეთის კარიბჭემდე დაახლოებით 41,3 მეტრია, სიგანე – 23,4 მეტრი, ხოლო სიმაღლე ლავგარდანამდე – 15,4 მეტრი. ტაძარი გვირგვინდება მაღალი კონუსის მსგავსი გუმბათით. შემოსასვლელი კარი ორი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმ. ნიკოლოზის ეკვდერისკენ მიემართება, ხოლო იქიდან – მთავარ ტაძარში. მთავარი საკურთხევლის მარჯვნივ, სამხრეთით არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხნივ კი, ჩრდილოეთით მეორე ეკვდერია, რომლის შესასვლელშიც არის სამარხი ღირსი სტეფანე ხირსელისა. აღნიშნულის გარდა, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთითარის წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკვდერიც, რომელსაც გარედან, მღვდელმონაზონ ფილადალფოს კიკნაძის მიერ, მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის.

 

მონასტერი მე-19 საუკუნეში

 მონასტერი მრავალჯერ აღუდგენიათ. როგორც მართლმადიდებლბის მოწინავე ბურჯი, იგი ხშირად დარბეულა სარწმუნოების მტერთაგან, მაგრამ საქართველოს კეთილმორწმუნე გვირგვინოსნები ზრუნავდნენ მის აღდგენა-აშენებაზე, რის წყალობითაც ამ ჭაღარა ტაძარმა, რომელიც თოთხმეტი საუკუნე განანათლებდა გარშემო მართლმადიდებელ მოსახლეობას, ჩვენამდე მოაღწია.

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმინდა ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება.

XIX ს-ის დასაწყისისთვის წმ. სტეფანეს ტაძარი ნგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს, ეგზარქოს იოანეს (1821-1832) დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა ფილადელფოს კიკნაძე (1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე).

მონასტრის დასავლეთით აღმართულია საკმაოდ მაღალი გალავანი, რომელიც პლ. იოსელიანის მოწმობით, კახეთის მეფე ლეონს შეუკეთებია. ხირსის მონატრის დასავლეთით მდებარეობს სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) აუგია საკუთარი სახსრებით XIX ს-ში. მონასტრის ტაძარს ადრე თავისი გალავანი ჰქონია, რომელისგანაც ამჟამად მცირე ნაშთებია დარჩენილი. მონასტრის ეზოში მდებარეობს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და მარანი, რომელიც არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე, 1893-1897) დროსაა აგებული. აქვეა ბერების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. მისი მესვეურნი დაუღალავად იღვწოდნენ ქრისტიანობის გასავრცელებლად დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში, დერბენტში და სხვ. ამ მონასტრის წინამძღვართაგან სამისიონერო სარბიელზე განსაკუთრებით იღვაწა წმ. იოანე მანგლელმა (სააკაძე, 1751), რომლის წმინდა ნაწილების თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში განისვენებენ.


ტაძრის ინტერიერი

ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ერთი ძველი ქართული ჩვეულება -  აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს თავის ფიზიკურ შრომას სწირავდენ, ე.ი. მოდიოდნენ მონასტერში და მუშაობდნენ უსასყიდლოდ რამდენიმე

თვე, საკუთარი აღთქმის პირობაზე. მონასტერი კი ამ უფასო მუშებს მხოლოდ საკვებს და ქალამნებს აძლევდა. მონასტრისათვის შრომის უსასყიდლოდ შემწირველ მუშას „კურატი“ ეწოდებოდა. როდესაც კურატი დროს გაასრულებდა, სთხოვდა პარაკლისის გადახდას სთხოვდა მღვდელმონაზონს და შინ ბრუნდებოდა.

მონასტრის საუკეთესო სამკაულს წამოადგენდა მისი უძველესი სიწმინდე – წმ. პირველმოწამე სტეფანეს ნეკი, რომელიც, სავარაუდოდ, თვით ღირს სტეფანეს ჩამოუბრძანებია. დღეისათვის წმ. სტეფანეს ნეკი ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.

მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეწყდა. საბჭოთა წყობის წლებში წმ. სტეფანეს ტაძარი საწყობად იყო გამოყენებული. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა.

მონასტერი განახლდა XX ს-ის 90-იან წლებში. 2005 წლის ნოემბრიდან მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ლაზარე (გრძელიშვილი). მისი ძალისხმევით დაიწყო მონასტრის ტერიტორიის მოწესრიგება. 2002 წლის გაზაფხულზე განახლდა წმ. ნიკოლოზის ეკვდერი.

2004 წლისათვის წმ. სტეფანე პირველმოწამის ტაძარს კიდევ ორი მოქმედი ეკვდერი შეემატა – ღვთისმშობლის მიძინებისა და წმ. სტეფანე ხირსელისა. გარდა ამისა, ტაძარი გაიწმინდა, გამაგრდა საკურთხევლის კედელი (რომელიც დანგრევის პირას იყო მისული), ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები.

სამომავლოდ დაგეგმილია ტაძრის სახურავის განახლება და კედლების გამაგრება. რესტავრაციას საჭიროებს ტაძრის შიდა კედლები, გაჯის სქელი ფენის ქვეშ შესაძლოა ფრესკების ნაშთი იყოს შემორჩენილი.

მონასტერს აქვს მცირე მეურნეობა.

 

წმინდა გიორგის ეკლესია სიღნაღში

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი, წმიდა გიორგის მართლმადიდებლური ეკლესია კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

XVIII საუკუნეში სიღნაღის ციხე-გალავნის შიგნით წმიდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც ერეკლე II-მ აქ სომხები ჩამოასახლა, სხვადასხვა პრივილეგიებთან ერთად სალოცავად ეს ტაძარიც გადასცა, რის შემდეგაც მას სუფ გეურქის (ანუ წმიდა გიორგის) ეკლესია ეწოდა. მღვდელმსახურება სომხურ ენაზე წარმოებდა. სიღნაღელი სუმბათა ეფრემოვის გადმოცემით, რომელმაც ეს ამბავი პაპისაგან იცოდა, ტაძარი 1782 წელს გადაუკეთებიათ, მშენებლობის ხელმძღვანელი ვინმე სერიოჟა აკოფკოვი ყოფილა. ის თურმე ამ ადგილთან ახლოს ცდილობდა სომხური სკოლის აშენებას, რომლის კედელიც გვიანობამდე იყო შემორჩენილი, თუმცა ვერ დაუსრულებია ( შემდგომში სოხური სკოლა გაიხსნა ახლანდელი რუსთაველის ქუჩაზე. სკოლა 1912წ. დაუმთავრებია მდიდარ ვაჭარს აფაროვს, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა და სიკვდილის შემდეგ საკუთარი სახლიც სკოლას დაუტოვა).


სიღნაღის წმიდა გიორგის ეკლესიასურბ გეურქის ეკლესიაში მღვდელმსახურებას ეწეოდნენ სომეხი მღვდლები: ტერ გეურქა, ტერ ნურინძა. ისინი ეკლესიის მახლობლად, ახლანდელ ევდოშვილის ქუჩაზე არსებულ პატარა ბინებში ცხოვრობდნენ და აქვე, ეკლესიის ეზოში იმარხებოდნენ. სიღნაღელთა გადმოცემით, ბოლო სომეხი მღვდელი ტერ ეღიშა (არაქელოვი) გახლდათ. ეკლესიაში 2-3 მღვდელი მსახურობდა. სიკვდილიანობის დროს მიცვალებულს მოასვენებდნენ, წესს აუგებდნენ და მერე დაკრძალავდნენ. დასაფლავებისას წინ მღვდელი მიდიოდა, გალობდა, მერე მიცვალებულს მიაბრძანებდნენ, შემდეგ კაცები მჰყვებოდნენ, ბოლოს – ჭირისუფალი ქალები და სხვა მანდილოსნები.


სიღნაღელი ალექსანდრე სისოევი იგონებს, რომ ამ ტაძართან მტრედები ბუდობდნენ. მათ ბავშვები დასდევდნენ და იჭერდნენ ხოლმე. აღდგომის დროს ფერად ფანრებს ანთებდნენ და ზარებს რეკდნენ.


საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. სიღნაღელი კარლო სულხანოვის გადმოცემით, 1958 წლის თებერვალში ძლიერი ქარის შედეგად ჯვარი ჩამოვარდა, ეზოში გადახრილი დაეცა. კარლომ იგი თავისთან შეინახა, შემდეგ, მეზობელი კაცების თანდასწრებით, მუზეუმის დირექტორმა გოგია ყაჯრიშვილმა და კულტურის განყოფილების გამგემ ი.სიმონიშვილმა ჯვარი მუზეუმში წაიღეს. კარლომ დაზიანებული ჯვრის ნაწილები აღადგინა , ახალი ბურთები გაუკეთა. ჯვარს ზედ 1712წ. ეწერა. მან გარემონტებულ ჯვარზე ამოტვიფრა: “ოქრომჭედელი კარლო სულხანოვი”.


1980 -იან წლებში ეკლესიის სამრეკლოზე დააყენეს პროჟექტორი, რომელიც თეატრის რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ მოიტანა, ჯვრის აღმართვა მაშინდელი რაიკომის მდივნის ნოდარ ბუჩუკურის უარის გამო ვერ მოხერხდა. ამ პერიოდში აქ ახალგაზრდული კლუბის გახსნას გეგმავდნენ.



სიღნაღის წმიდა გიორგის ეკლესია


კომკავშირის რაიკომის მდივნის გულიკო ნადაშვილის ინიციატივით, ეკლესია გასუფთავდა , შერემონტდა, თუმცა იქ არსებული საფლავები განადგურდა.


1983 წელს რაიკომის მდივნის თამაზ ქევხიშვილის თაოსნობით ციხე – გალავნის რესტავრაცია დაიწყო. მაშინ გადაწყდა ჯვრის დადგმაც. სიღნაღელების – ბახვა ლობჟანიძის, გურამ კასარელის , ვანიკო ქევხიევის – დახმარებით, მშენებელი ინჯინრის ოთარ ვანიძისა და არქიტექტორ ნოდარ ბაკაშვილის უშუალო მონაწილეობით 1984 წლის ივნისში ჯვარი სამრეკლოზე დამონტაჟდა, ხოლო მღვდელმსახურება ამ ტაძარში 1994 წლიდან განახლდა. წმიდა გიორგის ტაძარი უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.


ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. იატაკზე თავიდან დაიგო ფილები, აშენდა ტრაპეზი და კანკელი, ასევე მეუფე თეოდორესა (ჭუაძე) და მამა დიმიტრის (კაპანაძე) ხელშეწყობით გაკეთდა აღსავლის კარი.
წლების განმავლობაში ამ ტაძარში მღვდელმსახურებას ეწეოდნენ მამა ნიკოლოზი და მამა ანტონი. დღეს ეკლესიაში წირვა -ლოცვას მამა ექვთიმე აღავლენს. ეკლესიას მგალობელთა გუნდი, მედავითნე და მესანთლეები ემსახურებიან.

 

წმინდა ნინოს - ბოდბის მონასტერი

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის. 14 წლის იყო წმიდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი და წარმართობის ნისლით დაფარული ერი ჭეშმარიტების ნათელს აზიარა. 


წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. V ს. ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX ს.ს. მიიღო. XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი. მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად. შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო. 


ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა. ეგზარქოსების მიერ ბოდბის ეპარქიის გაუქმებამდე მისი უკანასკნელი მღვდელმთავარი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იოანე მაყაშვილი იყო. იოანე ბოლნელის ღვაწლით 1823 წელს კიდევ ერთხელ შეიმკო და გამშვენდა სავანე, მოიხატა ტაძარი, გაკეთდა ახალი კანკელი (მხატვრობაცა და კანკელიც დღემდეა შემორჩენილი), აშენდა საეპისკოპოსო სასახლე კარის ეკლესიითურთ.

იოანე მაყაშვილის გარდაცვალებასთან (1837 წ.) ერთად ბოდბის ეპარქიაც გაუქმდა და მონასტერიცა და სემინარიაც მოიშალა. ამ დროიდან ბოდბეს არქიმანდრიტები განაგებდნენ. მათ შორის გამორჩეული ადგილი არქიმანდრიტ მაკარის ეკავა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული გალობის აღორძინებას აქცევდა. მას ამ საქმისთვის საგანგებოდ მოუწვევია მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი და გალობის სკოლა გაუმართავს. თუ როგორი იყო ეს სკოლა, ამაზე ნათლად მეტყველებს დიმიტრი ყიფიანის წერილი, არქიმანდრიტ მაკარისადმი მიწერილი: „სული ჩემი დასტკბა, რა ვისმინე გალობა ჩვენი ძველებური, თქვენის ზრუნვითა და მეცადინეობით განახლებული“. მისივე დროს, 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა. 


XIX საუკუნის 80-იან წლებში ეგზარქოსების მიერ დაუმსახურებლად მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. მან წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. მისივე დაუღალავი მოღვაწეობით შემზადდა ნიადაგი აქ დედათა მონასტრის გახსნისათვის. 


იმავე საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია ამ ადგილს და მისი ბრძანებით 1889 წელს ბოდბეში დედათა მონასტერი გაიხსნა, აქვე მოქმედებდა ქალთა სასწავლებელი. 1902-1906 წლებში მონასტრის წინამძღვარი იუვენალია II იყო (ერობაში თამარ მარჯანიშვილი, დიდ სქემაში თამარი, კოტე მარჯანიშვილის და; მისი წმიდანად შერაცხვის საკითხი ამჟამად განიხილება რუსეთის ეკლესიის მიერ). საქართველოს ეკლესიისათვის ამ ურთულეს პერიოდში, როდესაც მთელი ძალით მიმდინარეობდა გარუსების პოლიტიკა, თამარ მარჯანიშვილის ძალისხმევით ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე. მისივე დამსახურებით ბოდბის ტაძარში მისი წინამძღვრობისას წირვა-ლოცვაცა და გალობაც, რომელაც იღუმენია იუვენალია თავად ასწავლიდა გოგონებს სასწავლებელში, ქართულად მიმდინარეობდა. 


კომუნისტთა მიერ დარბეული უძველესი ტრადიციების მქონე ბოდბის მონასტერი კვლავ აღდგა 1991 წელს. ამჟამად მონასტერში ოცდაათამდე მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს. მოწესე დედები ძირითადად ახალგაზრდები არიან. ისინი წინამძღვრის, იღუმენია თეოდორას, ხელმძღვანელობით მრავალგვარ საქმიანობას ეწევიან და იმედოვნებენ, რომ მონასტერი მალე დაიბრუნებს ოდინდელ დიდებას და აქ კვლავინდებურად გაცოცხლდება მრავალი ღვაწლით გამშვენებული სულიერი ცხოვრება.


მართლაც, სავანე, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იბრუნებს პირვანდელ სახეს. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით ხდება მონასტრის აღორძინება: შეიმკო და გამშვენდა წმიდა ნინოს საფლავი, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე აშენდა განსაბანი და წმიდათა ზებულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაო, რომლის შედეგადაც ტაძრის კედლებიდან მოიხსნა ნახევარი მეტრის სიგანის გვიანდელი (XVII ს.) მინაშენი, რომელიც მთლიანად არღვევდა მის პირვანდელ პროპორციებს. გარდა ამისა, აღდგენითი სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია იოანე ბოლნელის დროინდელი შენობის ნაშთები, რომელთა რესტავრაციაც ამჟამად მიმდინარეობს. ამასთან, მუშავდება დეტალური პროექტი მთელი სამონასტრო კომპლექსისა, რომლის მიხედვითაც წარიმართება მომავალში მონასტერში აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. გარდა ამისა, დები ქართული მონასტრებისათვის ტრადიციულად დამახასიათებელ მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან: უძველეს ხელნაწერთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს. მომავალში აღმშენებლობითი სამუშაოების გარდა, განზრახულია საგამომცემლო საქმის გაფართოება და გოგონათა სასწავლებლის აღდგენა. და რაც მთავარია, ქართველთა განმანათლებლის საფლავზე ყოველდღიურად აღევლინება წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ. წმიდა ნინოს საფლავი დღესაც სულიერ და ხორციელ კურნებას აღმოაცენებს და მისი სავანეც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ადამიანებს მასთან მიახლების საშუალება მისცეს.

 


სიღნაღის (დიდი კედელი) - გალავანი


სიღნაღის ციხეს ორმოცი ჰექტარი უჭირავს. მას მეტად უსწორო გეგმა აქვს, რადგან მთების რელიეფს მიჰყვება. ყველაზე მაღალია სამხრეთის მხარე. აქედან გალავანი აღმოსავლეთითა და დასავლეთით ქედს მიჰყვება. შემდეგ ორივე მხრიდან სწრაფად ეშვება ძალიან ღრმა მერუბოანთ ხევში და იქ ერთდება.


ისტორიკოს პ. იოსელიანის ცნობით, სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ. თითქმის ასეთივე ცნობა მოეპოვება ვახტანგ ბატონიშვილს. იგი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“.
მემატიანე ომან ხერხეულიძე კი მხოლოდ ციხის განახლებას აღნიშნავს. მასთან ვკითხულობო. „მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა...“ და სხვ.


სიღნაღის ციხეს თავდაპირველი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მის შესახებ წარმოდგენა გვექმნება XIX საუკუნის დასაწყისში შესრულებული გეგმის მიხედვით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ციხის შესასვლელებსა და კოშკებს შენარჩუნებული აქვთ თავდაპირველი სახელები.


როგორც ცნობილია, სიღნაღი ქალაქის სახეს ღებულობს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. აღნიშნული ძველი გეგმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქალაქის მოსახლეობა დიდი არ ყოფილა. იგი განლაგებული იყო ციხის სამხრეთით. რამდენიმე მოსახლე ციხის შიგნითაც ყოფილა. დანარჩენი ადგილები კი ცარიელი იყო.


ქალაქის სამხრეთის ნაწილიც, შესაძლოა, კედლებითა და კოშკებით ყოფილიყო შემოფარგლული, მაგრამ ამ სქემატურ ნახაზზე ეს კარგად არ ირკვევა. დასავლეთის მონაკვეთში აშკარად ჩანს რომელიღაც ციხის ნაშთი გრძელი კედლითა და კოშკებით. ქალაქის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხარეებზე ცხრა ცილინდრული კოშკია აღნიშნული. ამ კოშკებიდან მხოლოდ ყველაზე დიდს, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეს აწერია: „საქობის კოშკი“. (ამავე სახელის მატარებელი კოშკი ჩართულია დიდი ციხის კედლებშიც).


როგორც არა ერთხელ აღგვინიშნავს, XVIII საუკუნის შუა წლებსა და მეორე ნახევარში აგებდნენ დიდი ტევადობის ციხეებს, რათა იქ არა მარტო ადგილობრივ, არამედ ახლო-მახლო მდებარეს სოფლების მოსახლეობასაც შესძლებოდა თავის შეფარება.


სიღნაღის ციხის გეგმაზე არსებული წარწერების მიხედვით ირკვევა, რომ საერთოს გარდა, ცალკეულ სოფლებს კიდევ ცალკედ ჭიშკრები და კოშკები ეკუთვნოდა. ასე მაგალითად, შესასვლელები ყოფილა შემდეგი: „მაღაროს“, „ბოდბის“, „ვაშნარის“.


შესასვლელები სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი. მთავარს, როგორც ეტყობა, „მაღაროს“ შესასვლელი წარმოადგენდა, რადგან ის უშუალოდ ქალაქისა და ციხის მაკავშირებელია. ეს შესასვლელი ორი ცილინდრული კოშკითაა გამაგრებული. ასევე ორი კოშკითაა გამაგრებული ,,ვაშნარის ჭიშკარი“, მაგრამ ეს გამოწვეულია კოშკებს შუა არსებული ხევით. ციხის რთულ რელიეფში ეს ადგილი ყველაზე დაბლაა.


დანარჩენი შესასვლელები უშუალოდ ციხის კედლებშია გაჭრილი. მათი უმრავლესობა განიერია და ნამდვილ ჭიშკარს წარმოადგენს, ზოგი კი ვიწრო გასასვლელია და მათ სათადარიგო კარის დანიშნულება უნდა ჰქონოდა.


შესასვლელების დაცვა საგანგებოდ იყო მოწყობილი. თუ ჭიშკარს კოშკები ჰქონდა, მაშინ დაცვა კოშკებიდან ხდებოდა, ხოლო თუ შესასვლელი უშუალოდ გალავანში იყო გაჭრილი, მაშინ კედლებში სპეციალურ სათოფურებს აწყობდნენ. ორივე შემთხვევაში, ზემოდან დაცვა შესასვლელის თავზე გამავალი კედლის სათოფურების რიგიდან ხდებოდა.


გალავნის მთელ სიგრძეზე განლაგებულია ცილინდრული კოშკები და მათ შუა - კონტრფორსები. კოშკები და კონტრფორსები ძირითადად კედლების მოსახვევებში მდებარეობს. სულ 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი ყოფილა. მათ შორის მანძილებიც არათანაბარია. აღსანიშნავია, რომ ზოგან კოშკებს შორის არაა კონტრფორსი, სამაგიეროდ, სხვაგან - თითო, ორ-ორი, ან სამ-სამია.

XIX საუკუნეში შესრულებულ ციხის გეგმაზე შესასვლელთა სახელებთან ერთად კოშკების სახელებიცაა აღნიშნული. არსებული 23 კოშკიდან მხოლოდ ორს არა აქვს სახელი (ორივე ჩრდილოეთით მდებარეობს), დანარჩენებს ჰქვია ახლო მდებარე სოფლების სახელები: 1. „მეფისა, ანუ ჯუღაანისა“, 2. „კახეთის პირველი“, 3. „კახეთის მეორე“, 4. “შილდის“, 5. „ნარიყალა“, 6. „ზირბ ხოველინისა“, 7. „ვაქირის“, 8. „კარდანასის“, 9. „ბაკურციხის“, 10. „ვაშნარის პირველი“, 11. „ვაშნარის მეორე“, 12. „ანაგის“, 13. „საქობო“, 14. „მაჩხაანის პირვვლი“, 15. „მაჩხაანის მეორე“, 16. „ქიზიყის, ანუ გორის ბურჯი“, 17. „ველისციხის“, 18. „ბოდბის“, 19. „მაღაროს პირველი“, 20. „მაღაროს მეორე“ და 21. „მირზაანის“.


ასეთი დიდი ციხე, როგორც ზემოთაც ვნახეთ, მთელ მხარეს ემსახურებოდა; მტრის შემოსევისას აქ იყო მოსახლეობის დასახიზნი. ამიტომაც ასეთი ციხეები შენდებოდა მოსახლეობის იმ ნაწილის მიერ, რომელიც თავს აფარებდა.

სიღნაღის ციხის სქელი კედლები ორიარუსიანია. პირველი და მეორე იარუსების სისქეთა განსხვავება შიგნიდან საბრძოლო ბილიკს ქმნის. ბილიკის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ. აქ მოსახვედრად კოშკების გვერდებზე და ზოგ ადგილებში ქვის კიბეებია მოწყობილი. ზედა იარუსის კედლებში მორიგეობით განლაგებულია პირდაპირი და ძირს დახრილი სათოფურები. ასეთივე გადაწყვეტა აქვს ბურჯების ზედა ნაწილებსაც. ციხის კედლებს ქონგურები არ გააჩნია. მათი ზედაპირი გადამრგვალებულია. თუმცა კოშკების უმრავლესობას დამთავრება აკლია, მაგრამ ეტყობა მათაც ქონგურები ექნებოდა.


კოშკების მეტი ნაწილი ორსართულიანი ყოფილა, საბრძოლო ბანით. ჩვეულებრივ, პირველ და მეორე სართულებს ცალ-ცალკე აქვთ ეზოდან შესასვლელი. შესასვლელებს ნახევარწრიული და ისრული ფორმის თაღები ამთავრებს. შედარებით უკეთაა შერჩენილი რამდენიმე კოშკი.


„ქიზიყის კოშკი“ მდებარეობს ციხის აღმოსავლეთის კედლის თითქმის შუა ადგილას. მას საკმაოდ მაღალი ადგილი უჭირავს. ზედა ნაწილი აკლია, მაგრამ ეტყობა სამსართულიანი ყოფილა და საბრძოლო ტერასაც ჰქონია.


კოშკის პირველი სართულის შესასვლელი სამხრეთიდანაა. იგი უშუალოდ ყოფილა დაკავშირებული გალავნის ბილიკთან. სართულებს შორის კავშირი კედლის კიბით ხდებოდა. პირველი სართულის კედლებში მხოლოდ ორმაგი სათოფურები და მაღლა მდებარე ორი სარკმელია. მეორე სართულის კედლებში ისევ ნიშებში შეწყვილებული სათოფურებია, კარის პირდაპირ კი ბუხარი. ასევეა მესამე სართულზეც.


„მაჩხაანის“ სახელის მატარებელი ორი კოშკიდან ციხის უკიდურეს აღმოსავლეთით მდგომი თუმცა საკმაოდ დიდია, მაგრამ შიგნით მარტივი გადაწყვეტა აქვს. პირველი და მეორე სართულის შესასვლელთა თაღები შეისრულია. პირველ სართულში კარის პირდაპირ დაბალი ბუხარია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია, მათგან მარჯვენაში შეწყვილებული სათოფურია. სარკმელი მოთავსებულია აღმოსავლეთით. მეორე სართულიც ასევეა გადაწყვეტილი. განსხვავებით, აქ ერთი ცალმაგი სათოფურია და ერთიც პატარა ნიში. მესამე სართულის კედლებიდან დარჩენილია ქვედა ნაწილი, სადაც ჩანს პირდაპირი და ძირს დაქანებული სათოფურები.
„ვაქირის კოშკი“ ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში მდებარეობს. ,,მერუბოანთ ხევისკვენ"' ძალზე დაქანებული კედლებიდან ჩრდილოეთისა სწორედ ამ კოშკიდან იწყება, ხოლო სამხრეთისა - ზემოაღწერილ „მაჩხაანის კოშკიდან“.


„ვაქირის კოშკი“ ორსართულიანია საბრძოლო ბანით. პირველი და მეორე სართულების შესასვლელების პირდაპირ ბუხრებია მოწყობილი. პირველ სართულში ბუხრის გვერდებზე თითო ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. მეორე სართული უხვადაა აღჭურვილი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებით. ბანზე, პირდაპირ და ძირს დახრილ სათოფურებს გარდა, მოწყობილია ოთხი ნისკარტა სალოდე, რომელთაგან სამი ციხის კედლებს გარეთ გამოდის, მეოთხე კი კარებს იცავს.


სიღნაღის ციხის გალავანი და კოშკები ნაგებია რიყის ქვით. აგური უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სიღნაღის ციხე კახეთში ერთ-ერთ საიმედო და დასაყრდენ პუნქტად ითვლებოდა. მას, როგორც სიმაგრეს, არც XIX საუკუნის პირველ ხანებში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.


მუნიციპალიტეტში არსებული ტაძრები


      სოფ. ანაგა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას. იგი ქიზიყის “ჭიშკარია”.


სიღნაღის რაიონის სოფ. ანაგაში, გოგოლაანთ უბანში მდებარეობს ერთნავიანი, დარბაზული ტიპის სოფლის სამლოცველო, რომელიც აგებულია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და “ყველაწმინდას“ უწოდებენ.

ზომით მცირე ტაძარია 7,5-5,5 მ. ნაგებია რიყის ქვით. მთლიანად დაფარული იყო ხეებით და თითქმის შეუმჩნეველი იყო მნახველისთვის. კაკლის დიდი ხე დასავლეთ კედელს მჭიდროდ ებჯინებოდა და მათი საკმაოდ დიდი, ძლიერი ფესვები საფრთხეს უქმნიდა საძირკველს. იმ დონეზე იყო უკვე შეჭრილი კედლის წყობაში, რომ დასავლეთ მხარეს კედლების გადაბმას ბზარი გააჩნდა და სივრცე ჩანდა. გადახურვა მხოლოდ ნალესობის სახით იყო შემორჩენილი, კრამიტი თითქმის არსად იყო დარჩენილი. მასზე ამოზრდილი მცენარეული საფარი მთლიანად ფარავდა სახურავის მთელ პერიმეტრს. არსებული მდგომარეობის გამო საჭირო გახდა ძეგლზე ჩატარებულიყო გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მართალია თვით ნაგებობა იდგა და არ იყო ჩამონგრეული მისი ცალკეული ნაწილები, მაგრამ საერთო ტექნიკური მდგომარეობა სასწრაფო რეაგირებას მოითხოვდა. ეკლესიას საბურველი მთლიანად მოშლილი ჰქონდა. კრამიტის არსებობაზე მხოლოდ ნალესობაზე შერჩენილი ფორმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით. მთელი მისი პერიმეტრი მცენარეებით იყო დაფარული. აღმოსავლეთ ფასადზე აკაკის ხე ჩაზრდილი იყო კედლის წყობაში და დანგრევის საფრთხეს ქმნიდა. ინტერიერში სულ განადგურებული იყო ნალესობა და შესაბამისად მოხატულობა. მათი მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. არადა ძალიან საინტერესო ჩანს კოლორიტით და ფორმებით (შესაძლოა „ხალხურ ნაკადსაც” მიეკუთვნებოდეს, მაგრამ ამაზე მსჯელობას ართულებს მცირე ფრაგმენტების არსებობა) გადახურვა მთლიანად მოშლილი იყო, კარნიზის დიდი ნაწილიც მორღვეული. შესასვლელი კარის ღიობი ჩამონგრეული. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე გარედან მიწა კედლების შუამდე იყო ამაღლებული და ჩაფლული იყო მიწაში. ხეების საბურველიც ემატებოდა და თითქმის შეუმჩნეველი იყო თვალისთვის, ისე იყო შენიღბული. ეკლესიის იატაკი ასევე მიწით იყო დაფარული და მისი პირვანდელი დონე  დასადგენი იყო. კანკელის საფეხურებიც მიწით იყო დაფარული. ამის გამო შესასვლელი კარიც მერე აუმაღლებიათ და ქვები სპეციალურად გამოუღიათ, დღეს უკვე აღარ იკითხება მისი პირვანდელი მოჩარჩოების ფორმა.


რამოდენიმე წლის  წინ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარა გენადი მჭედლიშვილმა (ანაგის მკვიდრმა).

    

 

]         

 


  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია


 

 მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფ. ანაგიდან რამდენიმე კმ-ში.


იგი არქიტექტურულად დარბაზული სტილისაა. ეკლესიის აგებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა, რომლის თანახმად გლეხები ყანას მკიდდნენ. იქვე (დიდ ქვაბში) სადილი მზადდებოდა. ხორცის ხარშვის დროს, ქვაბში დიდი გველი ჩამძვრალა, როდესაც მუშები სადილად უნდა დამსხდარიყვნენ, ციდან მოფრენილა ერთი ყვავი, რომელიც ქვაბში ჩავარდნილა (გლეხები სადილის განაწილებას აპირებდნენ და ქვაბის სახურავი ახდილი ქონდათ). გლეხები ყვავის ნახარშს ვერ შეჭამდნენ, ამიტომ ქვაბი გადმოუპირქვავებიათ და შიგ ჩახარშული გველი უნახავთ. ყვავმა თავი გასწირა და ხალხი მოწამვლისგან იხსნა. გლეხებმა ეს ამბავი სასწაულად მიიჩნიეს და ამის ნიშნად ამ ადგილას ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა სარტყელთან შეუჩერებიათ, რადგან ამ დროს მოფრენილი აუარება ყვავი და მშენებლობის გაგრძელების საშუალება არ მიუცია მათთვის. ამბობენ, ყვავებს იქვე მთავარანგელოზის ხატი აუღიათ და ეკლესიის ადგილზე წაუბრძანებიათო, მშნებლებს ეს უფლის ნებად ჩაუთვლიათ და სარტყელთან შეუჩერებიათ მშენებლობა (ყვავის საყდრის მშენებლობა მართლაც სარტყელთან არის შეჩერებული). ყვავების მიერ დაბრძანებული ხატის ადგილზე კი მთავარანგელოზის ეკლესია აუშენებიათ.


     


წმ. ნინოს სახელობის ეკლესია



წმ. ნინოს სახელობის ეკლესია მდებარეობს “ბაიდარაანში”, რომელიც სოფლის ყველაზე დიდი უბანია. ეკლესია XVI საუკუნით თარიღდება და არქიტექტორულად ერთნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. აღსანიშნავია, რომ თურმე კაბადოკიიდან მომავალ წმ. ნინოს ანაგაში შეუსვენია და აქედან გაუგრძელებია გზა. ამბობენ აქ იმიტომ აუგიათ ეს ეკლესიაო. იმ ადგილს სადაც ეს ეკლესიაა აგებული გალავანს ეძახიან. ერთი ლეგენდა მოგვითხრობს: ეკლესიაში მისულა ერთი კაცი გვარად ნადირაშვილი, რომელსაც ღვთისმშობლის ხატისთვის მთვრალს, თოფი უსვრია. იმ დროს ეკლესია მოქმედი ყოფილა. მღვდელს სასამართლოსთვის მიუნდვია ამ საქმის გამოძიება. ნადირაშვილის ძმებს მღვდლისთვის უთხოვიათ: ოღონდ ჩვენს ძმას ნუ დასჯით და ეკლესიას გალავანს შემოვავლებთო. მას შემდეგ ამ უბანს გალავანს ეძახიან.





 ღვთისმშობლის შობის ეკლესია



ღვთისმშობლის შობის ეკლესია ზარიაულის უბანში, ცივ-გომბორის მთის კალთაზეა აღმართული და გადმოჰყურებს იმ გზას, რომელიც ანაგას სიღნაღთან აკავშირებს. იგი X-საუკუნით თარიღდება. ეკლესიის სარკმლის ქვეშ თეთრი რიყის ქვაზე შინდისფრად დაფიქსირებული მხედრული წარწერა გვაუწყებს, რომ 1869 წელს მისთვის კრამიტი დაუხურავს აბრამ დიაკვანს. ღვთისმშობლის შობის ეკლესიაც აგებულია ქვით და ქართული აგურით.




ნამოსახლარის გორა არქეოლოგიური არეალია, რომელიც მოწმობს, რომ სიღნაღი ადამიანის ერთ-ერთი უძველესი ნასაცხოვარისი ადგილია საქართველოში. სიღნაღის, მეფე ერეკლეს დროს აგებული გალავნის სამხრეთ დასავლეთი კუთხის კოშკი, ძვ.წ. მე12-11 საუკუნეების ნამოსახლარებზეა გამართული. ეს ადგილი ამ მიდამოებში უმაღლესი ბუნებრივი წერტილია, რომელიც გაბატონებულია მთელ ირგვლივ ტერიტორიაზე. ბუნებრივია, რომ სიღნაღის გალავნის აგებისას ეს უძველესი დასახლება მნიშვნელოვნად დაზიანდა. შემდეგ ამ ნამოსახლარის დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ფერდი დააზიანა აქ გამართულმა სასაფლაომ და ტელესარეტრანსელაციო შენობის საძირკველის გაჭრისას ჩატარებულმა მიწის სამუშაოებმა. ნამოსახლარის დათარიღების საშუალება არქეოლოგებს მიწის ზედაპირზე მიმობნეულმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებმა მისცა.

სამაროვანის არქეოლოგიური არეალი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარია, როგორც ჩანს ის გამართული იყო ამ შემაღლების აღმოსავლეთ ფერდზე, ამჟამინდელი ჯაფარიძის ქუჩის შუა მონაკვეთზე. ამაზე მიგვითითებს ბრინჯაოს ტარიანი და სამკუთხედისებური პირიანი ტიპიური კახური მთლიანადსხმული სატევარი, რომლის თარიღი ისევე როგორც ნამოსახლარისა უტყუარად ძვ.წ. მე12-11 საუკუნეებით უნდა განისაზღვროს. ამგვარად ეს ქ. სიღნაღის ტერიტორიაზე უძველესი დასახლებაა და როგორც ჩანს ამ ქალაქის ისტორიის დასაბამი სწორედ ამ დროს უკავშირდება.

ქალაქ სიღნაღის ისტორიული ბაღების, პარკებისა და სარეკრეაციო სივრცეების ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქ სიღნაღის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, კახური პურის ტრადიცია ფართოდაა გავრცელებული კახეთის ყველა ქალაქსა და სოფელში. მას თიხისგან დამზადებულ ტრადიციულ საცხობში - თონეში შეშაზე აცხობენ. კახური პური თხელი, წაგრძელებული ფორმისაა. სწორედ თონის დამსახურებით პურს გამორჩეული არომატი და გემო აქვს.

ასევე უნიკალურია კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია. ჩურჩხელა ქართული ტკბილეულია, რომელიც საახალწლო სუფრის აუცილებელი შემადგენელია. ის პურის ფქვილის, ბადაგისა (ყურძნის დადუღებული წვენი) და ნიგვზისგან მზადდება. გამორჩეული გემოსა და არმონატის გამო კახური ჩურჩხელა საქართველოს სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ნუგბარია. ჩურჩხელის დამზადების ტრადიცია ფართოდ არის გავრცელებული არა მხოლოდ კახეთის რეგიონში.

ქართული ჭიდაობა უძველესი ხალხური სარიტუალო შერკინებაა, რომელიც ორი მოპაექრის მიერ ხშირად მუსიკის თანხლებით, სპეციალურად გამოყოფილ მოედანზე სრულდება. ქართული ჭიდაობა საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა, ის საბრძოლო ხელოვნების მნიშვნელოვანი სახეობა, ქართველი მეომრის და ქართული ლაშქრის მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. დღეისათვის, ქართული ჭიდაობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (განსაკუთრებით ქართლსა და კახეთში) ფართოდ გავრცელებული, სპორტული, გასართობი, საპაექრო სანახაობაა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია კახური ქუდის დამზადების ტექნოლოგია. კახური ქუდი კახელი კაცის თავსაბურავია, რომელიც უწინ როგორც საერო, ისე საომარი აღჭურვილობის შემადგენელი ნაწილი ყოფილა. დროთა მანძილზე ქუდმა ფორმა იცვალა და დღეისათვის დამოუკიდებელ თავსაბურავად დამკვიდრდა. ის ძირითადად შავი ფერისაა. 

ქალაქ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1947 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა  კომიტეტის  გადაწყვეტილებით დაარსდა  და მას ქიზიყის მხაეთმცოდნეობის  მუზეუმი ეწოდა.
1967 წლიდან მუზეუმთან გაიხსნა სამხატვრო გალერეა, სადაც წარმოდგენილი   იყო   თანამედროვე   ქართველი   მხატვრების   ნამუშევრები,  მათ შორის:  ლ.  გუდიაშვილის,   ელ.  ახვლედიანის,  ქ.  მაღალაშვილის,  რ.  სტურუას, მ. თარიშვილის, კ. ობოლაშვილის  და სხვ.

მეოცე  საუკუნის   ოთხმოცდაათიანი  წლებიდან  მხარეთცოდნეობის მუზეუმი ფუნქციონირებს  ისტორიულ – ეთნოგრაფიული  მუზეუმის  სტატუსით. ეთნოგრაფიული კოლექცია ამჟამად  5000 ერთეულს შეადგენს.კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, სპილენძისა და ხის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლითა და ნივთებით, სასოფლო-სამეურნეო იარაღებითა თუ მეღვინეობის კულტურის შესაბამისი მასალით. ფონდებში ასევე დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა_ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვ.

2007 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმის ექსპოზიცია ოფიციალურად  გახსნა.

სიღნაღის მუზეუმში მუშაობს დროებითი საგამოფენო დარბაზიც, სადაც 2009 წელს მოეწყო პაბლო პიკასოს, 2010 წელს დასავლეთ ევროპის ფერწერული ტილოების, 2011 წელს ჯონ უერდმანის, 1012 წელს კი ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენები. მუზეუმი  მდიდარი    ექსპოზიციითა  და  შესანიშნავი  ადგილმდებარეობით უამრავ   სტუმარს  იზიდავს.
სიღნაღში ასევე მდებარეობს ვ. სარაჯიშვილის მუზეუმი, ს. მირიანაშვილის მუზეუმი, ს. ახმეტელის მუზეუმი, ი. მოსაშვილის მუზეუმი, ვ. გოძიაშვილის მუზეუმი, ს. შანშიაშვილის მუზეუმი, ალ. გზირიშვილის მზუეუმი, ფ. მოსულიშვილის მუზეუმი, ირ. ევდოშვილის მზუეუმი და სხვ.

სიღნაღში არის თეატრი, რომლის ისტორიაც 1872 წლიდან იწყება. აქ დადგმული პირველი პირველი სპექტაკლი იყო დავით ერისთავის პიესა, რომელიც პეტერბურგიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა დადგეს. ამის შემდეგ სიღნაღში სპექტაკლები სისტემატიურად იდგმებოდა. სიღნაღის თეატრი დღემდე აქტიური მოღვაწეობით გამოირჩევა როგორ საქართველოშ ასევე საზღვარგარეთ.

სიღნაღში მოღვაწეობენ ანსამბლები - „მრვლჟამიერი“, „ხოხბის ცრემლები”, „ზედაშე“,  „ჯლეხა“ და სხვა.

სიახლეები

არქივი