საქართველოს ისტორიული ქალაქები ლოგო

წყალტუბო

წყალტუბო — ქალაქი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს მდინარე წყალტუბოს წყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. გეოგრაფიულად ქალაქი წყალტუბო გაშენებულია კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 98 მ. სიმაღლეზე. მას ირგვლივ აკრავს კავკასიონის ქედის გამყოფი ძირი რომელიც ბორცვების სახითაა წარმოდგენილი. ქალაქად გამოცხადდა 1953 წელს. მოსახლეობა 16,8 ათასი (2002 წ.). ცნობილია, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი. ქუთაისიდან დაშორებულია 7, ხოლო თბილისიდან 250 კმ-ით.

1930-იანი წლებიდან წყალტუბოს საკურორტო ქალაქად განვითარებას ხელი შეუწყო აქ არსებულმა ბუნებრივმა სამკურნალო წყლებმა. კურორტი გაშენდა წყლის საბადოების გარშემო და საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სრული დატვირთვით მუშაობისას წყალტუბო წელიწადში 160.000 ვიზიტორს მასპინძლობდა. წყალტუბოს თერმული წყალი დაბალი მინერალიზაციისა, მაგრამ ბუნებრივად მაღალი ტემპერატურის, რომელიც რადიუმის ემანაციისა და აზოტის აირის არსებობის გამო, რთულ კომბინირებულ წყლებს – თერმულ-აიროვან-რადიაქტიულ წყლებს განეკუთვნება. წყლის აბაზანები გამოიყენება სხვადასხვა დაავადებებთან სამკურნალოდ, ხოლო მკურნალობის წარმატებამ განაპირობა წარსულში დიდი ინტერესი წყალტუბოს მიმართ და მისი როგორც კურორტის და შემდგომ როგორც ქალაქის ჩამოყალიბება.

წყალტუბოს გეოგრაფიული მდებარეობა და არსებული ბუნებრივი რელიეფი შესანიშნავად იქნა გამოყენებული ქალაქგეგმარებისას. დაბლობ ნაწილში იქ სადაც რადონული წყლები ამოდის გაშენებული იქნა კურორტის პარკი და სააბაზანო კომპლექსები. ხოლო სასტუმროები და სანატორიუმები განლაგებული იქნა პარკის ირგვლივ მდებარე ბორცვებზე.  ქალაქს გარს აკრავს ჩაის პლანტაციები, რაც წყალტუბოს განსაკუთრებულ იერს ანიჭებს. ქალაქის ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლადაა კარსტული მღვიმეები, რომლებიც როგორც ტურისტულად ასევე სამკურნალოდ გამოიყენება. ყოველივე ამის გამო კურორტი არ ატარებს სეზონურ ხასიათს და იგი მთელი წელი დამსვენებელთა ნაკადს ღებულობს.

მოსახლეობის მიგრაცია აღინიშნება დიდი ქალაქებისაკენ, თუმცა მათ ადგილს მალევე იკავებს სოფლიდან წამოსული მოსახლეეობა, რაც საერთო ჯამში ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობას არ ემჩნევა. ეკონომიკის ძირითადი წყარო ტურიზმი, ვაჭრობა, და მომსახურება. ქალაქი გამოცხადებულია თავისუფალ საკაზინო ზონად. ქალაქის ტერიტტორიაზე სათამაშო ბიზნესი განთავისუფლებულია გადასახადებისგან, თუმცა ჯერ ჯერობით ქალაქში არის მხოლოდ ერთი კაზინო.ქალაქის ტექნიკური ინფრასტრუქტურა მოძველებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას, ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს წყალტუბოს ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ქალაქში ტრანსპორტის ძირითადი სახეობებია ავტობუსი და სამარშუტო ტაქსი. იგი რკინიგზით უკავშირდება ქუთაისს, სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქს. წყალტუბო ძალიან ახლოსაა კოპიტნარის აეროდრომთან, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქი კარგად არის დაკავშირებული არტერიულ საავტომობილო მაგისტრალებთან.

ქალაქის უმთავრესს პრობლმას წარმოადგენს ლტოლვილთა განსახლება, რომელთაც უკავიათ სასტუმროებისა და სანატორიუმების დიდი ნაწილი. ასევე პრობლემაა კანალიზაციის არ არსებობა ქალაქის დიდ ნაწილში, და ასევე არსებული სისტემის ამორტიზებულობა. გარდა ამისა ქალაქში ჩამკვდარია კულტურული ცხოვრება.

წყალტუბოს გააჩნია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებიც იძლევა შანსს კულტურული ლანდშაფტის გასავითარებლად. ასევე არსებული და სავარაუდოდ მომავალში გამოსავლენი კარსტული მღვიმეები წყალტუბოს აძლევს შანსს განავითაროს სპალეოლოგიური ტურიზმი.

წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-7-საუკუნეებში, ხოლო მე-12-13 საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით. პირველი ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ ქვეყნდება 1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების" გამოცემებში. 1787 წელს რუსმა აკადემიკოსმა პ.ს. პალასიმ დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა იოჰან გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები წყალტუბოს შესახებ.

1809 წელს გერმანულიდან რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი", რის შედეგადაც რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში გაჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ. 1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონ კლაპროთი ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას. 1897 წელს პროფესორ ალბერტ ოილენბურგის საენციკლოპედიო გამოცემაში მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ. 1898 წელს გ. სტრუვემ ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს.

1920 წელს წყალტუბოს ტერიტორია გახდა სახელმწიფო საკუთრება და შეიძინა ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქცია. 1926 წლისთვის წყალტუბოს თემი შედგებოდა ორი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 7528 ადამიანს, ხოლო ფართობი 104,3 კმ2-ს.

კურორტის გაშენება 1926 წელს დაიწყო. 1931-32 წლებში ფართოდ გაიშალა კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დაჰიდროგეოლოგიური სამუშაოები, დაიწყო კურორტის ხელახალი განვითარება. 1931 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, წყალტუბო კურორტად და ბალნეოთერაპიის ცენტრად გამოცხადდა.

80-იანი წლების ბოლოს წყალტუბო იყო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მთელს საბჭოთა კავშირში. წყალტუბოში სულ 5,800 საწოლი იყო. მოქმედებდა პირდაპირი მატარებელი მოსკოვი-წყალტუბო.

ქალაქ წყალტუბოს  კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

წყალტუბო თავისი არქიტექტურით, ქალაქგეგმარებითა და ლანდშაფთური დაგეგმარებით წარმოადგენს უნიკალურ ერთიან, კომპლექსურ ძეგლს, რომელიც ყველაზე უკეთ მეტყველებს სტალინური ეპოქის მხატვრულ ესთეტიკაზე.


განაშენიანების პირველი პროექტი 1936 წელს შედგა არქიტექტორ ნ. სევეროვის მიერ. 1939 წელს წყალტუბოს მიმდებარე ტერიტორია გამოეყო ქუთაისს და ჩამოყალიბდა ცალკე ერთეულად, რის გამოც წყალტუბომ შეიძინა ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი. 1950-51 წლებში შემუშავდა ახალი გენერალური გეგმა (არქიტექტორები: ი. ზაალიშვილი, ვ. კედია), რომელსაც საფუძვლად წრიული სქემა დაედო. წყალტუბო დაიყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად. 1953 წელს წყალბუტომ მიღო ქალაქისა და საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი.


სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი. ნაგებობათა შორის აღსანიშნავია სანატორიუმები: „მეგობრობა“ (1937-40 წწ. არქ. ლენტოვსკი), „თბილისი“ (1951 წ., არქ. ვ. ოლტარჟევსკი, ბ. სობოლევსკი), „იმერეთი“ (1961 წ. არქ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, ლ. ჯანელიძე).


წყალტუბოს განაშენიანება განხორციელდა წინაწარ მეცნიერულად დასაბუთებული გენ-გეგმის მიხედვით, ქალაქი დაიყო ოთხ სანიტარულ ზონად: ბალნეოლოგიურ, სანატორულ, საცხოვრებელ და ინდუსტრიულ ზონად.


ბალნეოლოგიურ ზონას უკავია ქალაქის დაბლობი ნაწილი, რომელშიდაც გაშენებულია ულამაზესი პარკი და ცხრა სააბაზანო კომპლექსი. ქალაქის ამ ნაწილში არსებობს წყალტუბოს წყაროების საბადოები საიდანაც ხდება აბანოების წყლით მომარაგება. პარკი წარმოადგენს ქალაქის გულში მდებარე კუნძულს, რომელსაც გარს უვლის სამანქანო გზა. გენ-გეგმის მიხედვით პარკში არსებული მდინარე წყალტუბოსწყალი დაგუბდა და შეიქმნა ეხლანდელი “ცივი ტბა”, მოხდა მდინარის მოქცევა კალაპოტში, რომელიც ორმხრივად გარს უვლის პარკს. მასში ჩაედინება ბორცვებიდან ჩამონადენი წვიმის წყალი და თავიდან იქნა აცილებული დატბორვის საშიშროება. ხოლო ეს არხი თავისი გამორჩეული ხიდების არქიტექტურითა და დახავსებული ჯებირებით პარკის განუყოფელი ორგანული ნაწილი გახდა.


ბალნოლოგიური ზონის ირგვლივ არსებული ბორცვები უკავია სანატორულ ზონას. ბალნეოლოგიური და სანატორული ზონა ქმნის ამფითეატრის შთაბეჭდილებას, რომლიც სცენას წარმოადგენს ბალნეოლოგიური პარკი, ხოლო ფერდობებზე სანატორიუმები ისეა განლაგებული, რომ თითოეული მათგანიდან შეიძლება დანარჩენი სანატორიუმების დანახვა, და ასევე პარკის ულამაზესი ხედებით ტკბობა.


ქალაქის არქიტექტურულ ლანდშაფტში დომინირებს გვიანი სტალინური არქიტექტურა, რომელიც გამორჩეულია თავისი მონუმენტურობითა და მდიდრული მხატვრული დეკორით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. შენობები კლასიკური არქიტექტურის სტილშია გადაწყვეტილი, რომლეBშიც ჭარბობს გოთური და რომაული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფორმები, თუმცა სანატორიუმების სახურავის მორთულობაში ხშირად ვხვდებით ქართული სამრეკლოსათვის დამახასიათებელ ფანჩატურებს. დეკორატიული მორთულობა უმრავლეს შემთხვევაში ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დეკორიდანაა ნასესხები, და მას მკვეთრად ნაციონალურ ხასიათას ანიჭებს. შენობების ფასადები, ეზოები და ფანტანები  უხვადაა მორთული ქანდაკებებით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სოცრეალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. წყალტუბოს სტალინური პერიოდის არქიტექტურა წარმოადგენს კლასიკური არქიტექტურული ფორმებისა და ქართული ნაციონალური დეკორის სინთეზს, რაც მის უნიკალობას კიდევ უფრო ამძაფრებს.


განსაკუთრებული მნიშვნელობისაა აბანო N6, რომელიც სტალინური არქიტექტურის შედევრად შეიძლება ჩაითვალოს. ფასადის ცენტრალური დეტალია კომპოზიტიური კაპიტელებიანი პორტიკი, პორტიკის შიდა კედელის ზედა ნაწილი დეკორირებულია სამი ნაძერწი რელიეფით, რომლის თეთრი ფიგურები განტავსებულია კობალტისფერ ფონზე და სტალინის ცხოვრებას ასახავს. შენობის შიდა მორთულობა პარადულია და გამორჩეულია თავისი მდიდრული დეკორით. დარბაზები, ბასეინები და ვესტიბიული მოპირკეთებულია ქართული ძვირფასი მარმარილოს ჯიშებით. ჭერებს ამკობს შესანიშნავი ნაძერწობა და მხატვრობა. სააბაზანო ოთახები მოპირკეთებულია ექსკლუზიური მხატვრული დეკორის კერამიკული ფილებითა და კერამიკული ბრებით, ასევე ინტერიერში გამოყენებულია ხის ძვირფასი ჯიშები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვესტიბიულში არსებული ექვსი ფაიფურის ტორშერი, რომლებიც სვეტებს შორისაა განლაგებული და დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლისაა და ამკობს მტრედების სკულპტურები. ტორშერების ავტორია საბჭოთა კავშირში ცნობილი თვითნასწავლი კერამიკოსი ფრიხ-ხარი. შენობის ფასადს ამკობს უნიკალური რკინის ჭედური გისოსი. შენობის წინ მდებარე სკვერში მოწყობილია ფანტანი, რომელიც შემკულია ბრინჯაოს ქანდაკებებით (ლომის თავები და ტარიელის ლომთან ბრძოლის კომპოზიცია), რომლებიც ქართული შუასაუკუნეების ეპოსის “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტს განასახიერებს. შენობა აშენდა ექსკლუზიურად სტალინის ვიზიტისათვის, რეკორდულ ვადაში (9 თვეში), მასში დღემდეა დაცული სტალინის სააბაზანო ოთახი და სტალინის დერმატინგადაკრული ხის სავარძელი.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წყალტუბოს რკინიგზის სადგური, რომელშიდაც შემონახულია ორიგინალი ხის მორთულობა (კარ-ფანჯარა, სალაროები) და ცენტრალური დარბაზის ლუსტრა.


სანატორიუმებიდან განსაკუთრებულად გამორჩეულია სანატორიუმი მეშახტე, სანატორიუმი თბილისი, სამხედრო სანატორიუმი (ფასადის კარნიზზე არსებული სამხედრო თემატიკის ქანდაკებებით) და სანატორიუმი მედეა. სანატორიუმების ინტერიერებში გამოყენებულია ძირითადად მარმარილოს იმიტაცია. შენობების ფასადის ქვედა ნაწილი, როგორც წესი მოპირკეთებულია გრანიტის მასიური, ფლეთილი კვადრებით. ფასადები უხავდაა შემკული, კოლონადებითა და კამარებით, რაც მათ მიუხედავად მონუმენტური ზომებისა ჰაეროვნებას ანიჭებს. გარდა ამისა შენობებს გააჩნიათ ქართული დეკორის ან კლასიკური დეკორის ბალუსტრადებით შემკული ტერასები და აივნები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ეზოები, რომლებიც სინამდვილეში ქალაქისაგან რკინის, თუჯის ფიგურებით შემკული დეკორატიული ღობეებით იზოლირებულ პარკებს წარმოადგენს, რომლის შესასვლელები, კიბეები, ბილიკები და ფანტანები უხვადაა დეკორირებული.


ასევე აღსანიშნავია სტალინის აგარაკი, რომელიც ერთ-ერთ გორაკზე ულამაზეს პარკში მდებარეობს, შენობა გამორჩევა თავისი სისადავითა და მინიმალისტური, მკაცრი დეკორით.


ყოველივე აქედან გამომდინარე წყალტუბო შეიძლება ჩაითვალოს სტალინური ეპოქის მუზეუმად ღია ცის ქვეშ, სადაც განხორციელდა სტალინის იდეა თითოეული რესპუბლიკისათვის შეექმნა ნაციონალური არქიტექტურა და დამსვენებლებისათვის ეჩვენებინა თავისი იმპერიის დიდებულება და ძლევამოსილება.


აღსანიშნავია წყალტუბოს ბუნებრივი მემკვიდრეობა რომელიც რა თქმა უნდა რადონული წყლებითაა გამორჩეული, თუმცა არსებული და ახლად აღმოჩენილი (პრომეთეს მღვიმე) მღვიმეები მას ამ დარგშიც საერთაშორისო მნიშნელობას ანიჭებს.


წყალტუბოს პარკები თავისი დაგეგმარებით, მცენარეული საფარითა და საინჟინრო ხელოვნების ნიმუშებით (ხიდები, საირიგაციო სისტემები) ასევე წარმოადგენს ერთიან უნიკალურ კულტურულ ძეგლს, რომელიც ამ ქალაქს განუმეორებელ იერსახეს უზრუნველყოფს.


წყალტუბოს კულტურულ და ბუნებრივი მემკვიდრეობა საერთაშორისო მნიშვნელობისაა, არქიტექტურულ მემკვიდრეობას არ გააჩნია ძეგლის სტატუსი და ის გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.

წარსული დიდების ამსახველი ისტორიული, არქეოლოგიური ძეგლებით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს წყალტუბოს მხარე და მისი შემოგარენი. აქ დასახლებულ ნაგებობებთან ერთად მრავლად გვხვდება სპელეოლოგიური ძეგლებიც, რომლებიც ხშირად ისტორიულ ძეგლებთან არიან შერწყმული და ბუნებრივი და ხელოვნური სიმაგრეების კომპლექსებს ქმნიან. ციხე-კოშკები ზოგჯერ უშუალოდ მღვიმე უფსკრულებზეა დაშენებული, ერთმანეთთან დაკავშირებულია საიდუმლო გვირაბებით, რომლის წყალობითაც კიდევ უფრო გაზრდილია მათი სიმტკიცე. ამიტომაა, რომ ბევრმა ციხე-სიმაგრემ, როგორც ჩვენი წინაპრების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლომ, დღემდე მოიტანა ჩვენი სამშობლოს შორეული წარსულის ღრმა საიდუმლოებით მოცული მრავალსაუკუნოვანი ისტორია. წყალტუბოსა და მის შემოგარენში განლაგებული ციხე-კოშკები (ხომულის, ქვილიშორის, ჩუნეშის, გვიშტიბის, მათხოჯის, გორდის, ღვედის, ნამაშევის, ცუცხვათის, დღნორისის და სხვა), ტაძრები თუ სხვა საკულტო ძეგლები, რომლებიც ერთმანეთს გადაჰყურებენ, საუცხოოდ არიან შეხამებული გარემო პირობებს და სტრატეგიულად შერჩეულ რელიეფში მოხერხებულად არიან ჩამჯდარი.

როგორც არქეოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, სპელეოლოგიური ძეგლები, რომლებიც საოცარი სილამაზის კალციტოვანი ნაღვენთებითაა დამშვენებული, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, ადამიანის მიერ გამოყენებული ყოფილა მუდმივ საცხოვრებლად (ქვისა და ქვა სპილენძის ხანაში), ხოლო უფრო გვიან თავდასაცავად. ამაზე მიგვანიშნებს მღვიმეებში დაცული კულტურის ნაშთები და ქვის წყობით ამოხერგილი შესასვლელები, როგორც სპელეოლოგიური ძეგლი. სათაფლია და თეთრი მღვიმე  ყოველდღიურად ასობით ადგილობრივ თუ ჩამოსულ ტურისტს ემსახურებოდა. ამ მხრვ დიდი პერსპექტივები აქვს სოფელ ყუმისთავში აღმოჩენილ უნიკალურ და უდიდეს კარსტულ მღვიმეს „წყალტუბოს", სადაც კვლევით და კეთილმოწყობით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა მისი პირველი აღმომჩენი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თნამშრომელი ჯუმბერ ჯიშკარიანი.

ადამიანის ცხოვრების კვალი წყალტუბოს მრავალ მღვიმესა და ეხში დადგინდა. მაგრამ ყველაზე შედეგიანი მაინც თეთრი მღვიმე და საწურბლიას ეხი გამოდგა. ორივე სადგომი ადამიანს საცხოვრებლად ორჯერ გამოუყენებია, პირველ ზედა პალეოლითში (ძველი ქვის ხანა), 30-40 ათასი წლის წინათ და მეორედ - ქვა სპილენძის ხანაში, 7 ათასი წლის წინათ. აღნიშნული ძეგლების ზედა პალეოლითურ (ძველი ქვის ხანის) ფენებში აღმოჩნდა მატერიალური კულტურის ნიშნები. მიკვლეული ნაშთების შესწავლის საფუძველზე დადგინდა იმდროინდელი ფლორა, ფაუნა და კლიმატური პირობები, როგორც განათხარი მასალით დადგინდა, ადამიანი დიდ ადგილს უთმობდა სარიტუალო ცერემონიალს უკვე ჩასახულია და ვითარდება ხელოვნება და რელიგია.

თეთრ მღვიმეში ნაპოვნი იქნა კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 ათასწლეულით თარიღდება.

წყალტუბოს მხარეში ქვის ხანის კიდევ მრავალი ნამოსახლარი იქნა მიკვლეული (ხომული ქვაბა, ფაცრისთვის, ზედა ქვილიშორის, შავგორას და საქაჯიას მღვიმეები). მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ნასოფლარ მელოურის აღმოჩენებმა. აქ გაითხარა ღია ტიპის მრავალფენიანი ნამოსახლარი, რომლითაც დადგინდა, რომ აქ ადამიანს უცხოვრია, როგორც ძველი ქვის ხანაში (აშელი, უსტიე). ისე ახალი ქვის ხანაში (ადრე ნეოლითი). ამდენად ჩანს, რომ ამ მხარეში უძველესი ისტორიის ორი საფეხურიდან (აშელი) მოყოლებული, დღემდე ცხოვრება არ შეწყვეტილა.

ზემოთ აღწერილ უძველეს ნამოსახლარებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წყალტუბოს ექსპედიცია 1974 წლიდან იკვლევდა. მოპოვებული მასალები, კამერალური დამუშავებისა და მეცნიერულ მიმოქცევაში შესვლის შემდგომ წყალუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ბარდებოდა. 1986 წლიდან გათხრები გრძელდებოდა სოფელ ყუმისთავში მდებარე საწურბლიას ეხში. 1987 წელს წყალტუბოს ტერიტორიაზე კიდევ ახალი აღმოჩენები მოხდა. სახელდობრ, სოფელ მუხიანში გამოვლინდა ანტიკური ხანის სამაროვანი, ხოლო ქვედა მაღლაკში წინა ანტიკური ხანის ვრცელი ნამოსახლარი. სამწუხაროდ არასათანადო ყუდაღების გამო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს ორივე ძეგლი ზიანდება. ქვესამარხების არსებობა მუხიანში ორ ადგილზეა დაფიქსირებული. სამწუხაროდ, აქაც,პირველ სამარაოვანზე შვიდი სამარხი ე.წ. მოყვარულების მიერ უნებართვოდ არის „გათხრილი". ამოღებული მასალის ერთი ნაწილი სხვადასხვა დროს ბათუმის, ქუთაისისა და წყალტუბოს მუზეუმებში მოხვედრილა, ნაწილი კი დღემდე გაბნეულია.

წყალტუბოს დაბლობ ნაწილში იქ სადაც რადონული წყლები ამოდის გაშენებული იქნა კურორტის პარკი და სააბაზანო კომპლექსები. ხოლო სასტუმროები და სანატორიუმები განლაგებული იქნა პარკის ირგვლივ მდებარე ბორცვებზე. პარკის ტერიტორიაზე მოედინება მდინარე წყალტუბოსწყალი.  ჰაერის მაღალმა ტენიანობამ და თბილმა კლიმატმა (წყალტუბო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თბილი წერტილია) განაპირობა წყალტუბოს ტერიტორიაზე მრავალფეროვანი მცენარეული ლანდშაფტის გაშენება, პარკის ტერიტორიაზე 150-ზე მეტი ჯიშის მარადმწვანე თუ ფოთოლმცვენი ხეა გაშენებული. ასევე მრავლად გვხვდება ტროპიკული თუ სუბტროპიკული მცენარეები. ქალაქს გარს აკრავს ჩაის პლანტაციები, რაც წყალტუბოს განსაკუთრებულ იერს ანიჭებს.

ძველად პარკის ტერიტორიაზე მიედინებოდა მდინარე “წყალტუბო”, რომლის სათავეზე 1993 წელს შეიქმნა ე. წ. ჰიდროგეოლოგიური ნაგებობა -წყალსაცავი ხელოვნური ტბა.

ხელოვნურმა წყალსაცავმა სახელწოდება “ცივი ტბა” შეიძინა და დამსვენებელთა საყვარელ ადგილად იქცა.

დღესდღეობით ცივი ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტირებულია, აქ მოეწყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, 2 აუზით, ღია და დახურული კაფით. მალე, ისევე როგორც ადრე, ტბაზე შესაძლებელი იქნება ნავებით გასეირნება.

ქალაქ წყალტუბოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქ წყალტუბოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1969 წელს დაარსდა,  მუზეუმში დაცულია წყალტუბოს რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური მასალა პალეოლითის ხანიდან გვიაფეოდალური ხანის ჩათვლით – ბრინჯაოს ხანის კერამიკის, სპილენძის, რკინის ექსპონატები, ნუმიზმატიკური კოლექცია, ეთნოგრაფიული მასალა (შრომისა და საბრძოლო იარაღები, ტანსაცმელი, საოჯახო ინვენტარი: ავეჯი, მუსიკალური საკრავები, ჭურჭელი, საეკლესიო საგანძური – ფერწერული და ჭედური ხატები, ჰიმნოგრაფიული და ლიტურგიკული, ჰომოლეტიკური ხასიატის საეკლესიო წიგნები, სამღვდელმსახურო ჭურჭელი და სხვა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კიდევ სამი მუზეუმია: მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი - სოფელ ჩუნეშში, გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი - სოფელ დერჩში და ჯარისკაცის სახლ-მუზეუმი - სოფელ ოფშკვითში.

წყალტუბოს აქვს მუზეუმი და თეატრი. ქალაქში არის ასევე ბიბლიოთეკა და ხელოვნების სკოლა.

სიახლეები

არქივი