საქართველოს ისტორიული ქალაქები ლოგო

ფოთი

ფოთი საპორტო თვითმმართველი ქალაქია მდებარეობს სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში, კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონისა და შავი ზღვის შესართავთან. ქალაქს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა.  ქალაქის ტერიტორია შეადგენს 69 კვ. კმ-ს, მოსახლეობა - 47149 ადამიანს. საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია. 

ქალაქი ზღვის დონიდან საშუალოდ 0.8-2 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ფოთისათვის დამახასიათებელია ვაკე რელიეფი. ქალაქის ტერიტორიის მიწები განეკუთვნება ქვიშა და ქვიშნარ ნიადაგებს. დაბალი ჰიფსომეტრიული დონე, ნიადაგ-გრუნტის წყლის სიახლოვე ზედაპირთან განაპირობებს დაჭაობების პროცესს, ფოთი და მისი შემოგარენი მელიორაციულ - ეკოლოგიური თვალთახედვით რთული რეგიონია. ეს სირთულე მისი კლიმატური პირობებითა და რელიეფური ფაქტორებითაა განპირობებული. 

ფოთის ფლორა და ფაუნა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ხოლო კოლხეთის დაბლობი ბოტანიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობები.

ფოთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საქართველოს,  ასევე რეგიონის ეკონომიკაში. ფოთის ნავსადგურის ტერიტორია 29,7 ჰა-ს მოიცავს. იგი ჯერ კიდევ 19 საუკუნეში განვითარდა კასპიის ზღვაში ნავთობის მრეწველობის განვითარებასთან ერთად. მრეწველობის განვითარებას უკავშირდება სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც ფოთი-თბილისის მიმართულებით, რომელიც 1872 წელს  ამოქმედდა. დღეისატვის ფოთს შავი ზღვის ერთ ერთი ნიშვნელოვანი ნავსადგურია და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელპვანი კვანძია. 2008 წლიდან ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოწეყო. 

ხელსაყრელი გეოგრაფიული  ადგილმდებარეობა, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სატრანზიტო გზები, ნავსადგურის და აეროპორტის არსებობა, გასაღების ბაზართან სიახლოვე, ადამიანური რესურსი, ნედლეულის წყაროებთან სიახლოვე, სამრეწველო პოტენციალი, ტერიტორიული რესურსი, ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, სარეკრეაციო ზონის განვითარების შესაძლებლობა-ეს ყველაფერი წარმოადგენს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელისშემწყობ პირობებს და დადებით მხარეებს.  

ქალაქი ფოთი საქართველოს ერთ ერთი უძველესი სანავსადგურო ქალაქია. სწორედ მის ტერიტორიაზე, მეცნიერები მოისაზრებენ ისტორიული კოლხეთის ქალაქის ფაზისის არსებობა, რომელიც შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. ფაზისი მოხსენიებულია ჩვ. წ. აღრიცხვამდე მე-7 საუკუნის წყაროებში. ითვლება, რომ ეს დასახლება დაარსეს ბერძენმა კოლონიზატორებმა. ფაზისის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილი არ არის.

ქ. ფაზისი ევროპა-აზიის საზღვაო-სახმელეთო სავაჭრო გზის ერთ-ერთი პუნქტი იყო. ქ.ფოთში, პალიასტომზე „ნატეხების“ ნამოსახლარზე  შავიზღვისპირეთის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილიქნა ამფორათა ფრაგმენტები, ფსკერზე დადასტურდა ნალექი მასა, რომელიც შეიცავს ნავთობ პროდუქტების ნახევრად მყარ ასფალტ-ფისოვან ნარჩენებს. ფეოდალურ ხანაში ქალაქი ფოთი (ფაზისი) კვლავ ინარჩუნებდა დიდი სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობას, რასაც ადასტურებს ბიზანტიური წყაროები და არქეოლოგიური მონაპოვრები. ამავე ხანაში იგი ასევე იყო მთელ ბიზანტიურ სამყაროში კარგად ცნობილი დიდი კულტურული ცენტრი.


ქალაქი ფაზისი  ფოთად ოფიციალურ   ისტორიულ ლიტერატურაში პირველად მოხსენებულია მე-8 საუკუნეში.


თურქებმა ფოთი 1578 წელს დაიპყრეს და აქ ციხე ააშენეს. აქედან მოყოლებული, მცირე ინტერვალებით, თურქები თითქმის ორნახევარ საუკუნის განმავლობაში ბატონობდნენ ფოთში. საქართველოს მაშინდელი მესვეურნი არაერთხელ ეცადნენ თურქი დამპრობლებისაგან ქალაქის განთავისუფლებას, ფოთის ციხის გათავისუფლება ვერ შეძლეს ვერც გენერალმა ტოტლებენმა (1770წ.), ვერც სუხოტინმა (1771წ.).  მარცხიანი ლაშქრობის მიუხედავად, ფოთის განთავისუფლების მცდელობა შემდეგშიც არ შეწყვეტილა. 1809 წელს  ფოთისათვის განახლებულ ბრძოლაში რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ძალებმა რომელსაც გენერალი დ. ორბელიანი სარდლობდა, 2 ნოემბერს ფოთის მახლობლად, მდ. მალთაყვასთან, სოფელ გრიგოლეთში გამართულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს თურქებზე. 15 ნოემბერს კი განთავისუფლებულ იქნა ქ. ფოთი. ეს ერთობლივი ბრძოლით მოპოვებული დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ წარმატება დროებითი აღმოჩნდა. გართულებული საერთაშირისო მდგომარეობის გამო, რუსეთმა 1812 წელს ბუქარესტში დადებული ზავის თანახმად თურქებს კვლავ დაუთმო ქალაქი.

ფოთი თურქებისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა 1828 წელს, რაც 1829 წელს ადრიანოპოლის ზავით ოფიციალურად იქნა დადასტურებული.


1828 წელსვე, ნიკოლოზ პირველის დავალებით, გზათა მინისტრმა ფოთში ნავსადგურის მოსაწყობად გამოგზავნა ინჟინერ-კაპიტანი ჩადაევი, ხოლო 1831 წელს გენერალ-მაიორი პოტიე, რომელმაც ჩადაევთან ერთად ჩატარებული კვლევა-ძიების საფუძველზე შეადგინა ფოთში ნავსადგურის აგების პროექტი. 1832 წელს ბარონმა როზენმა რედუტ-კალედან (ყულევი) ფოთში გადმოიტანა სახელმწიფო და საბაჟო დაწესებულებები. აქ გადმოსახლდნენ რედუტ-კალეს მკვიდრნი და ნავსადგურის მოსაწყობად დაიწყო წინასწარი მოსამზადებელი მუშაობა.        
 
1836 წელს, სამეგრელოს მმართველმა, გენერალ-ლეიტენანტმა, თავადმა ლევან დადიანმა სახელმწიფო ხაზინას უსასყიდლოდ დაუთმო ფოთის ირგვლივ მდებარე მიწის მნიშვნელოვანი  მასივი  აქ ქალაქისა და ნავსადგურის მშენებლობისათვის. 1837 წელს, ცუდი კლიმატური პირობების მომიზეზებისა და სახსრების უქონლობის გამო მშენებლობა შეწყდა. ფოთი ისევ დაცარიელდა. მოსახლეობამ რედუტ-კალეს მიაშურა, რომლის მშენებლობას იმ პერიოდში მეტი ყურადღება მიექცა. 1853-1856 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს რედუტ-კალეს ოკუპაციამ და მისმა გადაწვამ დააჩქარა ნავსადგურის რედუტ-კალედან ფოთში გადმოტანა. 1855 წელს ნავსადგური სამხედრო გარნიზონითა და მოსამსახურე პერსონალით ფოთს დაუბრუნდა. მეფისნაცვალმა კავკასიაში - თავადმა ბარიატინსკიმ ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებისათვის საჭიროდ სცნო მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნა და ფოთის ქალაქად გამოცხადება. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 1857 წელს შეიქმნა განსაკუთრებული კომისია პოლკოვნიკ ივანოვის თავმჯდომარეობით. 1858 წლის 18 ნოემბერს იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა დებულება „სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახელებისა და მმართველობის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1859 წლის 1 იანვრიდან. ამ დებულებით განისაზღვრა ქალაქის დასახლების წესი და მმართველობის სისტემა. ქალაქის დასახლებისას უპირატესობა ენიჭებოდა სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლებს, ხოლო მის ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ თავისუფალი წოდების წარმომადგენლები.                                                                                                                                                      


ვაჭრები, რომლებიც ფოთში გადმოსახლდებოდნენ რუსეთის შიდა გუბერნიებიდან, ინარჩუნებდნენ პირად წოდებას მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი სამი წლის განმავლობაში შეიძენდნენ ან ააგებდნენ საკუთარი სახსრებით უძრავ ქონებას-სახლს, მაღაზიას, ფარდულს, აგრეთვე, საზღვაო და სამდინარო მცურავ საშუალებებს, რომელთა ღირებულება უნდა ყოფილიყო: მესამე გილდიის ვაჭრისათვის არაუმცირეს 2000 მანეთისა, მეორე გილდიის ვაჭრისათვის-არაუმცირეს 7500 მანეთისა და პირველი გილდიის ვაჭრისათვის, არაუმცირეს 15000 მანეთისა ვერცხლით. ქალაქის შემოსავლების წყაროდ მიჩნეულ იქნა ნავსადგურში შემოსული და ნავსადგურიდან გასული გემებისათვის დაწესებული გადასახადი, ალკოჰოლურ სასმელებზე დაწესებული აქციზების 20 პროცენტი და იმპორტით შემოზიდულ საქონელზე საბაჟო 5-პროცენტიანი გადასახადით შემოსული თანხები. ამ გზით შემოსული თანხების ძირითადი ნაწილი გამოიყენებოდა ადგილობრივი მმართველობის დაფინანსებისათვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი თანხები ხმარდებოდა საქალაქო მეურნეობის მოწესრიგებას და ქალაქისათვის აუცილებებლი ახალი დაწესებულებების გახსნასა და შენახვას.                        
                                 
       საქალაქო დებულებით ქალაქის მმართველობა ეკისრებოდა სამხედრო პირს, შტაბის ოფიცერს, რომელიც ემორჩილებოდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს და იწოდებოდა „ქ. ფოთის უფროსად“. ქალაქის უფროსთან ერთად მმართველობაში გათვალისწინებული იყო ერთი პოლიციის კომისარი, ორი მწერალი, ერთი თარჯიმანი და ორი თავისუფალი დაქირავებული დაბალი სამხედრო მოხელე. სულ 7 საშტატო ერთეული. იმავე საქალაქო მმართველობის დებულებით დაფუძნებულ იქნა „საქალაქო რატუშა“. მისი შემადგენლობა განისაზღვრებოდა ბურგომისტრით (უხელფასო), ორი სასამართლო მოხელით, ერთი მდივნით, მისი მოადგილით და ორი მწერლით. სასამართლო მოხელეებს, რატუშის მდივანსა და მის მოადგილეს ნიშნავდა საქალაქო გუბერნატორი, მწერლებს კი ქალაქის უფროსი. რატუშის უფლებებში შედიოდა ყველა სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმის მოწესრიგება. კონტრაქტების წარმოება, მინდობილობების, ვექსილების და ყველა სახის დოკუმენტების დამოწმება და საქალაქო მეურნეობის ხელმძღვანელობა. რატუშის სხდომებს საზოგადოებრივი და საქალაქო მეურნეობის საკითხების განხილვისას ხელმძღვანელობდა ქალაქის უფროსი.                                            
სანავსადგურო ქ. ფოთის დასახელებისა და მმართველობის გათვალისწინებული შტატებიდან საწყის ეტაპზე შემოღებულ იქნა ქალაქის უფროსის, რატუშის მდივნის, პოლიციის კომისრის, ორი მწერლისა და ორი დაბალი სასამართლო მოხელის თანამდებობები. თანაც, პოლიციის კომისრის მოვალეობის შესრულება ეკისრებოდა ქალაქის რატუშის მდივანს.                                                                                                                                                                                      
1859 წლის მარტიდან ფოთის უფროსად დაინიშნა, რედუტ-კალეს სამხედრო შტაბის ოფიცერი, პირველი რანგის კაპიტანი კიტაევი. მასვე დაეკისრა, 1859 წლის 3 ივნისიდან, კავკასიის არმიის მთავარი შტაბის მომართვის საფუძველზე, ფოთის კაპიტნის მოვალეობის შესრულება.                                                                                                                                                                            

   ფოთის ქალაქად დაფუძნების პირველი დღეებიდანვე დაიწყო მომავალი ქალაქისათვის გათვალისწინებული ტერიტორიის ტყისაგან გაწმენდა და ციხის გარშემო არსებული ჭაობების დაშრობა არხების გაჭრითა და ხელოვნური მოზვინვით. ამის პარალელურად მიმდინარეობდა პოლიციისა და სამხედრო უწყებებისათვის შენობების მშენებლობა, საკარანტინე-საბაჟოსათვის საგუშაგოების მოწყობა, შუქურას, ხის ეკლესიის მშენებლობა და სხვა. ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზის მშენებლობის დაწყებამ კიდევ უფრო დააჩქარა ნავსადგურისა და ქალაქის მშენებლობა, რადგან ფოთი იყო ამიერკავკასიის მაგისტრალური გზის დაბოლოება, საიდანაც შეიძლებოდა ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სამრეწველო ნაწარმის გატანა უმოკლესი გზით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, ფოთი უფრო ახლოს იყო ამიერკავკასიის შიგა რაიონებთან და თავის უახლოეს კონკურენტთან ბათუმთან შედარებით 35-40 ვერსით ამოკლებდა გზას ზღვამდე. ამის გარდა, ფოთისაკენ მოედინებოდა სანაოსნოდ გამოსაყენებელი მდინარეები-რიონი, ხობი, სუფსა, ფოჩორა. ამ მდინარეებით ფოთში შემოდიოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხე-ტყე, ქვა, კირი, აგური და სხვა სახის სამეურნეო ტვირთი. 1882 წლის 8 დეკემბრიდან ფოთში საქალაქო თვითმმართველობა იქნა შემოღებული.  ფოთი  არის საქართველოში რიგით (თბილისისა და ბათუმის შემდეგ) მე-3 ქალაქი, სადაც განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმა. საქალაქო თვითმმართველობის  სათავეებთან იყვნენ ქალაქის პოლიცმეისტერი ლაზარევიჩი, ქალაქის თავი ვახრამოვი, ქალაქის თავი თავდგირიძე. 1894 წელს კი ქალაქის თავად არჩეულ იქნა ნიკო ნიკოლაძე. ფოთის გამოცოცხლება, პორტის რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია და  ქალაქის კეთილმოწყობა, და ქალაქის გენერალური გეგმის შედგენა უკავშირდება  სწორედ მის სახელს. მან ამ პოსტზე 1912 წლამდე იმოღვაწევა.

ურბანულ მემკვიდრეობის თვალსაზრისით განსაკუთრებული ღირებულება აქვს ფოთის ქალაქმშენებლურ სტრუქტურას - ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ნახევარწრიულ-რადიალური, ხოლო რიონის არხის ჩრდილოეთით-მართკუთხა ბადე. ამ ქუჩათა ქსელზე გაშენებული ურბანული ქსოვილი მრავალ არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე შენობას შეიცავს. ფოთის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლებია: ღვთიმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი,  ნიკო ნიკოლაძის კოშკი (აგებულია 1578 წელს ამირბალ კილოჩ ფაშას მიერ სამხედრო დანიშნულებისთვის. აღდგენილია ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით), წმ.ნიკოლოზის სახ.ტაძარი (ნახუტურის ეკლესია), ფოთის შუქურა (1862 წელს ინგლისიდან იქნა ჩამოტანილი), №2 საბავშვო ბიბლიოთეკა, №1 საჯარო სკოლა (ყოფილი ქალთა გიმნაზია), №2 საჯარო სკოლა (ვაჟთა გიმნაზია), კოლხური კულტურის მუზეუმი, ქალთა კონსულტაციის შენობა, სტომატოლოგიური კლინიკა, ყოფილი ტელევიზიის შენობა, ყოფილი უშიშროების შენობა და ფოთის შუქურა.




ყველაზე უძველესი ისტორიული ელემენტი ეგრედწოდებული ნიკოლაძის კოშკია. 1578-79 წწ დამპყრობმა ოსმალებმა აქ დიდი  ციხე სიმაგერე ააგეს, რომლის გალავნის კედლის მცირე ფრაგმენტი და ერთ-ერთი კოშკია შემორჩენილი.   ისტორიულ კოშკის არსებულ ორ სართულს ნ. ნიკოლაძემ დააშენა კიდევ ორი სართული სადაც, ერთ სართულზე მისი სამუშო კაბინეტი იყო მოწყობილი ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია ისტორიული საათი. კოშკის გალავანზე დაშენებულია ერთი სართული სადაც ნ.ნიკოლაძის მისაღები და სასტუმრო ოთახი იყო ,  კოშკის ბოლო სართულზე მოწყობილია სათვალთვალო ტერასა. დღეისათვის ისტორიული კოშკი მოითხოვს შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.




     ქალაქის პირველი გენერალური გეგმა შედგენილ იქნა 1901 წელს ქალაქის თავის ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით, მისივე ძალისხმევის შედეგად პროექტი რეალიზებულ იქნა და წარმოგვიდგება დღევანდელი ფოთის გეგმარებითი სტრუქტურის სახით.ქალაქი ძირითადად დაგეგმილია  მდ.რიონის ქალაქში შემავალ შტოზე ცენტრალური სხივური გეგმარებით, ცენტრში ისტორიული კოშკისა და საკათედრო ტაძართან შემავალი თორმეტი ცენტრალური სხივური ქუჩით, ხოლო კუნძულის უბანს მართკუთხა სწორხაზოვანი გეგმარებით.





ქალაქის  ისტორიულ ნაწილში მდებარეობს საკათედრო ტაძარი, რომელიც ნ. ნიკოლაძის პერიოდში მე-20   (1907 წ) საუკუნის  დასაწყისში იქნა აშენებული და  1912 წლამდე გურია-სამეგრელოს ეპარქიის  საკათედრალური ტაძარი იყო. 1933-1936 წწ  კომუნისტურმა რეჟიმმა შეცვალა ტაძრის იერსახე კერძოდ მოშალა   აღმოსავლეთი  ნაწილი -საკურთხეველი. შენობაში  2004 წლამდე განთავსებული იყო  ვ. გუნიას სახელობის  დრამატული თეატრი. დღეისათვის საკათედრო ტაძარი აღდგენილია თავდაპირველი ფუნქციით და იერსახით.




       ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს არქიტექტურულად გამორჩეული შენობა, სადაც განთავსებულია ბავშვთა ბიბლიოთეკა, რომელიც ნიკოლაძის პერიოდში არის აშენებული. აღნიშნული შენობა პირვანდელი სახით არის შემორჩენილი.




        აღსანიშნავია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წმ. გიორგის ქუჩაზე მდებარე აგურის ქალთა კონსულტაციის ორსართულიანი შენობა, რომელიც აშენებული9ა მე-19 საუკუნის ბოლოს (1898 წ). შენობა პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. 





        ქალაქის ცენტრში რუსთაველის რკალზე მდებარეობს ნიკოლაძის პერიოდში აშენებული ყოფილი  რესტორან ”ოდეონის ” შენობა, სადაც  მეორე სართულზე განთავსებული იყო განათლების განყოფილება, ასევე აღსანიშნავია აღმაშენებლის ქუჩაზე  მდებარე ყოფილი ტელევიზიის შენობა, რომლის მხოლოდ ქუჩისპირა მაღალი მხატვრული ღირებულების  ფასადია შემორჩენილი.




აღმაშენებლის ქუჩაზე და რუსთაველის რკალზე მრავლადაა მე-20 საუკუნის დასაწყისის (ე.წ. სტალინის  პერიოდი)   ორი და სამ სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც აყალიბებენ ქალაქის ურბანული ქსოვილის ძირითად ღერძებს.




       ქალაქ ფოთის მეოცე საუკუნის არქიტექტურული მემკვიდრეობის გამორჩეული მაგალითებია ასევე ყოფ. საქსტანდარტის შენობა მშვიდობის ქუჩა N4-ში, ყოფ. სასტუმრო აიეტი მშვიდობის ქუჩაზე, გეოლოგების სანატორიუმი მალთაყვაში, წყალსათხილამურო ბაზა მალთაყვაში, ავტოსადგური რეკვავას ქუჩაზე, ყოფ. სავაჭროცენტრი ეგრისი რეკვავას ქუჩაზე, საზღვაო ვაგზალი და სხვ.

 ფოთის აღმოსავლეთით 15-20 კმ-ის იქით, მდინარეებს რიონსა და ხობს შორის, აღმოჩენილია გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ეპოქის ადამიანთა ნამოსახლარები (ნამარნუ, ძიგური, ნოსირი, საკირე, ცივა, ანაკლია, ეკი, სენაკი, ერგეტა, ურეკი და სხვა). გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ეპოქაში მეცნიერ-გეოგრაფია მონაცემებით შავი ზღვის დონე დაწეული იყო რამდენიმე მეტრით. ამ ეპოქაში, ზღვის დონის დადაბლების შედეგად დაშრა რიონის დაბლობი ჭაობები და ლაგუნები, რის გამოც შედარებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ადამიანის ცხოვრებისათვის, ამის შედეგად წარმოიქმნა გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ნამოსახლარები. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილია ძვ.წ. მე-6 და შემდგომი საუკუნეების უცხოური კერამიკის ფრაგმენტებიც ურეკსა და ყულევის შუა ზღვისპირზე.

დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი არქეოლოგიური მონაცემები პალიასტომის ტბის დას. ნაწილში თიხა-ტორფიან ფენებში დადასტურდა. აქ აღმოჩნდა ძვ.წ. მე-4 ს-ის ანტიკური შავლაქიანი ჭურჭლის ქუსლი და ამფორის ძირი (ძვ.წ. მე-3 ს.). ფოთის მიდამოებში აღმოჩნდა ძვ.წ. მე-5 ს-ის კოლხური თეთრის 2 ცალი დიდრაქმა. პირველი მაისის ქუჩაზე გეოლოგიური ბურღვის შედეგად, 6 მ-ის სიღრმეზე აღმოჩნდა სინოპურის მსგავსი ძვ.წ. მე-2-1 სს-თა კერამიკის ნაშთები.

პალიასტომის ტბის ფსკერზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სოფლური დასახლება, ტბის სამხრეთ ნაწილში კაპარჭინას ბოლოში, ადგილ „ნაეკლესიარზე“ აღმოჩნდა რიყის ქვებით ნაგები კედელის ნაშთები. ტბის დასავლეთ ნაწილში, მალთაყვასთან, დადასტურდა მე-3-4 სს-თა ნამოსახლარის ნაშთები. არქეოლოგიური კვლევით გაირკვა, რომ პალიასტომის ტბაში პუნქტ „ნატეხებში“ ძველი ნამოსახლარია და მისი ნაშთები 900 კვ.მ-ზე ვრცელდება.

ქალაქში არსებული მწვანე საფარი ძირითადად წარმოდგენილია ქალაქის ცენტრალური პარკის, მალთაყვის ტყე-პარკის, გამწვანების ზოლების , სკვერების და ქუჩების გამწვანების სახით.


კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთით, საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში - კოლხეთის დაბლობზე. ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის, ნაბადასა და იმნათის ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინარეების - ხობისწყლისა და რიონის კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია.


ეროვნული პარკის სახმელეთო ნაწილის ფართობი 28571 ჰა არის, ხოლო ზღვის აკვატორიისა - 15742 ჰა.

ფოთის ნავსადგური საქართველოს პირველი ნავსადგურია შავ ზღვაზე, მდინარე რიონის შესართავთან, ის 1889-1905 წლებში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შენდებოდა. ფოთის ნავსადგური ერთ-ერთ მთავარ კვანძს წარმოადგენს ტრასეკასა და სატრანზიტო დერეფნისათვის, რომელიც მოკლე გზით აკავშირებს ევროპას კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. თავისი გეოგრაფიული და ეკონომიკური თვალსაზრისით ის ძალიან ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს.


ნავსადგური განლაგებულია ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის დელტაში ჩრდილოეთ ტოტსა და ნარიონალს შორის, ნაწილობრივ ნაბადის და კუნძულის მიკრორაიონების ტერიტორიაზე. ის მოიცავს 49 ჰა ფართობს.


რიონის შესართავთან ნავსადგურის მშენებლობის აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ამახვილებდნენ ყურადღებას. 1804 წელს კი ფოთის პორტის მშენებლობის შესახებ საუბარი ოფიციალურად დაიწყო. 1828-1829 წლებში სპეციალისტები რიონის შესართავთან არსებული მიდამოების გამოკვლევას შეუდგნენ. სამხედრო ინჟინერმა ჩადაევმა, შემდეგ კი გენერალ-მაიორმა პოტიემ შეადგინეს ფოთის ნავსადგურისა და შავიდან კასპიის ზღვამდე სამდინარო მიმოსვლის პირველი პროექტები, ხოლო 1860-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა ნავსადგურის მშენებლობის საქმეს სამხედრო ინჟინრის ნ. შავროვის პროექტით. 1858 წელს ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა და სწორედ ამ დროიდან იწყება გარკვეული სამუშაოები ნავსადგურისა და შიდა აუზის შესაქმნელად. სამუშაოებს მაშინდელი სამხედრო სამინისტრო აწარმოებდა.


1889 წელს ფოთის ნავსადგურის მშენებლობის ახალი ეტაპი იწყება. პროექტი სამხედრო სამინისტროდან გზათა მიმოსვლის სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. ამავე წლის ოქტომბერში პოლკოვნიკმა მეიერმა ფოთის ნავსადგურის გადაკეთებისა და გაფართოების ახალი, გაშლილი პროექტი წარადგინა, ხოლო მოგვიანებით ნავსადგურის მოწყობის განსხვავებული გეგმა კომერციული ნავსადგურების მომწყობი კომისიის უფროსმა ინჟინერმა, პროფესორმა ნ. ვოზნესენსკიმ შეიმუშავა. სწორედ ვოზნესენსკისეული პროექტის ხორცშესხმასა და პრაქტიკულად განხორციელებას შეუდგა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწენიკო ნიკოლაძე.


1899 წელს მისი ძალისხმევით აღნიშნული პროექტი საბოლოოდ დამტკიცდა და დაიწყო მშენებლობა. ასევე ნიკოლაძის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1901 წელს დაიწყო ნავსადგურის ძირითადი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც1905-1907 წლებში დასრულდა. თუმცა ნიკოლაძის დროიდან მოყოლებული ნავსადგურის რეკონსტრუქცია დღემდე გრძელდება.


ფოთის ნავსადგური მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ამჟამად ნავსადგურის მფლობელობაში არის ტვირთის ტრანსპორტირების კომპლექსი, რომელიც 14 ნავმისადგომისგან შედგება და 2650 მეტრი სიგრძისაა. 11 ნავმისადგომი აღჭურვილია 6-40 ტონაზე გათვლილი პორტატული ამწეებით. ტვირთის ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები მორგებულია ყველანაირი ტვირთის და თხევადი პროდუქტის გადასაზიდად. ტვირთბრუნვა ფოთის პორტში მუდმივად იზრდება. 7 ტერმინალი გრძელვადიანი იჯარით არის გაცემული. ხოლო მე-15 ნავმისადგომი ფოთის საპორტო ელევატორს ეკუთვნის (რომელიც გაჩერებულია).


ფოთის პორტი უკავშირდება ილიჩევსკის (უკრაინა), ვარნის (ბულგარეთი) და კავკაზი (რუსეთი) პორტებს პირდაპირი საბორნე სარკინიგზო ხაზით და ნოვოროსიისკს (რუსეთი), ბურგასს (ბულგარეთი) და რიზეს (თურქეთი) პორტებს პირდაპირი საავტომობილო საბორნე გადასასვლელებით და უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთბრუნვას.


ფოთის საზღვაო ნავსადგურის ექსტენსიური განვითარების გეგმა გლობალურ პროექტებს ითვალისწინებს. დაგეგმილიამდინარე რიონის გადაკეტვა და ახალი აკვატორიის შექმნა. ნავსადგურის სამხრეთ მოლოს რეაბილიტაციისათვის ჰოლანდიის მთავრობის, ევროგაერთიანებისა და შავი ზღვის ბანკის მიერ გამოყოფილია თანხა — 26 მლნ. ევრო გრანტის სახით. აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა ნავსადგურის ექსტენსიური განვითარების ზონაში ქარის გენერატორების დასამონტაჟებლად.

დღეს ნავსადგური აღჭურვილია ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკით და შეესაბამება ევროპის სტანდარტებს. აქ ფუნქციონირებს ღია და დახურული სასაწყობე მურნეობები, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის გზები, გამანაწილებელი ქვესადგური და სხვა ინფრასტრუქტურული დამხმარე ნაგებობები.


გააჩნია რვა გადამტვირთავი კომპლექსი, რომლებიც განთავსებულია „ჩრდილოეთ ნავსადგურისა“ და „შიდა აუზის“ 15 ნავმისადგომზე, ასევე ფუნქციონირებს სამგზავრო კომპლექსი და ნავსადგურის ფლოტისა და თევზჭერის ფლოტის ნავმისადგომები. ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქვს ყველა პირობა, რათა დააკმაყოფილოს კლიენტების სხვადასხვა მოთხოვნები ტვირთებთან და მგზავრობასთან დაკავშირებით.


2003 წლის 26 აგვისტოს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ მიიღო ახალი ვერსიის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის „ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2000“ (გემების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა, ტვირთების შენახვა, ნავსადგურში გემების მომსახურება, გემის ეკიპაჟისა და ნავსადგურში მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა). საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად 2006 წლის 3 ოქტომბერს გაიცა ახალი სერტიფიკატი №06.438026. ISO სერტიფიკატთან ერთად ნავსადგურს გადაეცა შესაბამისობის სერტიფიკატი IQNET (მსოფლიოში აღიარებული სასერტიფიკაციო ქსელი), რაც აამაღლებს ფოთის ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას და განამტკიცებს მის მდგომარეობას საერთაშორისო ბაზარზე. ნავსადგური ყოველ ექვს თვეში, გარე საინსპექციო შემოწმების დროს, ადასტურებს სერტიფიკატის მოთხოვნების შესაბამისობას. სტანდარტს გააჩნია შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორები: იმ მომხმარებლის მოთხოვნათა დაკმაყოფილება, რომლებიც ითხოვენ აღნიშნულ სტანდარტს; ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, პრესტიჟის, იმიჯის და კომპანიის ღირებულების ამაღლება; კონკურენტუნარიანობა შიდა და გარე ბაზრებზე.


ფოთის ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული არქიტექტურის ძეგლებია ასევე ყოფ. ავტობუსების გარაჟი მშვიდობის ქუჩაზე, ყოფ. ქარხანა ელექტროაპარატი რ. ქორქიას ქუჩაზე, ყოფ. პურკომბინატი რეკვავას ქუჩაზე, წყალსატუმბი სადგური მშვიდობის ქუჩაზე, წისქვილკომბინატი ვ. გეგიძის ქუჩაზე, ყოფ. ჰიდრომექანიზმების ქარხანა ხობის ქუჩაზე, წყალმარეგულირებელი ნაგებობა N1 მე-7 კ., წყალმარეგულირებელი ნაგებობა N2 მე-7 კ., სატელევიზიო ანძა მე-7 კ., სარკინიგზო ხიდი მდ.რიონზე. ამ ნაგებობების აშენების თარიღი მე-20 ს-ის 40-60-იან წლებს მიეკუთვნება.

ფოთის არამატერიალური მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა. 

ამჟამად ფოთში ფუნქციონირებს კოლხური კულტურის მუზეუმი, სადაც განთავსებულია ძვ.კოლხეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილი გვიან-ბრინჯაოს ხანისა და რკინის მეტალურგიის განვითარების ამსახველი არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს ძვ. წ.III-II ათას. წ. და ახ. წ. VI-VIIსს. მუზეუმში განთავსებულია ქრისტიანული სარიტუალო ექსპონატები, ხატები და წმინდა წიგნები.


            კოლხური კულტურის მუზეუმში დაცული მასალებისაგან საყურადღებოა ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთები, საქალაქო თვითმმართველობის ოქმები და დოკუმენტები.

ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოთის კოლხეთის კულტურის მუზეუმი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მრავალი სხვა დაწესებულება.  ქალაქში ასევე მოქმედებს ფოთისა და ხობის ეპარქია.

სიახლეები

არქივი