საქართველოს ახლანდელ ტერიტორიაზე, ხანგრლივი ისტორიული განვითარების შედეგად დაახლოებით 80 პატარა და საშუალო ზომის ქალაქია. ამ ქალაქების უმრავლესობაში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდის არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები, ისტორიული ქუჩების ქსელი, დამახასიათებელი ფონური განაშენიანება, სილუეტი და ლანდშაფტი. ამ ქალაქების შესწავლა და სწორი რეაბილიტაცია არის ახალი და ძალიან აქტუალური ამოცანა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ქალაქების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის.
1990-იანი წლების ბოლოდან ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის, შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა გაწეული ურბანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია-შეფასების და მართვის ინსტრუმენტების შექმნის მხრივ. ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებულ და დანერგილ მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით დამუშავდა მართვის თანამედროვე კომპლექსური ინსტრუმენტების, დაფარვითი ინვენტარიზაციის, ისტორიულ კულტურული საყრდენი გეგმის კონცეფციები, რაც წარმატებით განხორციელდა თბილისისა და ბათუმის ისტორიული უბნებისთვის 2005-2006 წლებში.
2009 წლიდან ფოკუსი უკვე პატარა ან საშუალო სიდიდის ისტორიული ქალაქებზე კეთდება - ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის ცნობადი კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, თუმცა ფლობს უზარმაზარ პოტენციალს და, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელია სწორედ კულტურული მემკვიდრეობა გახდეს მათი სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი სტიმული.
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული საპილოტე პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ისტორიულ ქალაქებში“ (2010-2011) მცირე და საშუალო სიდიდის ისტორიული ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ინოვაციური ინსტრუმენტების შემუშავებას ისახავდა მიზნად. პროექტის ფარგლებში მოხდა 10 საპილოტე ქალაქის შერჩევა, რამაც ხელი შეუწყო ისტორიული ქალაქების ქსელის იდეის ჩამოყალიბებას და ქალაქებს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის პირველი დეკლარაციის ხელმოწერას (31.10.2011). პროექტის ფარგლებში გამართულმა სამუშაო შეხვედრებმა და წვრთნებმა გამოააშკარავა ქალაქებში არსებული მსგავსი პრობლემები და გამოწვევები და წარმოაჩინა ადგილობრივი თვითმმართველობების უნარების გაძლიერების გადაუდებელი საჭიროებები.
ამ გამოწვევების საპასუხოდ, 2013 წლიდან მცირე ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესების და ადგილობრივი თვით-მმართველობების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით საფუძველი ჩაეყარა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მრავალწლიან თანამშრომლობას ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან. 2013 წელს განახლდა თანამშრომლობის მემორანდუმი ისტორიულ ქალაქებს, სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის. 2013-2016 წლებში სხვადასხვა ისტორიული ქალაქების მასპინძლობით, სააგენტოს დახმარებითა და ნორვეგიელი პარნიორების დაფინანსებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების სერია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის და ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მისი როლის გაცნობიერებას ისახავდა მიზნად.
სემინარების/კონფერენციების ორგანიზებისას პრიორიტეტად დასახულ იქნა ღონისძიებების სხვადასხვა მცირე ქალაქებში ჩატარება, რაც საშუალებას იძლეოდა მათ შესახებ ცნობადობის ამაღლებას, სამეცნიერო-კულუტურული ფოკუსის გააქტიურებას.
თვითეული სენიმარი სრულიად განსხვავებულ თემას მიეძღვნა, როგორიცაა ადგილობრივი თემის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალაქების მარკეტინგი და შემოქმედებითი ინდუსტრიები, არამატერიალური მემკვიდრეობა, სივრცითი დაგეგმვა, ინდუსტრიული მემკვიდრეობა და ა.შ. სემინარებზე წარმოდგენილი იყო როგორც ნორვეგიული გამოცდილება, ასევე საქართველოში არსებული წარმატებული მაგალითები და პრობლემური თემები: თელავში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ბატონის ციხის კონსერვაციის გეგმა, ფოთში - ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, ჭიათურაში - ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთი-ს ინდუსტრიული წრედის კვლევა, რაც ასეთი ტიპის პირველი კვლევაა საქართველოში. ქალაქში გასვლა და პრობლემური ადგილების ადგილზე განხილვა რეგულარულად ხორციელდებოდა შეხვედრების დროს.
2013-2016 წლებში გამართულ ღონისძიებებს 270-მდე ადამიანი დაესწრო. მათი უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის და კულტურის, ასევე ინფრასტრუქტურის, სივრცითი დაგეგმვის, განათლებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, კულტურის სამინისტროებიდან და ა.შ. ასევე, იმ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მსგავსი თემებით დაინტერესებულები არიან, მათ შორის, მსოფლიო ბანკი, და ევროპის საბჭო. რაც მნიშვნელოვანია, სემინარებში აქტიურად მონაწილეობნენ სტუდენტები სხვადასხვა უნივერსტეტებიდან.
პროექტის ფარგლებში 2015 წელს განხორციელდა ერთ სასწავლო ვიზიტი ნორვეგიაში საქართველოს ისტორიული ქალაქების შერჩეული წარმომადგენლებისთვის. ძირითადი თემები მოიცავდა ურბანული მემკვიდრეობის მართვასა და ეროვნულ და ადგილობრივ მმართველობებს შორის პასუხისმგებლობების განაწილებას (შეხვედრები ნორვეგიის კულტურული მეკვიდრეობის დირექტორატთან, დრამენის, კონსბერგის და რუკვანის ადგილობრივ თვით-მმართველობებთან). აქ ჰიპერლინკი ფოტოგალერეაზე
თანამშრომლობის ახალი ეტაპის გეგმები მომზადების პროცესშია. 2017 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და ნორვეგიელი პარტნიორები ახალ საინტერესო პროგრამას წარუდგენენ საქართველოს მცირე და საშუალო ზომის სტორიული ქალაქებს.